2011 წლის სამხედრო მიმოხილვა - კვირის პალიტრა

2011 წლის სამხედრო მიმოხილვა

2011 წელს ზაფხული აღარ იყო ისეთი დაძაბული, როგორიც 2009 წელს, აგვისტოს ომის წლისთავზე, როდესაც ყველა ელოდა რუსეთთან საბრძოლო მოქმედებების განახლებას, თუმცა მთელი წლის განმავლობაში მოსკოვი აძლიერებდა თავის საოკუპაციო სამხედრო ბაზებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

და რაც მთავარია, 2011 წელს აშშ-მა ბოლოს და ბოლოს, ფიზიკურად გაანადგურა უსამა ბინ ლადენი, ის, ვინც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ორგანიზატორად მიიჩნეოდა და რის გამოც დაიწყო ომი ავღანეთში, რომელიც უკვე 10 წელია, მიმდინარეობს.

მსოფლიოს #1 ტერორისტის ლიკვიდაცია

უსამა ბინ ლადენის - მსოფლიოს ცნობილი ტერორისტის ლიკვიდაცია 2011 წლის 2 მაისს პლანეტის მთავარ სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენად იქცა. ეს არა მარტო იმან განაპირობა, რომ ბინ ლადენის ხელმძღვანელობით 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული აქტის გამო 3 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა - სწორედ მისი ლიკვიდაციისა და "თალიბანის" განადგურების მიზნით დაიწყო ათწლიანი ომი ავღანეთში, რომელსაც დღEემდე ბოლო არ უჩანს.

ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაცია ავღანეთში ომს დაასრულებდა, მაგრამ ეს, ალბათ, არ მოხდება. პირიქით, დასავლეთის კოალიცია და პირველ რიგში - აშშ ყოველდღიურად იუარესებს ურთიერთობას ამ ომში მთავარ პარტნიორთან - პაკისტანთან. რჩება შთაბეჭდილება, რომ თუკი დასავლური  კოალიცია 2014 წელს მართლაც დატოვებს ავღანეთს, ადგილობრივი ხელისუფლება მარტო დიდხანს ვერ გაძლებს და ქვეყნის ხელისუფლებაში ისევ "ალ-ქაიდა" და "თალიბანი" მოვლენ, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, ავღანეთიდან საბჭოთა არმიის გამოსვლის შემდეგ.

"არაბული რევოლუციები" და უკადაფოდ დარჩენილი ლიბია

ეგვიპტე, იორდანია, სირია, ლიბია - აი, ის არასრული ჩამონათვალი, სადაც 2011 წელს "არაბულ რევოლუციებად" მონათლულმა მოვლენებმა, ფაქტობრივად კი სამოქალაქო ომებმა იფეთქა. ამ სახელმწიფოების ხანდაზმული მმართველები, რომლებიც პრეზიდენტის სავარძელს ბოლო 30-40 წელი არ ტოვებდნენ, სახალხო მრისხანების პირისპირ აღმოჩნდნენ.

ქალაქების ქუჩებში გაჩაღებულ ბრძოლებს, ერთი მხრივ, პოლიციასა და სამხედროებს, ხოლო მეორე მხრივ - შეიარაღებულ ოპოზიციას შორის, ათასობით კაცი შეეწირა.

ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლები შედარებით მალე დამთავრდა - ხელისუფლება სამხედროებმა აიღეს და ექსპრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს ასამართლებენ; მაგრამ კვლავ დაძაბულია მდგომარეობა სირიაში, რომლის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ხელისუფლებას არ თმობს  და მოსახლეობას არმიას უსევს.

ლიბიის ტრაგიკული მოვლენები განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობაში მონაწილეობდა NATO -  ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომლის ზოგიერთი წევრი ქვეყნის (მათ შორის - იტალიისა თუ საფრანგეთის) პრეზიდენტები ერთი წლით ადრე კადაფის ძმობას ეფიცებოდნენ და თანამედროვე შეიარაღებას სთავაზობდნენ.

ამბოხებულებმა დიდი გაჭირვებით, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერით მაინც მოახერხეს კადაფის რეჟიმის დამხობა, ხოლო თავად კადაფი საშინელი წამებით მოკლეს - შეიძლება სწორედ იმიტომაც, რომ იგი არ ალაპარაკებულიყო.

ლიბიის მოვლენებში მოსკოვი "თამაშგარე მდგომარეობაში" აღმოჩნდა და კრემლს არ სურს, სირიის შემთხვევაშიც იგივე განმეორდეს, ამიტომ რუსეთმა სირიის სანაპიროსკენ თავისი ერთადერთი ავიამზიდი გაგზავნა, რის გამოც, პუტინ-მედვედევის აზრით,  ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ავიაციას ვეღარ გამოიყენებს.

საზოგადოებისგან იზოლირებული არმია და გამოყრილი ოფიცრები

მსოფლიო მნიშვნელობის სამხედრო მოვლენებიდან ქართულ რეალობაში გადმოვინაცვლოთ.

თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ შეძლო ის, რაც თავის დროზე თვით ირაკლი ოქრუაშვილმაც ვერ მოახერხა - საზოგადოებისგან სრულად მოწყვიტა და ჩაკეტა თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები.

ფაქტობრივად, დღეს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფოა სახელმწიფოში და მისი თავდაცვის მინისტრი გავლენით ვანო მერაბიშვილსაც არ ჩამოუვარდება, რადგან თავისი სპეცსამსახურები ჰყავს.

