კრემლი საქართველოზე ბირთვულ დარტყმებს არ გამორიცხავს?! - კვირის პალიტრა

კრემლი საქართველოზე ბირთვულ დარტყმებს არ გამორიცხავს?!

მოსკოვი ბირთვულ იარაღს სამ შემთხვევაში გამოიყენებს, რომელთაგან ერთი საქართველოს უკავშირდება...

ბირთვული ომის საშიშროება თითქოს წარსულს ჩაჰბარდა და ზესახელმწიფოები დღეს ერთმანეთს "ბირთვული ხელკეტებით" აღარ აშინებენ, თუმცა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ბოლო გამოსვლამ მთელი მსოფლიო შეაშფოთა.

არმიის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად დასაშვებად მიიჩნია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტაქტიკური ან სულაც, სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოყენება.

"არ გამოვრიცხავთ, რომ ლოკალური და რეგიონული კონფლიქტები მასშტაბურ ომში გადაიზარდოს და რუსეთის დოქტრინის მიხედვით, ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას ვიტოვებთ", - აცხადებს რუსი გენერალი და აზუსტებს, რომ ბირთვულ ღილაკზე თითის დაჭერაზე კრემლი შეიძლება სამ შემთხვევაში დაფიქრდეს.

პირველი შეეხება ირანისა და ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებულ მრავალწლიან დაპირისპირებას, როდესაც ისრაელი და ნაწილობრივ აშშ-ც არ გამორიცხავენ ძალისმიერი მეთოდების, მათ შორის - წერტილოვანი ბირთვული დარტყმების გამოყენებას. ასეთ დროს რუსეთის ბირთვული შეიარაღება მზად იქნება ასამოქმედებლად.

მეორე, არქტიკაში არსებულ ნავთობისა და გაზის უზარმაზარ მარაგზე კონტროლის უფლების მოსაპოვებლად წარმოქმნილ სტრატეგიულ დაპირისპირებას ეხება.

მესამე შემთხვევა, როცა რუსეთის გენშტაბმა შეიძლება სერიოზულად იფიქროს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, საქართველოს გულისხმობს.

რუსეთის გენშტაბის უფროსი, გენერალი მაკაროვი თავის გამოსვლაში აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ბალტიისპირა ქვეყნების ანტირუსულმა პოლიტიკამ შეიძლება სერიოზულად გაართულოს რუსეთისა და NAთO-ს ურთიერთობა და საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც მივიდეს, რომლის დროს კრიტიკულ მომენტში მხარეები არც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იტყვიან უარს.

რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ნათქვამია, რომ თუკი ჩვეულებრივ შეიარაღებულ კონფლიქტში მოწინააღმდეგე საბრძოლო წარმატებას აღწევს, რუსეთი იტოვებს უფლებას, პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

ამასთან, გენშტაბის უფროსმა აღიარა, რომ რუსეთის არმიის დღევანდელი შეიარაღება (კონკრეტულად ისაუბრა N-90 ტიპის ტანკებსა და ჩვტჰხ-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არა მარტო NATO-სა და ისრაელის, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩინეთის შეიარაღებასაც კი; ანუ რუსეთის გენშტაბი ამ ეტაპზევე არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის ამოქმედებას (თუნდაც ძალზე შეზღუდული მასშტაბით), რადგან ეჭვი ეპარება თავისი ჩვეულებრივი შეიარაღების ეფექტურობაში.

წარმოდგენაც არ გვინდა, რომ შეიძლება საქართველო ბირთვული ომის არეალში მოხვდეს, თუმცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც, მის დაწყებამდე, ბევრისთვის არარეალური  იყო.

არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის გენშტაბის უფროსის ამ სკანდალურ განცხადებას სხვა მიზანი ჰქონდეს, კერძოდ, შესაძლოა, რუსეთმა NATO გააფრთხილა, რომ თუკი საქართველოს გამო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და მთლიანად დასავლეთი შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაერთვება, კრემლი არც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იტყვის უარს...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არც 2008 წლის აგვისტოში იკლავდა თავს საქართველოს დახმარებით და ბუნებრივია, რუსეთის გენშტაბის უფროსის მინიშნების შემდეგ მით უფრო არ იჩქარებს თავის რიგებში საქართველოს მიღებას.

თავის მხრივ, რუსეთის გენშტაბის უფროსის მუქარის გაანალიზება ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფალთაც მოუწევთ. ლატვია, ლიტვა და ესტონეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრები არიან, მაგრამ ამ ქვეყნებში ეჭვობენ, რომ რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავისი დებულების მე-5 პარაგრაფის თანახმად, რომელიც ერთ-ერთ წევრზე თავდასხმას მთლიანად NAთO-ზე შეტევად მიიჩნევს, კოლექტიური თავდაცვის საშუალებებს აამოქმედებს...