ისრაელი ირანის რადიოლოკატორების "დასაბრმავებლად" ემზადება - კვირის პალიტრა

ისრაელი ირანის რადიოლოკატორების "დასაბრმავებლად" ემზადება

თუკი 2012 წლის გაზაფხულამდე თეირანი ბირთვულ პროგრამას არ შეწყვეტს, აშშ აღარ შეაჩერებს ირანის წინააღმდეგ შემართულ ისრაელს...

ისრაელის მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ქვეყნის ხელისუფლება ერაყიდან აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გაყვანას ელოდება, რათა ირანისკენ გაფრენილ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებს ერაყის საჰაერო სივრცის გადაკვეთისას ამერიკელთა ნაბართვა აღარ დასჭირდეთ.

ამასთან, ისრაელის პრესის მტკიცებით, თეთრმა სახლმა თეირანს ულტიმატუმი წაუყენა  - თუკი ირანი 2012 წლის გაზაფხულამდე არ შეწყვეტს ბირთვულ პროგრამას, აშშ-ის ხელმძღვანელობა მას ისრაელის ატომური დაბომბვისაგან აღარ დაიცავს.

როგორც ჩანს, ისრაელს უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ირანის ბირთვული პროგრამის ძალისმიერი გზით შეჩერება, რათა ოფიციალურმა თეირანმა ვერ შეძლოს ბირთვული მოწყობილობის შექმნა და მისი სერიული წარმოება. ისრაელის სამხედროები განსაკუთრებით უფრთხიან ისეთი მცირეგაბარიტიანი ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოჩენას ირანის შეიარაღებაში, რომლის დამონტაჟება შეიძლება "მიწა-მიწა" კლასის ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელიც ირანიდან ისრაელამდე აღწევს.

სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, ისრაელმა რამდენიმე მილიარდი დოლარი დახარჯა ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ელექტრონული და კიბერნეტიკული იარაღის შესაქმნელად, რომლითაც ირანის რადიოლოკატორების ჩახშობასა და ირანული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "დაბრმავებას" აპირებს.

ამ დღეებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ირანზე ისრაელის თავდასხმა მხოლოდ ორიოდე წლით თუ შეაჩერებს თეირანის ბირთვულ პროგრამას, სამაგიეროდ, უდიდესი დარტყმა მიადგება გლობალურ ეკონომიკას და ეს საჰაერო ოპერაცია ბევრი ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაქს ნაკლებად სჯერა გაეროს მიერ ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების ეფექტურობისა და თვლის, რომ რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ირანს სერიოზულად ეხმარებიან.

ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა დღეს ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება არა მარტო ისრაელის, არამედ აშშ-ისა და ევროპისთვისაც, რადგან ირანზე ისრაელის საჰაერო თავდასხმა ამ ისედაც ფეთქებადსაშიშ რეგიონში შეიძლება ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების მიზეზი გახდეს.