ნატო-ში ავღანეთიდან ვერ "შევალთ"... - კვირის პალიტრა

ნატო-ში ავღანეთიდან ვერ "შევალთ"...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულობას დააკვირდება, ანუ ჩიკაგოს სამიტზეც MAP-ის გარეშე დავრჩებით?

თბილისში საქართველო-NATO-ს კომისიის სხდომის გამართვამდე ორი კვირით ადრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენთვის საინტერესო და ყურადსაღები განცხადება გააკეთა:

- ალიანსის ხელმძღვანელობა დააკვირდება, როგორ ჩაივლის უახლოესი არჩევნები საქართველოში და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყნის NATO-ში გაწევრების შესახებ.

გასაგებია, რომ ალიანსის სპეცწარმომადგენელი NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ნებართვის გარეშე ასეთ განცხადებას ვერ გააკეთებდა, რაც თავად რასმუსენმაც დაადასტურა, როცა 9-10 ნოემბერს თბილისში იგივე განაცხადა:

- 2012-13 წლების არჩევნები იქნება საქართველოში დემოკრატიის გამოცდა და ველით, რომ აუცილებელ რეფორმებს დავინახავთ...

უფრო ზუსტად NATO-ს ხელმძღვანელობა პასუხს ვერ გაგვცემდა იმ ძირითად კითხვაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს: ბოლოს და ბოლოს, როდის მიიღებს NAთO საქართველოს თავის რიგებში...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააწბილა ხელისუფლების ის იდეოლოგები, რომლებიც დღემდე გვიმტკიცებდნენ, რაც უფრო მეტ ქართველ სამხედროს გავგზავნით ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, მით უფრო მალე მიგვიღებს NATO თავის რიგებშიო.

რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა:

- ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს წვლილსა და NATO-ში მის გაწევრებას შორის პირდაპირი კავშირი არ არის, ეს ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ არის სხვა მოთხოვნებიც, რომლებიც შესრულებული და დაკმაყოფილებული უნდა იქნეს, ვიდრე  NATO-ში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილებას მივიღებთ.

სიმართლე რომ ითქვას, ბოლო წლებში NATO-ს წევრი ევროპის ბევრი ისეთი ქვეყანა გახდა, სადაც ჩვენზე არანაკლებ ირღვევა დემოკრატიის პრინციპები, მაგრამ ალიანსში მათი გაწევრების კატეგორიული წინააღმდეგი არ ყოფილა ზესახელმწიფოს იმიჯის მოსაპოვებლად მებრძოლი, ბირთვული იარაღის მქონე რუსეთის ფედერაცია.

რასმუსენმა თბილისში ისიც განაცხადა, კრემლის პოლიტიკას არ უკავშირდება ის, რომ საქართველო დღემდე NATO-ს წევრი არ არისო, თუმცა თავისი წინა განცხადებებისგან განსხვავებით, NATO-ს გენერალური მდივანი ამჯერად ნახევრად სიმართლეს ამბობს, რადგან ერთ-ერთი ძირითადი სწორედ რუსეთის ფაქტორია, რის გამოც  NATO თავის რიგებში საქართველოს სრულფასოვან წევრად მიღებას ვერ ბედავს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), მით უმეტეს - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

რამდენიმე დღის წინ ევროპაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს რუსეთთან ომში არ ჩაითრევს.

ამავე დღეებში პოლონური საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არ დამალა:

- 2012 წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს...

რა გამოდის? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტი ისევ პუტინი გახდება და მისი ქართველი კოლეგა თითქმის დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის ისედაც "გაყინული ომის" მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება თუნდაც მათი უკიდურესად დაძაბული პირადი ურთიერთობის გამო.

ბაქრაძის სიტყვები - საქართველო NATO-ს რუსეთთან ომში არ ჩაითრევსო - თავის გამართლების მცდელობაა, რადგან არათუ ბაქრაძემ, არამედ სააკაშვილმა და თავად NAთO-მაც არ იციან, რას მოიმოქმედებს გაპრეზიდენტებული პუტინი.

ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იჩქარებს და 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს MAP-ს მისცემს? სულაც არა, პირიქით, ალიანსის წევრი წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელები ყურადღებით დააკვირდებიან როგორც პუტინის გაპრეზიდენტებას, ისე 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დიდ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ახალი ანგარიშგასაწევი ფიგურის - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას და იმას, თუ როგორი ხერხებით ეცდება ამჟამინდელი ხელისუფლება, ხელი შეუშალოს ივანიშვილსა და მის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მიღწევაში.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყოველთვის ყურადღებას აქცევდნენ საქართველოს მიღწევებს არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკურ ასპარეზზეც და 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში მომიტინგეთა დარბევა იმ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად იქცა, რის გამოც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველო MAP-ის გარეშე დარჩა, 2008 წლის აგვისტოს ომმა კი NATO-ს კარიბჭეს კიდევ უფრო დაგვაშორა.

2007 წლის 19 ნოემბრის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში "ომი თავიდან უსათუოდ უნდა ავიცილოთ", ვწერდით: "7-მა ნოემბერმა NATO-სკენ მიმავალი საქართველო სერიოზულად შეაფერხა, ახალმა ომმა კი შეიძლება დაღუპოს...

...7 ნოემბრის მოვლენებმა NATO-სკენ მიმავალ გზაზე დიდი ხნით შეგვაფერხა და 2008 წლის გაზაფხულზე NATO-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ჩართვა გაწევრების სამოქმედო გეგმაში (MAP) მეტად საეჭვო ჩანს...

...რუსეთი ყველაფერს გააკეთებს NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შესაფერხებლად, მით უმეტეს, ყველანაირად ეცდება, არ დაუშვას საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება. ვფიქრობთ, კრემლი ამის გაკეთებას შეეცდება საქართველოს ჩათრევით მორიგ შეიარაღებულ კონფლიქტში ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში..."

როგორც ხედავთ, ბუქარესტის სამიტამდე ოთხი და აგვისტოს ომამდე რვა თვით ადრე გაკეთებული პროგნოზი, სამწუხაროდ, გამართლდა - არც ბუქარესტში მოგვცეს MAP-ი და ვერც რუსეთთან ომი ავიცილეთ, რასაც საქართველოს ორი ნაწილის ოკუპაცია მოჰყვა...

ამჯერად ვისურვებდით, ჩვენი ვარაუდი არ გამართლდეს და 2012 წლის მაისში, ჩიკაგოში, NATO-ს მორიგ სამიტზე საქართველოს მართლაც მისცენ MAP-ი, რაც NATO-სთან რეალური დაახლოება იქნება, თუმცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ნოემბერშია დაგეგმილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი კი თითქმის ნახევარი წლით ადრე გაიმართება და რა თქმა უნდა, დასავლეთს არ ეცოდინება, როგორ ჩატარდება ჩვენთან არჩევნები (თუკი ხელისუფლებამ წინასწარი არჩევნები არ ჩაატარა), ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველო NATO-სგან  MAP-ს ვერც 2012 წელს მიიღებს.