ამერიკამ ერაყში ომი დაამთავრა - კვირის პალიტრა

ამერიკამ ერაყში ომი დაამთავრა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში სამხედრო მოქმედებები ოფიციალურად დაამთავრა და ბოლო სამხედრო ბაზა გადასცა ადგილობრივ ხელისუფლებას. დამთავრდა თითქმის 9-წლიანი ომი, რომელიც 2003 წლის 30 მარტს დაიწყო იმ მოტივით, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა.

ჰუსეინის "ქიმიური რაკეტები" ბლეფი აღმოჩნდა, თუმცა ეს საუკეთესო საბაბი გახდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად, რასაც 4487 ამერიკელი სამხედრო შეეწირა, 32226 კი დაიჭრა. დაიღუპა 80 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები, ორჯერ მეტი კი დაიჭრა.

ვინ მოიგო ამ ომით? ალბათ, იმ საერთაშორისო კორპორაციებმა, რომლებმაც ერაყულ ნავთობზე კონტროლი ჩაიგდეს ხელში და რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ აშშ-ის ხელისუფლებასთან. სამაგიეროდ, ერაყი "კრაზანების ბუდეს" დაემსგავსა, სადაც კვირა არ გავა, ტერორისტული აქტი არ მოხდეს. სადამ ჰუსეინი არსად აჭაჭანებდა რადიკალურ ისლამურ დაჯგუფებებს, მათ შორის "ალ-ქაიდას", ახლა კი "ალ-ქაიდას" ადგილობრივი დაჯგუფებები ქვეყნის ყველა რეგიონს მოედვნენ.

ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყმა, ფაქტობრივად, დაკარგა გავლენა  ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ რეგიონზე და ქვეყანა რთული ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

ერაყის ომმა ნეგატიურად იმოქმედა საქართველოზეც. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერაყში 2000-მდე სამხედრო იყო გაგზავნილი. ეს სწორედ იმ პირველი ქვეითი ბრიგადის მთავარი ბირთვი იყო, რომელიც პირველი უნდა ჩართულიყო ომში, მაგრამ პოლიტიკურ და სამხედრო დაგეგმარებაში დაშვებული საბედისწერო შეცდომების გამო, იმ დროს სამშობლოდან ათასი კმ-ის მოშორებით აღმოჩნდა...

თითქოს ეს უდიდესი შეცდომა მაგალითი უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისათვის, მაგრამ იგივე მეორდება - ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა 1700 კაცამდე იზრდება.

ერაყის ომმა რამდენიმე ქართველი სამხედრო შეიწირა, ათობით დაიჭრა (ამ სტატიის ავტორმაც თავის თავზე განიცადა, თუ რას ნიშნავს ერაყის გზაზე თავდასხმა), მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ერაყში ქართული არმიის დანაყოფებმა ვერ მიიღეს ის საბრძოლო გამოცდილება, რომელსაც წარმატებით გამოიყენებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში (2003 წლის ზაფხულიდან 2008 წლის ზაფხულამდე ერაყში მივლინება გაიარა საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე ათასმა სამხედრო მოსამსახურემ).

საეჭვოა, ავღანეთში მიღებული ანტიპარტიზანული მოქმედების გამოცდილება ქართველ სამხედროებს შესაძლო მოწინააღმდეგის ტანკებსა და თვითმფრინავებთან საბრძოლველად გამოადგეთ.