თარგამაძე და "ისკანდერი" - კვირის პალიტრა

თარგამაძე და "ისკანდერი"

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მწარედ ცდება, თუ ჰგონია, რომ რუსეთს საქართველოსთვის დამიზნებული "ისკანდერები" აღარ დარჩა...

პარლამენტარი გივი თარგამაძე არათუ ჟურნალისტებთან, არამედ თავის სამუშაო ადგილზე - პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც დიდი ხანია არ უნახავთ. 29 ნოემბერს მან ტელეკამერების წინ განაცხადა, რომ რუსეთი და კერძოდ, დმიტრი მედვედევი გაუგონარ თავხედობას იჩენს, როცა დასავლეთს "ისკანდერებით" ემუქრება.

პარლამენტის წევრი პოლიტიკურ ფიგურად ითვლება და მისი საქმეა, როგორ შეაფასებს მეზობელი და თანაც არამეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას, თუმცა ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა გივი თარგამაძის კომენტარის ერთი ნაწილი, რომელშიც იგი ამბობს: "რამდენადაც ვიცი, ჩვენ რა "ისკანდერებსაც" გვესროდნენ, იმის მეტი რუსეთს არ გააჩნია..."

საქართველოს პარლამენტის წევრის და მით უმეტეს - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ეს განცხადება საქმეში ჩაუხედავ ობივატელს შეიძლება სიმართლე ეგონოს და მწარედაც შეცდება.

როგორც ჩანს, პარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის (წესით, ასეთი უნდა იყოს) თავმჯდომარეს არაფერი სცოდნია იმ რეალური საფრთხის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იგი არ ეცნობა დაზვერვის მონაცემებს, ან უფრო უარესი - თავად დაზვერვაშიც არ იციან, რომ "ისკანდერები" რუსეთს არათუ გაუთავდა, არამედ ამ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით მთლიანად  გადაიარაღდა 26-ე სარაკეტო ბრიგადა... მაგრამ ჯანდაბას ეს ბრიგადა. იგი ქ. ლუგშია (ლენინგრადის ოლქი) დისლოცირებული და რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქს ეკუთვნის. იქიდან საქართველომდე "ისკანდერები", საბედნიეროდ, ვერ მოსწვდება და საფრთხეზე ჯობს იქაურმა მეზობლებმა - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ იფიქრონ, რადგან "ისკანდერების" 500 კმ-იანი მოქმედების ზონაში სწორედ ეს ქვეყნები ხვდება. თუკი რუს მერაკეტეებს 45-ტონიანი "ისკანდერით" "გასეირნება" არ დაეზარებათ და რუსეთ-ლატვიის საზღვარს მიადგებიან, აქედან ისინი 4,6-ტონიან რაკეტას უკვე პოლონეთსაც მიაწვდენენ.

თავი დავანებოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს და დავუბრუნდეთ ჩვენს პრობლემას - 630-ე ცალკეულ სარაკეტო დივიზიონს, რომელიც რუსეთის არმიის მე-60 საბრძოლო გამოყენების ცენტრს ეკუთვნის. პარლამენტარმა გივი თარგამაძემ, ალბათ, არ იცის, რომ სწორედ ამ დივიზიონმა 2005 წლის მარტში "ისკანდერის" პირველი კომპლექსები მიიღო გამოსაცდელად, ხოლო მათი საბრძოლო ნათლობა 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა.

ეს რუსული ცალკეული სარაკეტო დივიზიონი არსად გამქრალა, იგი ისევ შედის რუსეთის სამხრეთის I სამხედრო ოლქში, რომელიც ქართული არმიის ძირითადი სავარაუდო მოწინააღმდეგეა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს რომ მოენდომებინა, ერთ ძალზე საინტერესო ამბავს გაიგებდა - ნოემბრის დასაწყისში სწორედ ზემოხსენებულმა 630-ე ცალკეულმა სარაკეტო დივიზიონმა კაპუსტინ იარის (ასტრახანის ოლქი), პოლიგონზე ოთხდღიანი ტაქტიკური სწავლება ჩაატარა, სადაც "ისკანდერის" რაკეტები წყვილად გაუშვა, ანუ რუსეთს არათუ შემოელია ამ ტიპის რაკეტები, არამედ უკვე ზალპად ისვრის, რადგან ყოველწლიურად 4-6 კომპლექსს იღებს შეიარაღებაში (სულ "ისკანდერის" 120 კომპლექსი უნდა მიიღონ რაკეტების საჭირო მარაგით).

თუმცა პარლამენტარი გივი თარგამაძე იმაში კი მართალია, რომ აცხადებს, ჩვენ რა "ისკანდერებსაც" გვესროდნენ, ისეთი აღარ აქვთო, რადგან კაპუსტინ იარის პოლიგონზე რუსმა მერაკეტეებმა ახალი, უფრო ზუსტი "ისკანდერი" გამოსცადეს. თუკი საქართველოსთვის ნასროლი ორივე "ისკანდერის" დამიზნების სისტემა მხოლოდ ინერციული იყო და ისინი დიდი სიზუსტით არ გამოირჩეოდა, ახალ "ისკანდერზე" დამატებით დაყენებულია ოპტიკური დამიზნების სისტემა (იგი მიზანში მოხვედრამდე ადარებს სამიზნის გამოსახულებას იმ ციფრულ ფოტოსურათს, რომელიც ადრეა გადაღებული კოსმოსიდან და რაკეტის კომპიუტერშია შეტანილი), რომელიც მიზანს 5-7 მ-ით თუ ასცდება.

ოპტიკური დამიზნების სისტემით აღჭურვილი მოდერნიზებული "ისკანდერისთვის" პირდაპირ მისწრებაა კონტრასტული სამიზნეები, როგორებიც არის, მაგალითად, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შემინული კორპუსები (თითქოს ეს არ კმაროდა, გაერთიანებული შტაბის შენობაც რემონტის შემდეგ ისე შემინეს, რომ კონტრასტულ სამიზნეთა სიაში ისიც მოხვდა)...

ამხელა სტატიის დაწერა იმიტომ დაგვჭირდა, რომ გვეთქვა: "ისკანდერებისგან" მომდინარე საფრთხე რეალობად რჩება (ჩრდილო კავკასიიდან სტარტაღებულ "ისკანდერს" თბილისამდე მოსაღწევად სულ რაღაც 100-150 წამი თუ სჭირდება) და თუკი პარლამენტარ გივი თარგამაძისა არ იყოს, საქართველოს ხელისუფლებაში და მით უმეტეს, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებულ შტაბშიც სჯერათ, რომ რუსეთს "ისკანდერები" აღარ დარჩა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე...

თემაზე...

ყველაზე საწყენი კი იცით, რა არის? საქართველოში ჩამოვარდნილი რუსული "ისკანდერების" მართვისა და დამიზნების ელექტრონულ მოწყობილობებში ამერიკული წარმოების ნახევრად გამტარი გიროსკოპები და აქსელერომეტრები აღმოჩნდა, ისევე, როგორც 2007 წელს წითელუბანთან ჩამოვარდნილ რუსულ "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის Х-58У ტიპის რაკეტას ეყენა შვეიცარიული წარმოების ძაბვის გადამყვანები. გასაგებია, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უჭირს და თანამედროვე ელექტრონული სისტემები არა აქვს, რის გამოც დასავლურს ყიდულობს (ან იპარავს), მაგრამ რა დავარქვათ იმას, საქართველოს ტერიტორიას მისი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის წარმოებული ელექტრონული სისტემით მართული რუსული რაკეტა რომ ეცემა?!