აბსურდის თეატრი - სხვებს გამოჰყავთ, ჩვენ კი ჯიუტად ისევ შეგვყავს... - კვირის პალიტრა

აბსურდის თეატრი - სხვებს გამოჰყავთ, ჩვენ კი ჯიუტად ისევ შეგვყავს...

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ავღანეთში  დამატებით ერთი ბატალიონის გაგზავნის შესახებ შეთანხმების მისაღებად მიმართა.

რასაკვირველია, პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობას მიიღებს, თუმცა, რა საჭიროა ავღანეთში დამატებით კიდევ 750 სამხედრო მოსამსახურის  გაგზავნა, როცა იქ ისედაც იმყოფება საქართველოდან წარგზავნილი 925 კაპრალი, სერჟანტი და ოფიცერი?

ამჟამად, ISAF-ის (ავღანეთის უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალები) მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეული (ქაბულის აეროპორტში), არტილერისტ-ინსტრუქტორთა ჯგუფი (საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში) და ერთი ქვეითი ბატალიონი (აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰილმენდის პროვინციაში) იმყოფებიან; კიდევ ორი ქართველი სამხედრო კი თურქების შტაბში მიავლინეს.

დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შემთხვევაში ავღანეთში ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობა 1700-ს მიაღწევს და საქართველოს,  NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება  ISAF-ის მისიაში.

ალბათ, სწორედ ამგვარი პირველობის სურვილი ამოძრავებს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რათა მთელ მსოფლიოს დაანახოს, როგორ გულმოდგინედ ეხმარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

მაგრამ შედეგი? თუკი ხელისუფლების ყველაზე მაღალ ეშელონებში მართლაც სჯერათ, რომ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ზრდით ისინი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას დააჩქარებენ, მწარედ ცდებიან - ამას წინათ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა  NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხომ არაორაზროვნად განაცხადა, ISAF-ის  ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა პირდაპირ არ არის დაკავშირებული თქვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებასთანო.

რასმუსენმა ასევე ბრძანა, რომ NATO დააკვირდება, დემოკრატიულად ჩატარდება თუ არა საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამაზე მეტი რაღა უნდა ეთქვათ - მთავარია, საქართველოში დემოკრატიის განვითარება და არა ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის ზრდა ავღანეთში.

შეიძლება პრეზიდენტისთვის თავმოსაწონი იყოს, რომ ავღანეთში მისი პატარა ქვეყნის ასევე პატარა არმიის სამხედრო კონტინგენტი NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი გახდება, მაგრამ ამ პატარა და ეკონომიკურად გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტისთვის ეს არცთუ მცირე დამატებითი ხარჯებია.

თავად განსაჯეთ - თითოეული სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში ყოველთვიურად საშუალოდ ათას დოლარამდე იღებს (წოდებების მიხედვით მივლინების თანხა 800-დან 2.500 დოლარამდეა), მათვე უნარჩუნდებათ ხელფასი სამშობლოში, რომელსაც ლარებით იღებენ. რა თქმა უნდა, სამხედროებისთვის ეს დამატებითი შემოსავალია (თუმცა ის საფრთხე, რაც მათ ავღანეთში გაჩაღებულ პარტიზანულ ომში ემუქრებათ, ათას დოლარს ბევრჯერ გადაწონის), მაგრამ იმ ქვეყნისთვის, რომლის ორი რეგიონი მეზობელ დამპყრობელს აქვს ოკუპირებული, დამატებითი პრობლემაა.

ყოველივე ეს განსაკუთრებით მიუღებელი ჩანს, თუ გავიხსენებთ, რომ სხვა ქვეყნებს, მათ შორის NATO-ს წევრ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, თავიანთი სამხედროები ავღანეთიდან დაჩქარებული ტემპებით გამოჰყავთ...