ჯარში - ორი წლით? - კვირის პალიტრა

ჯარში - ორი წლით?

გახდება თუ არა ერთწლიანი სამხედრო სავალდებულო სამსახური ორწლიანი?

სამ კვირაში უნდა დამთავრდეს საქართველოს სამხედრო ძალებში 2011 წლის სავალდებულო საშემოდგომო გაწვევა.

შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახური  ჯერჯერობით 12 თვე გრძელდება, თუმცა შეიძლება ეს ვადა ორჯერ გაიზარდოს. ამის დამამტკიცებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს და არც პარლამენტს მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება, მაგრამ ხმები უკვე ვრცელდება.

მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ ასეთი არაოფიციალური ინფორმაცია Gჟონავს უშუალოდ გამგეობების სამხედრო განყოფილებებიდან, რომლებიც უფლებამოსილი არიან, წვევამდელთა სიები შეადგინონ.

ამ განყოფილებათა ზოგიერთი თანამშრომელი ნაცნობებსა და ახლობლებს არაოფიციალურად ატყობინებს, რომ მომავალი წლიდან სავალდებულო სამხედრო  სამსახური ორწლიანი გახდება და ურჩევს, ბიჭები წლის ბოლომდე გაუშვან ჯარში.

ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ოფიციალურ სტრუქტურებში ვცადეთ, მაგრამ  როგორც მოსალოდნელი იყო, პასუხი ვერ მივიღეთ, ერთი რამ  კი გავარკვიეთ - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჯერ არ შესულა კანონის ცვლილების პროექტი, რომელიც ორწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურზე გადასვლას ითვალისწინებს.

პარლამენტის გარეშე ასეთი ცვლილება არ მოხდება, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ, როგორც კანონში ცვლილების შეტანის ორგანიზატორმა, დღეს რომ შეიტანოს ასეთი პროექტი, პარლამენტი მას უდავოდ მეორე დღესვე დაამტკიცებს.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებამ ერთხელ უკვე გაზარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა წელიწად-ნახევრამდე, მაგრამ შემდეგ ისევ ერთ წლამდე შეამცირა, ამიტომ გამორიცხული არაფერია.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც ხმები სამხედრო სამსახურის  ორ წლამდე გაზრდის შესახებ მიზანმიმართულად ვრცელდება, რადგან გამგეობების სამხედრო განყოფილებები წვევამდელთა შეგროვების გეგმას ვერ ასრულებენ.

ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით 2011 წლის საშემოდგომო გაწვევისას გეგმა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. თუკი 2010 წლის საშემოდგომო გაწვევისას თავდაცვის სამინისტროში გასაწვევ 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდათა რაოდენობა პრეზიდენტის ბრძანებულებით 1204-ით განისაზღვრა, 2011 წლის 4 აგვისტოს ბრძანებულება 31 დეკემბრამდე სამხედრო სავალდებულო სამსახურში 7591 მამაკაცის გაწვევას ითვალისწინებს, მათგან 4891 ახალგაზრდა შეიარაღებულ ძალებში იმსახურებს.

2011 წლის საგაზაფხულო გაწვევისას თავდაცვის სამინისტროს კვოტა 3275 იყო, ანუ გამოდის, რომ წლეულს მარტო თავდაცვის სამინისტრომ (არადა გაწვევებს შსს და სასჯელაღსრულების სამინისტრო ახორციელებენ) 8166 ახალგაზრდა უნდა გაიწვიოს. გასულ წელთან შედარებით შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების რაოდენობის თითქმის ოთხჯერ გაზრდის მიზეზი ის არის, რომ თავდაცვის სამინისტრო ლოგისტიკის (ზურგის) დანაყოფებს ძირითადად წვევამდელებით აკომპლექტებს, რითაც კონტრაქტით მომსახურეებზე ხარჯებს ზოგავს.

შესაძლოა, გამგეობის სამხედრო განყოფილებებს მართლაც უჭირთ საჭირო რაოდენობის წვევამდელთა შეგროვება და ამიტომ აშინებენ მათ ახლობლებს ორწლიანი ჯარით, თუმცა ახალი წლიდან სიმართლე უეჭველად გაირკვევა და შეიძლება სამხედრო განყოფილებების წარმომადგენლები მართალნიც კი აღმოჩნდნენ...