ერევანმა ბაქო რაკეტების მულაჟებით "დააშინა" - კვირის პალიტრა

ერევანმა ბაქო რაკეტების მულაჟებით "დააშინა"

ორი თვის წინ, 21 სექტემბერს, ერევნის ცენტრში გაიმართა სომხეთის არმიის აღლუმი, რომელზეც პირველად აჩვენეს რამდენიმე სახის სარაკეტო სისტემა, მათ შორის - საზენიტო-სარაკეტო С-300П-ები, ოპერატიულ-ტაქტიკური 9К72 Эльбрус-ები და Точка У-ები.

მათი დემონსტრირებით ერევანმა ერთგვარი პასუხი გასცა უფრო ადრე ბაქოში გამართულ აღლუმს, რომელზეც აზერბაიჯანის არმიის ძლიერი შეიარაღება, მათ შორის - სარაკეტო კომპლექსები გამოჩნდა.

როგორც "კვირის პალიტრაში" ვწერდით, ნახევარსაუკუნოვანი ოპერატიულ-ტაქტიკური  Эльбрус-ებით (რომელთა ფრენის სიშორე 300კმ-მდეა და სომხეთიდან ბაქომდეც კი სწვდება) სომხებმა აზერბაიჯანელების დაშინება სცადეს, თუმცა ძალზე საეჭვოა, ისინი საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყვნენ, რადგან ძლიერტოქსიკური საწვავი სჭირდებათ და მათი მარაგი სომხეთს აღარ უნდა ჰქონოდა.

KvirisPalitra.Geერევნის აღლუმზე გადაღებული და ინტერნეტით გავრცელებული ფოტოების დათვალიერების შემდეგ სკანდალური ფაქტები გაირკვა - აღლუმზე ჩავლილი ოთხივე Точка У-ის სარაკეტო კომპლექსებზე (რომლებითაც ძალიან ამაყობდა სომხური მხარე, რადგან მანამდე აზერბაიჯანმა ასეთივე შეიარაღება აჩვენა) ნამდვილი რაკეტების ნაცვლად მათი მულაჟები ეწყო!

პირველი ეჭვი მაშინ გაჩნდა, როცა სომხური "ტოჩკების" ჩავლისას შევნიშნეთ, რომ  რაკეტის თავი ოდნავ იყო ამოწეული მანქანის კორპუსიდან, რაკეტის დანარჩენ ნაწილს კი, საჰაერო საჭეების ჩათვლით, კამუფლირებული ბადე ფარავდა. როგორც წესი, აღლუმებზე (მათ შორის - ბაქოში, მოსკოვსა თუ მინსკში) გამოყვანილი "ტოჩკების" რაკეტები საკმაოდ არის წამოწეული მანქანებიდან და მათი თითქმის მთელი კორპუსი ჩანს.

სომხური "ტოჩკების" მაღალხარისხიანი ფოტოების დეტალური ანალიზის შემდეგ ასევე გაირკვა, რომ მანქანებში რაკეტის საბრძოლო ქობინის მექანიკური დაზიანებისგან დამცავ ფუტლარს, თურმე, წითლად შეღებილი რკინის კონუსი ჩამოაცვეს, დანარჩენ ნაწილს კამუფლირებული ბადე  გადააკრეს და ისე გამოიყვანეს აღლუმზე აზერბაიჯანელების (და ვინ იცის, იქნებ ქართველებისაც) დასაშინებლად.

რუსული "ტოჩკების" სიმწარე საქართველომ სამი წლის წინ იწვნია (განსაკუთრებით -  ფოთის მოსახლეობამ) და ჩვენთვის სულერთი არ არის, ვის აქვს ასეთი იარაღი როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საქართველოს საზღვართან; თუმცა სომხური "ტოჩკების" მულაჟების ისტორია, პირველ რიგში, მაინც ოფიციალურ ბაქოს უნდა აინტერესებდეს, რადგან ამ ორ, მწვავედ დაპირისპირებულ, ჩვენს მეზობელს შორის "სარაკეტო ომის" გაჩაღება გამორიცხული არ არის.

P.S. ხელაღებით იმის მტკიცება, რომ სომხეთის არმიას Точка У-ის გასაშვები მობილური დანადგარები რაკეტების გარეშე აქვს, არ შეიძლება, რადგან სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე აღმოვაჩინეთ ვიდეოკადრები, რომლებზეც ყარაბაღში სწავლების დროს ამ ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის სტარტია აღბეჭდილი...