ამერიკელები გონს მოეგნენ და... - კვირის პალიტრა

ამერიკელები გონს მოეგნენ და...

როგორც 2010 წლის 27 სექტემბერს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში "ქართული არმიის საიდუმლოებებს კრემლს დასავლეთი აწვდიდა..." ვწერდით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2007 წლის დეკემბერში მორატორიუმი გამოაცხადა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების შესრულებაზე და თავის ტერიტორიაზე არ უშვებდა უცხოელ სამხედრო ინსპექტორებს (ვერიფიკატორებს), დასავლეთი აგვისტოს ომამდე და მას შემდეგაც მოსკოვს უპრობლემოდ აწვდიდა ოფიციალურ ინფორმაციას ამ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილების ინსპექტირების შესახებ.

ასეთი ინსპექტირება წელიწადში ორჯერ ტარდება და რუსეთის სამხედრო დაზვერვას სულაც არ სჭირდებოდა ოფლად დაღვრა, რადგან წელიწადში ორჯერ ოფიციალურად იგებდა, სად რომელი ქართული სამხედრო დანაყოფი იყო დისლოცირებული, რა მძიმე შეიარაღება ჰქონდა (საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სამხედრო საზღვაო ფლოტის გარდა, რადგან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება მათ ინსპექტირებას არ ითვალისწინებს) და რა ახალი ტექნიკა შეიძინა აგვისტოს ომის შემდეგ...

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ყოველი ბუჩქის ძირას რუსეთის აგენტს ეძებს, ფაქტობრივად, თავად აწვდიდა ასეთ სამხედრო ინფორმაციას მოწინააღმდეგეს, როცა საერთაშორისო ინსპექტირების შედეგები საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ განთავსდებოდა ერთიან საინფორმაციო ცენტრში, რომელში შესვლაშიც დასავლეთმა რუსეთს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხელი არ შეუშალა...

მხოლოდ გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შეწყვეტს რუსეთისთვის ინფორმაციის მიწოდებას და იმასვე მოელის ევროპელი მოკავშირეებისაგან.

როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუმცა ეს ჩვენთვის მცირე ნუგეშია, რადგან ქართული არმიის შესახებ წელიწადში ორჯერ განახლებულ ოფიციალურ მონაცემებზე მოსკოვს ხელი მაინც მიუწვდება ამავე ხელშეკრულების მონაწილე ბელორუსიისა თუ სომხეთის საშუალებით.

საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუკი დასავლეთი გააქტიურდება და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების 1999 წლის სტამბოლის ადაპტირებული ვარიანტის მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას დაჟინებით მოითხოვს...

თუმცა ამის დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგან NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ამ ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტის რატიფიცირება დღემდე არ მოახდინეს, რუსეთმა კი ეს გააკეთა და კოზირიც უჭირავს - დასავლეთის ნებისმიერი შენიშვნის პასუხად კრემლი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან ჯერ ხელშეკრულების 1999 წლის სტამბოლის ადაპტირებული ვარიანტის რატიფიცირებას მოითხოვს.