თამადა გურიაში - კვირის პალიტრა

თამადა გურიაში

ეს ამბავი შევარდნაძის დროს მოხდა. გურიაში ნათესავის ოჯახში ქორწილში დამპატიჟეს თამადად. მასპინძელმა სტუმრებს  ასე გააცნო ჩემი თავი:

- მეგობრებო, ეს კაცი ჩემს ქორწილშიც თამადა იყო და დღეს მინდა, ჩემი შვილის ქორწილში გვითამადოს. ღმერთმა ქნას, ჩემი შვილიშვილის ქორწილშიც იგივე მისია იკისროს.

მადლობა გადავუხადე და დავიწყე თამადობა. ამ დროს მოვიდა ერთი ახალგაზრდა გურული და ხალხის გასაგონად მეკითხება:

- უკაცრავად, ბიძია, თქვენ შევარდნაძის ხომ არაფერი ხართ?

- არა, ბიძიკო, რატომ მეკითები?

- აბა,  პაწა ჩვენც გვაცალე ამ ოჯახში თამადობა... - ჩაიქირქილა მან.

რა თქმა უნდა, მის სიტყვებს ხარხარი მოჰყვა. მე სერიოზულად გავბრაზდი და ვუთხარი ახალგაზრდას:

- კარგი, ბიძიკო, გადავდგები აბა და სხვამ გააგრძელოს!

უცებ მეორე გურული წამოდგა და ბიჭს მიაძახა:

- ხომ გეუბნებოდი, შე მამაძაღლო, დაანებე თავი-მეთქი, ახლა დაჩოქება რომ მოგვთხოვოს, მერე რაღა ვქნათ!

ქორწილი შეზანზარდა, მეც გამეცინა და თამადობა გავაგრძელე.

ანტონ გეგეშიძე. სამტრედია