ირანმა ამერიკული ზესაიდუმლო უპილოტო თვითმფრინავი ჩაიგდო ხელში - კვირის პალიტრა

ირანმა ამერიკული ზესაიდუმლო უპილოტო თვითმფრინავი ჩაიგდო ხელში

დასრულდა 4 დეკემბერს დაწყებული ბჭობა იმის შესახებ, თეირანმა მართლაც ჩაიგდო თუ არა ხელში ამერიკული ზესაიდუმლო უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატი, სახელად "ყანდაარის მხეცი".

9 დეკემბერს ირანმა მსოფლიოს წარუდგინა RQ-170 Sentinel-ის ტიპის ულტრათანამედროვე უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი, რომლის დაკარგვასაც აშშ-ის ხელისუფლება არ აღიარებდა.

ერაყსა თუ ავღანეთში პენტაგონს არაერთი უპილოტო მზვერავი დაუკარგავს, მაგრამ ამხელა აჟიოტაჟი არ ატეხილა, რადგან "სენტინელი" "სტელსის" ტექნოლოგიით  დამზადებული მსოფლიოში პირველი რეაქტიული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავია.

სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია სპეციალისტთა დიდი გაკვირვება, როდესაც ეს "უხილავი" უპილოტო 2009 წელს ავღანეთში ყანდაარის აეროდრომზე აღმოაჩინეს და ფოტოსურათები გადაუღეს.

რა საჭირო იყო რადიოლოკაციური სისტემების მიერ ძნელად აღმოსაჩენი და უდავოდ ძალიან ძვირი ულტრათანამედროვე აპარატის ავღანეთში ჩატანა, თუკი იქაურ თალიბებს ერთი რადარიც კი არ აქვთ?

მაშინვე გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ "სტელსის" ტექნოლოგიით შექმნილი "სენტინელი" სინამდვილეში გამოიყენება არა თალიბების, არამედ ავღანეთის მეზობელი ქვეყნების - პაკისტანის, ინდოეთისა და ირანის დასაზვერად, რომელთაც მეტ-ნაკლებად განვითარებული აქვთ საჰაერო სივრცის რადიოლოკატორებით კონტროლის სისტემები.

თუკი ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ყანდაარის აეროდრომი მართლაც ახლოა პაკისტანსა და ინდოეთთან, შინდადის სამხედრო-საჰაერო ბაზა ავღანეთის აღმოსავლეთით არის და ირანის საზღვარს მხოლოდ 125 კმ აშორებს. სავარაუდოდ, ამერიკული ზესაიდუმლო უპილოტო RQ-170 Sentinel-ი (რომელსაც "ყანდაარის მხეცსაც" უწოდებდნენ, რადგან პირველად ამ აეროდრომზე შენიშნეს) ჩამოვარდნისას სწორედ შინდადის აეროდრომიდან ახორციელებდა სადაზვერვო ფრენას ირანის საჰაერო სივრცეში.

ეჭვს თითქმის არ იწვევს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო "ყანდაარის მხეცის" საშუალებით ცდილობდა ირანის სარაკეტო ბაზებისა და ატომური ობიექტების აღმოჩენას. ირანელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათმა რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფმა შეძლო ზესაიდუმლო უპილოტოს დისტანციური მართვის სისტემაში შეჭრა და მისი ჩამოგდება, ამერიკელები კი ამტკიცებენ, რომ მათ, უბრალოდ, მართვა დაკარგეს, რის შედეგადაც "სენტინელი" ჩამოვარდა.

სხვათა შორის, თუკი თანამედროვე უპილოტო აპარატის დისტანციური მართვის სისტემა მწყობრიდან გამოდის, ირთვება ავტომატური მართვის სისტემა, რომელიც აფრენის ადგილზე აბრუნებს მას და ავტომატურ რეჟიმში აეროდრომზე სვამს.

"სენტინელის" შემთხვევაში ამ სისტემამ არ იმუშავა, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ირანელთა ვერსია სარწმუნო იყოს და მათ მართლაც შეძლეს ულტრათანამედროვე ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის კიბერშეტევით ჩამოგდება.

როგორც ირკვევა, ყანდაარიდან აფრენილი RQ-170 Sentinel-ი გამოიყენებოდა პაკისტანში, მსოფლიოს #1 ტერორისტის - უსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, როდესაც პაკისტანელების რადიოლოკატორებისგან მალულად ზვერავდა მის ადგილსამყოფელს. ამ სპეცოპერაციის დროს ამერიკელ საზღვაო ქვეითთა სპეცრაზმმა დაკარგა ასევე "სტელსის" ტექნოლოგიით დამზადებული ერთი ზესაიდუმლო სატრანსპორტო შვეულმფრენი. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანელმა სამხედროებმა ამ შვეულმფრენის ნარჩენები გასაცნობად ჩინელ სპეციალისტებს გადასცეს.

ამჟამადაც ამერიკელი სამხედროები ეჭვობენ, რომ მათ ზესაიდუმლო უპილოტოს (რომელმაც მიწაზე დაცემის მიუხედავად მშვენიერი ფორმა შეინარჩუნა) ირანელები რუსებს ან ჩინელებს მიჰყიდიან.

უპილოტოს დაკარგვისთანავე პენტაგონი განიხილავდა სამ საიდუმლო გეგმას: ირანში, "სენტინელის" დაცემის ადგილზე, საშვეულმფრენო დესანტის გადასხმას და ზესაიდუმლო აპარატის ევაკუაციას; დივერსანტების პარაშუტებით გადასხმას, რათა მათ ადგილზე გაენადგურებინათ უპილოტო და მესამე ვარიანტს - ამერიკული ბომბდამშენები შეიჭრებოდნენ ირანის საჰაერო სივრცეში და "სენტინელს" დაბომბავდნენ.

საბოლოოდ თეთრმა სახლმა სამივე ვარიანტზე უარი თქვა, რადგან ირანი ამას აშშ-ის სამხედრო აგრესიად ჩათვლიდა...