"ბურატინოებიღა" გვაკლდა... - კვირის პალიტრა

"ბურატინოებიღა" გვაკლდა...

ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოსურათები, რომლებზეც ჩანს ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ტერიტორია და შეიარაღება.

მათ შორისაა როგორც Т-90A ტიპის ტანკები, ისე ჯავშანტრანსპორტიორები БТР-80 -ები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები 2С3 Акация, ზალპური ცეცხლის "გრადები", საზენიტო Оса. ეს სახეობები რუსული ბაზის შეიარაღებაში რომ იყო, ისედაც ვიცოდით, მაგრამ ჩვენი ყურადღება ერთმა ფოტოსურათმა მიიპყრო.

გადახურულ ბოქსში ერთმანეთის გვერდით სამი მძიმე ცეცხლსატყორცნი სისტემა ТОС-1А

დგას. ამ სისტემებს Буратино-საც ეძახიან და მათ თავიანთი ძალა 2000 წლის მარტში აჩვენეს, როცა ჩეჩნური სოფელი კომსომოლსკოე გადაწვეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში (და შეიძლება - ცხინვალის რეგიონშიც) რუსული "ბურატინოების" გამოჩენა კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტია.

ერთი შეხედვით, ისინი Т-72 ტიპის ტანკის ბაზაზე დამონტაჟებულ "გრადის" პაკეტს წააგავს, თუმცა მსხვრევად-ფუგასური ქობინიანი რაკეტების ნაცვლად, 24 ცალ 220 მმ-იან უმართავ რაკეტას უშვებს, რომელთა თავში თერმობარული ან ცეცხლგამჩენი ქობინები აყენია.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართულ მიწას, სამწუხაროდ, არც რუსული "ტოჩკები" დაჰკლებია და არც "ისკანდერები", მაგრამ მათგან განსხვავებით, "ბურატინო" მაქსიმალურ 6 კმ-ზე 24 რაკეტის თერმობარული ქობინების აფეთქების შედეგად ცეცხლის ალში ხვევს 40 ათას კვადრატულ მეტრს და გადარჩენის შანსს არ უტოვებს ღია ადგილზე (ან თუნდაც სანგარში) მყოფ ადამიანებს.

"ბურატინო" ოფიციალურად აკრძალული არ არის, მაგრამ თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით ის არაჰუმანურ იარაღს უახლოვდება.

მისი ერთ-ერთი ნაკლი ის არის, რომ რაკეტების სროლის მაქსიმალური მანძილი 6 კმ-ს არ აღემატება, რაც მოწინააღმდეგე მხარეს საშუალებას აძლევს, კონტრსაარტილერიო ცეცხლი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნებიდანაც გახსნას, რომ არაფერი ვთქვათ 122 მმ-იან ჰაუბიცებზე.