რუსული სამხედრო დერეფნის გაჭრა საქართველოზე... სომხეთისკენ?! - კვირის პალიტრა

რუსული სამხედრო დერეფნის გაჭრა საქართველოზე... სომხეთისკენ?!

ირანის თემა აქტუალურობას არ კარგავს, უფრო მეტიც - რუსი პოლიტიკოსები და სამხედრო ექსპერტები იმაზეც ალაპარაკდნენ, თითქოს მოსალოდნელია, ისრაელმა დღე-დღეზე დაარტყას ირანის ატომურ ობიექტებს.

ამასთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გამოითქვა მოსაზრება, რომ ირანზე ისრაელის თუ აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში მეზობელ სომხეთში განთავსებული გიუმრის სამხედრო ბაზა უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს და მისი სერიოზულად გაძლიერება იქნება საჭირო.

სომხეთში რუსეთის 102-ე გიუმრის სამხედრო ბაზა დღეისათვის ერთგვარ ბლოკადაში იმყოფება, რადგან იგი ოფიციალურად რუსეთიდან არ მარაგდება. საქმე ის არის, რომ საქართველომ შეაჩერა ხელშეკრულება რუსეთთან სამხედრო ტრანზიტის შესახებ, რომელიც საქართველოს სახმელეთო და საჰაერო სივრცის გავლით რუსეთიდან სომხეთში და პირიქით, სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადატანას ეხებოდა. უფრო სწორად, ეს შეეხება სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზისთვის განკუთვნილ ტვირთებსა და შეიარაღებას, თორემ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ტვირთი როგორც რუსეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან ქართული ცის გავლით დაუბრკოლებლად გადის.

არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით სომხეთის არმიისთვის საჭირო ტვირთის საფარქვეშ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა არაოფიციალურად მაინც მარაგდება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მოსკოვისთვის საკმარისი არ არის და იქ უკვე ალაპარაკდნენ გიუმრისკენ სახმელეთო სამხედრო დერეფნის გაჭრის აუცილებლობაზე.

რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა იური ნეტკაჩევმა არცთუ ორაზროვნად განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი ეცდება გიუმრის სამხედრო ბაზის საბრძოლო მომარაგების საიმედო გზა გამონახოს, რისთვისაც შეიძლება საჭირო გახდეს ქართული სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევა და სომხეთისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნების სამხედრო საშუალებებით უზრუნველყოფა.

ამ განცხადებამ გაგვახსენა  წინა სტატიებში გამოთქმული ჩვენი ვარაუდი, რომ მოსკოვში აქვთ გეგმა, მაგალითად, ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან სომხეთისკენ ჯავშანკოლონის გაჭრის შესახებ.

გენერალი ნეტკაჩევი დიდხანს იყო ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდლის მოადგილე და კარგად უნდა ერკვეოდეს ამ რეგიონის ნიუანსებში, ამიტომაც მისი კომენტარი ყურადსაღებია.

სამხედრო დერეფნის გაჭრის მცდელობის რამდენიმე ვარიანტი შეიძლება არსებობდეს: ერთი - ოკუპირებული ცხინვალისა და ახალგორიდან გორის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხისა და ახალქალაქის გავლით სომხეთის საზღვრამდე. მეორე მიმართულება ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისის შემოვლით მარნეულისკენ და შემდეგ სომხეთის საზღვრისკენ მიდის. ეს უფრო ავანტიურისტული გადაწყვეტილება იქნება, რადგან თბილისის მიმართულება ბევრად უკეთესადაა დაცული, ვიდრე გორი-ხაშური-ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქისა. თუკი თბილისის სიახლოვეს ორი ქვეითი, ერთი სპეცდანიშნულების და ერთიც საარტილერიო ბრიგადაა დისლოცირებული (ასევე  ცალკეული ბატალიონები), გორი-ახალციხის მიმართულება, ფაქტობრივად, დაუცველია, ხოლო ქუთაისში დისლოცირებულ მე-3 ქვეით ბრიგადას რიკოთის უღელტეხილზე გადმოსასვლელად უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე რუსულ ჯავშანკოლონას (რომელსაც ჰაერიდან აუცილებლად დაიცავენ საბრძოლო შვეულმფრენები) გორიდან ხაშურამდე მოსასვლელად.

დასასრულ, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია და მოსკოვი  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან სომხეთისკენ სამხედრო დერეფნის გაჭრას არ შეეცდება, რადგან ეს რუსეთ-საქართველოს მორიგი ომის დასაწყისის მაუწყებელი გახდება.