გულახდილი რჩევები - კვირის პალიტრა

გულახდილი რჩევები

დღეს საქართველოში ყველგან მხოლოდ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაზე ლაპარაკობენ. ხელისუფლებას აფორიაქება ეტყობა. აშკარაა, რომ ცნობილი ბიზნესმენისთვის რუსეთის აგენტობის დაბრალება და ვიდეოკადრების ჩვენება ხალხზე აღარ იმოქმედებს - ახალი რაღაცაა მოსაფიქრებელი; არც ივანიშვილს აქვს ადვილად შესასრულებელი მისია - მან ხელისუფლების რეიტინგი (რაც დარჩა) უნდა დასცეს!.. ეს საქმე ჩვენ ვითავეთ და ორივე მხარეს დახმარების ხელს გიწვდით რჩევების სახით:

მთავრობას:

1. გამოეყონ ნაციონალურ მოძრაობას დავით კირკიტაძე, კობა ხაბაზი, ელდარ კვერნაძე და ა.შ ინდივიდები და გადავიდნენ ივანიშვილის პარტიაში. ეს - მინუს 7%.

2. გადაეცით მათ I არხი, იმ პირობით, რომ გადაცემები იგივე დარჩება. ესეც - 5%.

3. ივანიშვილის ყველა მომხრეს საჩუქრად დაურიგეთ შავი ჯიპები. - -12%

4. საპატრონოდ გადაეცით საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ოღონდ, იმ პირობით, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს იაშვილი. ესეც - მინიმუმ 10%.

5. აირჩიეთ თბილისის სატრანსპორტო სამსახურის საპატიო უფროსად და მეორე დღესვე, როგორც დაგეგმილი გქონდათ, "მარშრუტკებით" მგზავრობა გახადეთ 1,20 ლარი. 20%-იანი კლება გარანტირებულია.

6. შეეცადეთ, ივანიშვილის წინასაარჩევნო კლიპში იმღერონ "სტეფანემ და სამმა ჯიმ", შესაძლებელია ნინა წკრიალაშვილის დამატებაც. აქაც, სავარაუდოდ, 7-8%-იანი კლება იქნება.

7. ერთი დღით ჭორვილაში ჩამოიყვანეთ პოპვარსკვლავი მადონა და კონცერტზე მხოლოდ ივანიშვილის ახლობლები შეუშვით. ესეც - კიდევ 10%.

8. ლელა კაკულიას გაზეთის უახლოეს ნომერში დააბეჭდვინეთ სტატია სათაურით: "რუსეთის თავზე შავ ღრუბლებს ვხედავ, ხოლო საქართველოს მომავალი პრეზიდენტი მილიარდერი გახდება". - -6%.

9. "პოსტ სკრიპტუმში" თენგო გოგოტიშვილს გააკეთებინეთ სიუჟეტი, თუ რა კარგი კაცია ბატონი ბიძინა. - 3%-დან 5%-მდე კლება გარანტირებულია.

10. გლეხებს დაათესინეთ ჰიბრიდული სიმინდი და პროექტს დაარქვით ,,ბიდზინა".  მერწმუნეთ, მისი რეიტინგი ნულს გაუტოლდება.

რჩევები ბიძინა ივანიშვილს

- რა უნდა გააკეთოს მან ხელისუფლების ისედაც დაცემული რეიტინგის საბოლოოდ განადგურებისთვის:

1. რადაც უნდა დაგიჯდეთ, იყიდეთ "რეალ-ტვ" და მთელ საქართველოში გაუშვით.

2. დააფინანსეთ რომელიმე უცხოური ორგანიზაციის რეიტინგული კვლევა, რომლის მიხედვით ნაცმოძრაობის ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მინისტრები არიან ბაკურ კვეზერელი და კობა სუბელიანი.

3. ყველა ხერხით ეცადეთ, იპოვოთ ადამიანი, ვინც თბილისის საკრებულოში ზის და წერს მიცვალებულის სამი დღის შემდეგ დამარხვის, დენზე ნაგვის მიერთების, ფანჯრების შეცვლისთვის ჯარიმის დაწესების და სხვა მსგავს ბრძნულ კანონებს; წაახალისეთ იგი და თითოეული ასეთი კანონის მოფიქრებისთვის მიეცით ფულადი ჯილდო 5 ათასი დოლარის ოდენობით.

4. დაბეჭდეთ ორ ტომად შევარდნაძის დროინდელი და დღევანდელი ფასები და დაურიგეთ მოსახლეობას უფასოდ.

5. მერიებისა და გუბერნიების წინ გააკეთეთ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ფირმების 2011 წლის მოდელების გამოფენა-გაყიდვა. ნაციონალებს გული ვერ მოუთმენთ და ბიუჯეტის ფულით აუცილებლად შეიძენენ ძვირად ღირებულ მანქანებს.

6. მთავრობის წევრებს შეჰპირდით, რომ მისცემთ ორჯერ იმაზე მეტ ფულს, რამდენსაც თავად გამოიწერენ პრემიების სახით. ნახავთ - თითქმის მთელ ბიუჯეტს ამაში გაფლანგავენ.

7. ზოგიერთ ოპოზიციონერს გადაუხადეთ ფული, რომ იძახონ: "მიშა მაგარია"!