რა ვუყოთ ბიძინას? - კვირის პალიტრა

რა ვუყოთ ბიძინას?

ალბათ, ყველა ხვდება - მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო არხები ბიძინა ივანიშვილზე თითქმის არაფერს ამბობენ,  ხელისუფლება დღე და ღამე სწორედ მისი რეიტინგის დაგდებაზე ფიქრობს.ამას მოწმობს ბოლო კვირაში ბიზნესმენის ბანკსა თუ მის მომხრეებზე განხორციელებული თავდასხმები, თუმცა ეს მის რეიტინგზე დადებითად მოქმედებს. ხელისუფლება ხვდება, რომ რაღაცაა შესაცვლელი, ალბათ, ყოველდღე იმართება თათბირები თემაზე: "რა ვუყოთ ივანიშვილს?" ჩვენ მოვიპოვეთ ერთ-ერთი ასეთი თათბირის ჩანაწერი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თათბირი მიმდინარეობს პატარა ოთახში. მრგვალ მაგიდასთან ოთხი კაცი ზის. ოთახში სამარისებური სიჩუმეა. ყველა ფიქრობს, ერთ-ერთი კი დროგამოშვებით კედელზე დაკიდებულ პრეზიდენტის სურათს ახედავს, ამოიხვნეშებს და ისევ ფიქრს განაგრძობს. ნახევარი საათის შემდეგ ოთხეულიდან პირველი წამოდგება და მოთათბირეებისთვის მწვავე კითხვას სვამს:

- მაშ, ასე, მეგობრებო, რა ვუყოთ ბიძინას?

- ეეჰ, ეს ვიცოდე ახლა და პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრად დამნიშნავს პრეზიდენტი, - ამოიოხრა მეორემ.

- გაანძრიეთ თავები, მოიფიქრეთ რამე, თორემ მიშა, ვანო და მეც წავალთ, თქვენ კი გეტირებათ ყოფა უჩვენოდ! - იყვირა პირველმა.

- რუსეთის აგენტობა რომ ავკიდოთ? - ამოიკნავლა მესამემ. შეკითხვა თითქოს ადეკვატური ჩანდა, თუმცა რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ პირველმა ავტორს ცივი წყალი გადაასხა:

- არ გამოვა, უკვე იმდენს ავკიდეთ, რომ აღარავინ დაგვიჯერებს.

- არ ვამბობდი მე? - თქვა მეოთხემ.

- რას ამბობდი, შეგვახსენე ერთი, - გაბრაზდა პირველი.

- რას და, ნუ მოვაცდენთ ამ რუსეთის აგენტობას ვიღაც კოჭოიასა და ფოტოგრაფებზე, დაგვჭირდება მომავალში უფრო დიდ ხალხზე-მეთქი, მაგრამ არავინ დამიჯერა, - დაასრულა ნაღვლიანად.

- რომელი დიდი კაცი იგულისხმე, ნეტავ, მაშინ? აჰა! შენ იცოდი, ივანიშვილი რომ მოდიოდა პოლიტიკაში და არ თქვი, არა? - თვალები გადააბრიალა პირველმა.

- არა, ბატონო, რა ვიცოდი, უბრალოდ, ინტუიციამ მიკარნახა, - თავი გაიმართლა ბრალდებულმა.

- ჰოდა, მოიკრიბე ახლა ეგ ინტუიცია და მოიფიქრე რამე! - მკვახედ მიუგო თათბირის წამყვანმა.

- ფული რომ მივცეთ? - წამოიძახა მეორემ და სიხარულისგან თვალები აუციმციმდა.

- შენნაირი იდიოტები რომ მყავს გვერდით, იმიტომ ვართ ასეთ დღეში მეც და მიშაც! - დაიღრიალა პირველმა. - რად უნდა ივანიშვილს შენი ფული? სამი საქართველოს ბიუჯეტი აქვს კაცს.

