45 მილიონი 45 დღისთვის?! - კვირის პალიტრა

45 მილიონი 45 დღისთვის?!

660-მილიონიანი სამხედრო ბიუჯეტი წლის ბოლომდე 45 მლნ ლარით გაიზრდება. რისთვის დასჭირდა თავდაცვის სამინისტროს დამატებით დღეში თითო მილიონი?

საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მეტ-ნაკლებად დაინტერესებულია საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებით, ბოლო დღეებში გაუჩნდა კითხვა: რატომ იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 45 მლნ ლარით მაშინ, როცა წლის ბოლომდე თვეზე ცოტა მეტი დარჩა და ხომ არ არის ამის მიზეზი ახალი საფრთხე?

თავდაცვის სამინისტრო, ტრადიციულად, ჩვენს კითხვებს არ პასუხობს, პარლამენტში მისული ფინანსთა მინისტრი კი ამას ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებით ხსნის.

რა გამოდის? 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებისთვის გამოყოფილი 660 მილიონი საკმარისი არ აღმოჩნდა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და წლის ბოლომდე დარჩენილ 45 დღეში თავდაცვის უწყებას დამატებით 44,6 მლნ ლარს აძლევენ?!

რაკი კითხვებზე პასუხს ვერ ვიღებთ, ბუნებრივია, ჩნდება ვარაუდები: 1) შესაძლოა, რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზებისგან ახალი სერიოზული საფრთხე გველის, ხელისუფლება კი მოსახლეობის ნერვებს უფრთხილდება და საიდუმლოდ ზრდის არმიის ბრძოლისუნარიანობას; 2) ქართული არმია ახალ სუპერშეიარაღებას ყიდულობს და გვიმალავენ; 3) მართლაც იზრდება საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა და 4) უბრალოდ, ქვეყნის მესვეურებმა თავიდანვე არასწორად გათვალეს როგორც სამხედრო, ისე ქვეყნის 2011 წლის ბიუჯეტი, გადახარჯვა მოუვიდათ და სურთ, ახალ წლამდე ყველაფერი "აჟურში" მოიყვანონ...

წლეულს საქართველოს შეიარაღებული ძალების არსენალში მართლაც გამოჩნდა  საარტილერიო სისტემების ახალი პარტია, ოღონდ ის ახალია ქართული არმიისთვის, თორემ საბჭოთა არმიის შეიარაღებაში 41 წლის(!) წინ მიიღეს...

სამხედრო ტექნიკის შესყიდვა რთული და ხანგრძლივი პროცესია და ამიტომაც ძნელი დასაჯერებელია, რომ დამატებით 45 მილიონი სწორედ ამ მიზნით გამოიყო, სავარაუდოდ, ეს თანხა ადრევე გადაირიცხა.

წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულთა რაოდენობაც გაიზარდა. თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის გაზაფხულზე 1269 ახალგაზრდა გაიწვია, ხოლო შემოდგომაზე - 1204; 2011 წლის გაზაფხულზე გაწვეულთა რაოდენობა 3275-მდე გაიზარდა, შემოდგომის გაწვევა კი წლის ბოლომდე გაგრძელდება და შეიარაღებულ ძალებში 4891 ახალწვეულის მიღებაა დაგეგმილი.

თავდაცვის სამინისტროდან გამოსული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გასულ წელთან შედარებით ახალწვეულების რიცხვის თითქმის ოთხჯერ ზრდა  განპირობებულია სამხედრო ბაზებისა და საწყობების გარე პერიმეტრზე დაცვის გაძლიერებით.

მიმდინარე წელს რამდენიმე სარეზერვო შეკრებაც გაიმართა, რასაც, ბუნებრივია, არცთუ მცირე თანხა დასჭირდებოდა. ახლა საუბრობენ ხუთდღიან რეზერვში ნებაყოფლობით წამსვლელთა შეგროვებაზე, თუმცა ძნელი სათქმელია, რა უნდა ისწავლოს რეზერვისტმა ხუთ დღეში.

რჩება შთაბეჭდილება, რომ თავდაცვისთვის დამატებით გამოყოფილი 45 მლნ ლარი სამხედრო უწყებას უკვე ათვისებული აქვს და ახალ წლამდე ერთი თვით ადრე პარლამენტის გადაწყვეტილება როგორც სამხედრო, ისე ქვეყნის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ, მის "გასაპრავებლად" დასჭირდათ.

თავდაცვის სამინისტრო დამატებით მოთხოვნილი 45 მლნ ლარის საჭიროების მუხლობრივ გაშიფვრას, ბუნებრივია, ასაიდუმლოებს (ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ უწყებაში, ისევე, როგორც რიგ სხვა სახელმწიფო უწყებებში, გასაიდუმლოებულია ჩინოვნიკების ხელფასები და პრემიები, ეს კი სწორედ ის არადემოკრატიული ფონია, რაც  NATO-ს კარიბჭის გადალახვაში გვიშლის ხელს), მაგრამ თუკი ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ამის გაგება არ შეიძლება, საპარლამენტო ნდობის ჯგუფი ხომ ვალდებულია, იცოდეს სამხედრო ბიუჯეტის საიდუმლო მუხლები? განა პარლამენტის ნდობის ჯგუფის პასიურობა არ არის იმის საწინდარი, რომ დახურული მუხლების საშუალებით ძალოვან სტრუქტურებში ბიუჯეტი არამიზნობრივად ან უფრო უარესი - დანაშაულებრივად გაიფლანგოს?

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მუდმივად იზრდებოდა და 2008 წელს რეკორდულმა მაჩვენებელმა მთლიანი ხარჯების 23%-სა და მთლიანი შიდა პროდუქტის 8,1%-ს მიაღწია!

ეს მაშინ, როდესაც NATO-ს ხელმძღვანელობა რიგი ქვეყნების ხელისუფალთ ეხვეწება, რომ მათ თავიანთი არმიებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე მაინც დახარჯონ!

გამოდის, რომ თუკი საქართველო თავისი ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 8,1%-ს სამხედრო მიზნებისთვის ხარჯავდა (თანაც აქ არ შედის შსს-ს არანაკლებ შთამბეჭდავი ბიუჯეტი), 2008 წლის აგვისტოს ომისთვის ის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანა ყოფილა.

კომპეტენტური და რაც მთავარია, მიუკერძოებელი კომისიის მრავალთვიანი ინტენსიური მუშაობის საგანი უნდა გახდეს საკითხი - წლების განმავლობაში მიზნობრივად იხარჯებოდა თუ არა სამხედრო ბიუჯეტი, რადგან არსებობს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსების საოკუპაციო ძალების მიერ ქართული არმიის შეიარაღების და აღჭურვილობის ნაწილის  ნაალაფარის სახით წაღების შემდეგ ზოგიერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა და სამხედრო პირმა მშვიდად ამოისუნთქა - ომი ხომ ყველაფერს ჩამოწერს...