იალბუზზე ბაზა, ახალი БТР-ები კი - ცხინვალში.. - კვირის პალიტრა

იალბუზზე ბაზა, ახალი БТР-ები კი - ცხინვალში..

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მიბაძვით რუსები იალბუზთან მსგავსი სამხედრო ბაზის შექმნას აპირებენ...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ სამხედრო ოლქში პირველი დასავლური ტიპის სამხედრო ბაზის შექმნას გეგმავს, სადაც მებრძოლები სამთო მომზადებას გაივლიან.

რუსმა სამხედროებმა შეისწავლეს სამთო მომზადების ცენტრები გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიასა და საბერძნეთში და სურთ, ყაბარდო-ბალყარეთში, იალბუზის მთის ძირას, სოფელი ტერსკოლთან შექმნან NAТO-ს სტანდარტების შესაბამისი სამთო მომზადების ცენტრი. აქ მოამზადებენ იმ სამხედროებს, რომლებსაც ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის მთაგორიანი რელიეფის პირობებში უწევთ და მოუწევთ საბრძოლო მოქმედებების წარმოება.

რუსეთის გენერალიტეტში აღიარებენ, რომ კავკასიის რეგიონში სამთო მომზადების თანამედროვე ცენტრი მხოლოდ საქართველოს აქვს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სახით.

1991 წელს მე-16 სამთო ბატალიონად ჩამოყალიბებული ეს სამხედრო დანაყოფი 2006 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლად გადაკეთდა, სადაც სპეციალური მომზადება რიგი ქვეყნების, მათ შორის - ბალტიისპირეთის, უკრაინის, სომხეთის ოფიცრებმა გაიარეს.

2010 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას NAТO-ს PfP-ის (პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამა) მომზადებისა და განათლების ცენტრის სტატუსი მიენიჭა, რაც საჩხერელებს საშუალებას აძლევს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მებრძოლებიც მოამზადონ ავღანეთის მთაგორიან რელიეფზე საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად.

შეძლებენ თუ არა რუსი სამხედროები იალბუზის ძირში სამთო მომზადების თანამედროვე დასავლური დონის ცენტრის შექმნას, ახლო მომავალი გვიჩვენებს (ტერსკოლის მოსახლეობა მათი სოფლის ტერიტორიაზე ასეთი ცენტრის განთავსების წინააღმდეგია, მიმდებარე ადგილები კი ზვავსაშიშ ზონაშია), მაგრამ ახალი ჯავშანტრანსპორტიორები სამხრეთ სამხედრო ოლქში უკვე შემოჰყავთ.

ჩეჩნეთში, ხანკალის სამხედრო ბაზაზე უკვე ჩამოტვირთეს ახალი БТР-82 А ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ისინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც გამოჩნდებიან, მით უმეტეს, რომ აფხაზეთში დისლოცირებულ მე-7 რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე ასეთი შეიარაღება უკვე შეამჩნიეს.

ახალი БТР-82 А ჯავშანკორპუსით კარგად ნაცნობ БТР-80-ს წააგავს, მაგრამ 300 ცხ.ძ-მდე გაძლიერებული ერთი დიზელის ძრავა უყენია და უფრო ძლიერი შეიარაღებით არის აღჭურვილი. ახალ კოშკურაზე დისტანციურად მართვადი 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი და 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევია დამონტაჟებული, რამაც БТР-82 А-ს საბრძოლო ეფექტურობა БТР-80-თან შედარებით ორჯერ გაზარდა, თუმცა მთავარი სიახლე ის არის, რომ БТР-82 А-ს შეიარაღება ორ სივრცეშია სტაბილიზებული, რაც მის ეკიპაჟს საშუალებას აძლევს, ჯავშანტრანსპორტიორის შეუჩერებლად ზუსტად ისროლოს როგორც ქვემეხიდან, ისე ტყვიამფრქვევიდან.