- რა ვიცი, უფროსო, 2008-ში ასე არ დავკერეთ ზოგიერთი ოპოზიციონერი? მაშინ კი გაამართლა და... - საცოდავად თქვა უფროსის ყვირილით შეშინებულმა მეორემ და დაჯდა.

- ჩვენ რომ გვაწყობს, ისეთ ოპოზიციონერებსაც რომ არ იკარებს ახლოს? - თვალები აუწყლიანდა მესამეს. - არადა, რა კარგი იქნებოდა...

- მის გარემოცვაში ვინმე რომ ჩავსვათ და გავიგოთ, რას აპირებს? - ისევ იაქტიურა მეორემ.

დანარჩენებმა ამ იდეაზე გაიცინეს და მილიარდერის ბანკის ყოფილი შეფის სახელი და გვარი ერთხმად წარმოთქვეს...

- ჩანაწერი რომ დავამონტაჟოთ და ტელევიზიით ვაჩვენოთ? - იმედიანი ხმით თქვა მეოთხემ. აზრი არ იყო მთლად ურიგო და დანარჩენებსაც გაუჩნდათ იმედი, მაგრამ...

- ეგ აპარატურა, და საერთოდ, პოლიციის მთელი აღჭურვილობა მაგის ნაყიდი რომაა, არ იცოდით თქვენ, ხომ? არაფერი გამოვა, - ხელი ჩაიქნია პირველმა.

- გასკდა, გასკდა, გასკდა თავი! ვეღარაფერს ვფიქრობ! - თქვა მესამემ.

- წავედი მე! - წამოდგა უცებ მეორე

- სად მიდიხარ? - გაუკვირდა პირველს.

- ჩემოდანი უნდა ჩავალაგო.

- აქ დაეგდე! - იყვირა პირველმა, - მოვიფიქრე, რაც უნდა ვქნათ...

- რა მოიფიქრე? - გამოცოცხლდნენ დანარჩენები.

- რა მოვიფიქრე და, რადგან რუსეთის აგენტობა აღარ ჭრის, ჩვენ დღეიდან გავხდებით პრორუსული, ხოლო ბიძინას ამერიკის აგენტად გამოვაცხადებთ, თანაც ეს ახალია და გაჭრის. ჰა, როგორია? - თვალები უბრწყინავდა პირველს.

- გენიოსი ხართ, შეფ, მაგრამ... მაგით ხალხის სიყვარულს უფრო ხომ არ დაიმსახურებს? - თავი ჩაქინდრა მესამემ.

- აბა, რა ვქნათ?! - იკითხა პირველმა და ოთხივე ისევ ღრმა ფიქრს მიეცა.

ამ დროს ოთახში მდივანი გოგონა შემოვიდა. ხელში ფურცელი ეჭირა, წარწერით: "ბიძინა ივანიშვილისგან". პირველმა ფურცელს დახედა და ხმამაღლა წაიკითხა: "ანეკდოტი. კაცი მოვიდა სახლში გვიან, ნასვამი. სახეზე პომადა უსვია. ცოლი ეუბნება:

- ალბათ, ჩემი დეიდაშვილი შეგხვდა და გაკოცა, ზუსტად ასეთ პომადას ხმარობს.

- კი, ის შემხვდა, - თავი ჩაღუნა ქმარმა. მეორე დღესაც გვიან მოვიდა. ამჯერად ქალის თმა აყრია პალტოზე. ცოლი ეუბნება:

- ჩემი მამიდაშვილი შეგხვდა, როგორც ჩანს, იმას სცვივა თმა.

- კი, შენი მამიდაშვილი იყო, - ისევ დაიმორცხვა ქმარმა. მესამე დღეს ისევ გვიან მოვიდა და ისევ ნასვამი. როცა ტანთ გაიხადა, ქალის საცვალი ეცვა. გაშეშდა ცოლი. ამ დროს მთვრალმა ამოილუღლუღა:

- ე, ქალო, მოიფიქრე რაღაც, თორემ დაგვენგრა ოჯახი..."