ახალი სპეკულაციები ანტისარაკეტო თემაზე - კვირის პალიტრა

ახალი სპეკულაციები ანტისარაკეტო თემაზე

საქართველოსა და უკრაინაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტები არ განთავსდება, თუმცა ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები გაგრძელდება

დღე არ გავა, რომ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის შექმნაზე ახალ-ახალი სენსაციური ინფორმაცია არ გავრცელდეს.ბოლოს ეს უკრაინასთან დაკავშირებით მოხდა - მსოფლიოს მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს მორიგი სენსაცია, თითქოს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრ გერშბოუს ეთქვას, ამერიკული რადარების განთავსების პოტენციურ ადგილებში უკრაინაც იგულისხმებაო.

მართალია, მეორე დღესვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს უარყო, მაგრამ მორიგი სკანდალი უკვე ატყდა - რუსეთი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო მისი საზღვრების მოშორებით, ჩეხეთსა და პოლონეთში, ამერიკული რადარისა და ანტირაკეტების განთავსებისა, როგორ დასთანხმდებოდა ცხვირწინ, უკრაინაში (რომელიც რუს ველიკოდერჟავებს ჯერ კიდევ დიდი რუსეთის ნაწილად მიაჩნიათ), ამერიკელების გამოჩენას?! ეს ინფორმაცია ასევე ოფიციალურად უარყო უკრაინის პრეზიდენტმა იუშჩენკომაც. ჩანს, არც უკრაინელებს უნდათ კრემლის სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდება, თანაც მანამდე, სანამ ამერიკელები მართლაც სერიოზულად დაინტერესებულან ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების უკრაინაში განთავსებით.

ყოველივე ამის ფონზე ძალზე უცნაურად ისმის საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი დიდმოხელის განცხადებები, არსებობს შანსი, საქართველოში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების განთავსებისა და ეს უთუოდ კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისო.

ამავე თემაზე კამათს აგრძელებენ ხელისუფლების კონტროლირებადი ქართული ტელეარხებიც, რომლებსაც საზოგადოებაში სურთ შექმნან აზრი, თითქოს ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის რადარის ან ანტირაკეტების ქართულ მიწაზე განთავსება გადაარჩენს საქართველოს.

სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა. ჯერ NATO-ში არ შევსულვართ და ამდენმა ყვირილმა და პიარმა უკვე მოიტანა უარყოფითი შედეგი. ერთ-ერთია რუსეთის აგრესიის მთავარი ფარული მიზანი - საქართველო არასდიდებით არ შევუშვათ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიო...

დღეს იმის აქტიური პროპაგანდა, რომ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების საქართველოში განთავსება თითქმის გადარჩენის ტოლფასია, არც მართალია და შეიძლება ანტიქართულ საქმესაც აკეთებს ორი ძირითადი მიზეზის გამო:

პირველი - ასეთი პროპაგანდა (თანაც მაშინ, როდესაც თვით ამერიკელებსაც არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება) კიდევ უფრო აღიზიანებს ჩვენს მთავარ პოლიტიკურ და სამხედრო მოწინააღმდეგეს - რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას. ისევე, როგორც NATO-ში შესვლა-არშესვლის თემის შემთხვევაში, ამჯერადაც კრემლი ყველა ღონეს იხმარს (როგორც დიპლომატიურ ფრონტზე, ისე სპეცსამსახურების გამოყენებით), რომ ეს არასდიდებით არ დაუშვას; ამასთან, მოსკოვს მუქარის კიდევ ერთი საბაბი მიეცემა - თუ აშშ ანტირაკეტებს ან ლოკატორებს საქართველოში განათავსებს ამ ქვეყანას ჩემს რაკეტებს დავუმიზნებო (თითქოს გვაკლდეს ეს "ბედნიერება"!). ანუ ისევე მოიქცევა, როგორც პოლონეთსა და ჩეხეთს მოექცა - ამ სახელმწიფოებს "ისკანდერების" დამიზნებით დაემუქრა.

მეორე მიზეზი, რის გამოც საკამათო შეიძლება იყოს ამერიკული ანტისარაკეტო კომპონენტების საქართველოში განთავსების მიზანშეწონილება, დაკავშირებულია ირანთან. თეთრი სახლი არ მალავს, რომ მისი ანტისარაკეტო სისტემა ძირითადად ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და მათი ქობინების გასანადგურებლად შენდება.

ირანს კი ამ ეტაპზე მხოლოდ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები (მათ შორის "შაჰაბ-3" ტიპისა) აქვს, რომლებიც მაქსიმალურ, 2000 კმ-ზე მიფრინავენ. ეს რაკეტები, რა თქმა უნდა, ჩრდილო ამერიკის კონტინენტს ვერ მიაღწევენ, სამაგიეროდ, მათი მოქმედების არეალში, ისრაელის გარდა, სამხრეთი კავკასია, მათ შორის საქართველოც ხვდება. რა გგონიათ, თუკი ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის რომელიმე კომპონენტი - რადარი ან ანტირაკეტების სასტარტო პოზიცია სადმე დედოფლისწყაროსთან ან გურჯაანთან განათავსეს, ირანის სამხედრო მეთაურობა მათ მიზანში არ ამოიღებს?!

ამიტომაც ვიდრე ჩვენი ხელისუფლება სხვა, თუნდაც მეგობრად მიჩნეულ ქვეყანას ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის თემაზე ქართულ მიწას შესთავაზებდეს, სერიოზული დაფიქრება და ყველაფრის აწონ-დაწონა მართებს.

ვფიქრობ, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა ორი პატარა სამხედრო ბაზის შექმნა ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში, სადაც ამერიკელები განათავსებდნენ "პეტრიოტის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დივიზიონებს. "პეტრიოტის" ახალ მოდიფიკაციას ირანულ ბალისტიკურ რაკეტებთანაც შეეძლებოდა მეტ-ნაკლებად წარმატებით ბრძოლა და რუსულ ბომბდამშენებსაც დედას უტირებდა...

მაგრამ სხვა თუ არაფერი, ჩვენ ხომ კარგად ვიცით - ამერიკელები რუსეთს საქართველოს გამო ასე ხელაღებით არ დაუპირისპირდებიან - ჩვენი გულისთვის მესამე მსოფლიო ომს არავინ დაიწყებს და არც არის საჭირო.

თუმცა მეორე მხრივ, მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა შეაჩერა პოლონეთში ათი ცალი ანტირაკეტის განთავსება, ამ ქვეყანას პენტაგონმა სწორედ "პეტრიოტების" საზენიტო ბატარეების განთავსება შესთავაზა, რაც პოლონელებისთვის უფრო მომგებიანიცაა...

P.S. უკრაინაში საბჭოთა პერიოდიდან განთავსებულია სევასტოპოლისა და მუკაჩევოს ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორები, რომლებიც, ისევე როგორც აზერბაიჯანის გაბალის რადიოლოკატორი, განკუთვნილი იყვნენ ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენისთვის. 2008 წლის თებერვლამდე სევასტოპოლისა და მუკაჩევოს რადარებს იჯარით ამუშავებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უკრაინის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ ეს რადიოლოკაციური სადგურები გამოყენებული იქნას ევროპული უსაფრთხოების ერთიან სისტემაში. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ამ რადიოლოკაციური სადგურების ერთობლივი ექსპლუატაციით ამერიკელებიც დაინტერესდნენ.