უხერგავს თუ არა კრემლი NATO-ს კარს საქართველოს? - კვირის პალიტრა

უხერგავს თუ არა კრემლი NATO-ს კარს საქართველოს?

"NATO-სთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რას ამბობს რუსეთი ალიანსისა და მესამე ქვეყნების ურთიერთობაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე საქართველოს ეხება," - ეს კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა ბრიუსელში, NATO-რუსეთის საბჭოზე, სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ლავროვი გააღიზიანა ალიანსის ოფიციალურმა დოკუმენტმა, რომელშიც საქართველო მოხსენიებულია, როგორც NATO-ს წევრობის კანდიდატი პარტნიორი ქვეყანა. კრემლი თვლის, რომ ამით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნებსით თუ უნებლიეთ უბიძგებს თბილისს, 2008 წლის აგვისტო განმეორდეს.

რუსეთის ეს მუქარანარევი გაფრთხილება შეუშლის თუ არა ხელს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უფრო დაიახლოოს საქართველო? საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე და ალბათ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც ასე არ ფიქრობენ, თუმცა კავშირი რუსეთის უარყოფით პოზიციასა და საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას შორის ნამდვილად არსებობს. ამაზე მეტყველებს რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ერთგვარი გულწრფელობაც, როცა მან ვლადიკავკაზში, თავისი სამხედროების წინაშე გამოსვლისას 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს NATO-ში გაწევრების მთავარ დამაბრკოლებელ მიზეზად მიიჩნია.

როგორც ამას წინათ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც განაცხადა, კრემლის პოლიტიკას არ უკავშირდება ის, რომ საქართველო დღემდე ალიანსის წევრი არ არის, თუმცა  რეალობა საპირისპიროს ამტკიცებს.

სწორედ რუსეთია ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი (საქართველოში დემოკრატიის არარსებობასთან ერთად), რის გამოც დასავლეთი არ ჩქარობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სრულფასოვან წევრად მიღებას.

2012 წლის ჩიკაგოს სამიტამდე ნახევარი წელია დარჩენილი და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს. თუკი ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მშენებლობის გამო კრემლი უფრო დაუპირისპირდა NATO-სა და აშშ-ს, საქართველოს საკითხი კიდევ უფრო ძნელად მოსაგვარებელი გახდება. მოსკოვი ვერ გაბედავს დასავლეთთან ან ბალტიისპირეთთან აშკარა სამხედრო დაპირისპირებას, თუმცა საქართველოს მიმართ ეს არ გაუჭირდება. ასეთ დროს თუკი საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი იქნება, NATO-ს საპასუხო სამხედრო მოქმედებები მოუწევს. ბუნებრივია, დასავლეთში არ სურთ ბირთვულიარაღიან რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება, ამიტომაც სავარაუდოდ, უახლოეს წლებში NATO არ გარისკავს და საქართველოს ალიანსში გაწევრების პროცესს კიდევ უფრო გააჭიანურებს...