რას გააკეთებს პრეზიდენტი - კვირის პალიტრა

რას გააკეთებს პრეზიდენტი

გამარჯობა! მე ერთი უბრალო კაცი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი პრეზიდენტი და მიხარია, როცა გამოდის და თავის გაკეთებულ საქმეებს ჩამოთვლის. ხშირად მესმის მისი კრიტიკა, მაგრამ ერთბაშად ყველაფერს ხომ ვერ გააკეთებს? აგერ, ამ კვირაში ხომ ნახეთ, როგორ ჩამოაწერა გლეხებს ჰიბრიდული სიმინდის ვალები! 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანების დამსაქმებელი მეწარმეც გაათავისუფლა გადასახადებისგან! ჯერ სადა ხართ! იცით, კიდევ რამდენ რამეს გააკეთებს? არ იცით, ხომ? მე ვიცი და ჩამოგითვლით:

მალე გამოვა პრეზიდენტი ტელევიზიით და განაცხადებს: "კაცო, გამაგებინეთ, როგორ ხდება, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს, ჩვენთან კი ბენზინის ფასი იმატებს?! ამას სხვა სუნი უდის და ციხეში წავა ყველა, ვინც ხელოვნურად აძვირებს ამ მეტად საჭირო პროდუქტს". ამის შედეგად საწვავის ფასი გახდება 1.50 ლარი.

ერთ-ერთ მაღალჩინოსანს გაათავისუფლებს თანამდებობიდან და ხორცის ფასი 8 ლარი გახდება!

აიკრძალება გენმოდიფიცირებული და საკვებად უვარგისი სოფლის მეურნეობის პროდუქტების უცხოეთიდან შემოტანა და ქართველ გლეხს მიეცემა საშუალება, აწარმოოს და გაყიდოს ადგილობრივი პროდუქცია.

საჩუქრად დარიგებულ ტრაქტორებს რაიონის გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს წაართმევენ და ხალხს მისცემენ.

თანამდებობის პირი, რომელსაც ხელფასი მაღალი აქვს, მაგრამ პრემიას მაინც გამოიწერს, ავტომატურად გათავისუფლდება თანამდებობიდან, ხოლო გამგეობებისა და მერიების წინ საჯაროდ დაამტვრევენ ბიუჯეტით ნაყიდ "ჯიპებს", რაზეც ბატონი პრეზიდენტი ასეთ კომენტარს გააკეთებს: "მომინდომეს აქ "ჯიპებით" სიარული, ვითომ "ოპელი" არ დადის!"

სამსახურებში ადამიანებს მიიღებენ არა "ნაციონალური მოძრაობის" წევრობის, არამედ პროფესიონალიზმის მიხედვით.

"დამპირდნენ, 80 თეთრს თუ გავხდით სამარშრუტო ტაქსების ფასს, ხალხი კომფორტულად იმგზავრებს, ფეხზე დადგომა აიკრძალება და კონდიციონერი ჩაირთვებაო. მე მატყუებთ?! ვაი, თქვენს პატრონს!” - განაცხადებს აღელვებული პრეზიდენტი და მეორე დღიდან მგზავრობა ისევ 50 თეთრი გახდება.

ძალიან მკაცრად გააკრიტიკებს თბილისის მერს, რის შედეგადაც ტენდერები სამართლიანად ჩატარდება.

აიკრძალება სახელმწიფოს ხარჯით ძვირად ღირებული მომღერლების ჩამოყვანა.

"რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ამ და კიდევ ორი არხის ჟურნალისტებს ქვემძრომებს უწოდებს და დასძენს: "ვის სჭირდება ასეთი ჟურნალისტები?! თქვენ უნდა ირბინოთ და აღმოაჩინოთ ხარვეზები და შეცდომები, სწორედ ესაა დემოკრატიის უმთავრესი მონაპოვარი!"

ერთ დიდ პრობლემასაც უმალ მოაგვარებს ჩემი პრეზიდენტი. სულ სამ სიტყვას იტყვის: "პროკურორი შორს მოსამართლისაგან!"

P.S. ბატონი მიხეილი უმოკლეს ხანში კიდევ ბევრ სიკეთეს გააკეთებს, რისთვისაც მთელმა საქართველომ მადლობა უნდა გადაუხადოს... ბიძინა ივანიშვილს!