წლის განმავლობაში ლაპარაკი იყო თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად გადაყვანაზე, რაც არ გამართლდა, პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელად (ხელისუფლებისთვის) გამოჩენის შემდეგ კი პრეზიდენტი სააკაშვილი ნამდვილად ვეღარ შეელევა ახალაიას მინისტრობას - შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროში მომსახურე სამ ათეულ ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი რეალური ამომრჩეველია, რომელთა ხმების მოპოვებას ხელისუფლება ყველა კანონიერი თუ უკანონო საშუალებით შეეცდება.

წლის დასაწყისში კრწანისის სასწავლო ცენტრში გადამზადებაზე მყოფი ეროვნული გვარდიის 100-მდე სამხედრო მოსამსახურე დაითხოვეს. თვითმხილველების თქმით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ მათ მობილური ტელეფონებით საუბარი დიდ დანაშაულად ჩაუთვალა და სამსახურის დატოვება აიძულა, თუმცა შეიძლება მობილური ტელეფონი მხოლოდ საბაბი იყო  ეროვნულ გვარდიაში მორიგი "წმენდის" ჩასატარებლად.

ასეთი "წმენდები" მთელი წელი გრძელდებოდა და შეიარაღებული ძალებიდან ასობით ოფიცერი დაითხოვეს ისე, რომ საშუალებაც არ მისცეს, სრულფასოვანი სამხედრო პენსია მიეღოთ.

დათხოვნილთა ნაწილს ბრალად დასდეს, რომ ისინი რუსეთის სამხედრო აკადემიებში სწავლობდნენ. ნორმალურ ქვეყანაში მისასალმებელი იქნებოდა, თუკი ოფიცრები სავარაუდო (სამი წლის წინ კი - რეალური) მოწინააღმდეგის სამხედრო აკადემიებში მისი არმიის ტაქტიკური თუ სტრატეგიული მოქმედებების დეტალებს შეისწავლიდნენ, მაგრამ ჩვენთან...

NATO-ს "ღია კართან" ლოდინი

განვლილ 2011 წელს აქტუალურობა არ დაუკარგავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესაძლო გაწევრების თემას. ხელისუფლება, ტრადიციულად, ოპტიმისტურად იყო განწყობილი და მოსახლეობას არწმუნებდა, რომ NATO-ს კარი ისევ ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს უკვე იმედი გაუცრუვდა, რადგან ამ ნათქვამს საქმე ჯერჯერობით არ მოსდევს.

ძალზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა თბილისში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა და იქ თავად  NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გამოჩენა. რასმუსენმა არცთუ ორაზროვნად განაცხადა:  NATO დააკვირდება საქართველოში ჩასატარებელ ორ უახლოეს - საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს,  საქართველო, დემოკრატიულობის ხარისხის  თვალსაზრისით, არის თუ არა მზად ალიანსში გასაწევრებლადო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ორ წელიწადში ეს პერსპექტივა არ არსებობს. თუმცა, 2012 წლის მაისში ჩიკაგოს სამიტზე თბილისი შეეცდება MAP-ის მიღებას. თუ ეს მოხდა, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ამის დიდი შანსი არა გვაქვს.

ქართველები ავღანეთში

2011 წელს ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე  ქართველ სამხედროთაგან  ათი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტრო კვლავ გულმოდგინედ მალავს, რამდენი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში; სავარაუდოდ, მათმა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა ორმოც კაცს.

წლის ბოლოს პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა ავღანეთში კიდევ ერთი ქართული ქვეითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ. თუ ასე მოხდება, 2012 წელს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 1700-მდე გაიზრდება და ჩვენს ქვეყანას  NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი  ჯარისკაცი და ოფიცერი ეყოლება მისიაში.

შეიძლება ეს საეჭვო პირველობა პრეზიდენტისა და ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის საამაყო იყოს, მაგრამ ის არ ექვემდებარება ლოგიკას, რადგან დღეს სხვა ქვეყნებს (მათ შორის - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადასა და სხვ.) ავღანეთიდან სამხედრო დანაყოფები გამოჰყავთ.

ზოგი ამის გამართლებას იმით ცდილობს, რომ რაც მეტ სამხედროს გავგზავნით ავღანეთში, მით უფრო დაჩქარდება საქართველოს  NATO-ში გაწევრება. ეს მოსაზრება რომ არასწორია, თავად NATO-ს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა დაამტკიცა, როდესაც ვიზიტით მყოფმა განაცხადა, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის ზრდა არ არის დაკავშირებული თქვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრებასთანო.

გაზრდილი ქართული სამხედრო კონტინგენტი მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ბიუჯეტს. ამასთან, 1700-მდე მებრძოლი შეიძლება დააკლდეს საქართველოს დამცველებს, თუკი რუსეთმა საქართველოში საბრძოლო მოქმედებები განაახლა. 2008 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ სწორედ ასეთი მწარე შეცდომა დაუშვა - როდესაც მოწინააღმდეგე ქართულ სოფლებს აწიოკებდა, 2000-მდე ქართველი მებრძოლი ათასი კმ-ის დაშორებით ერაყულ სოფლებს იცავდა...

ამერიკული კრეისერები ბათუმში და ანტისარაკეტო სისტემა

ბათუმისა და ფოთის პორტებს 1996 წლიდან ოფიციალური ვიზიტით არაერთი უცხოური სამხედრო ხომალდი სტუმრებია, მაგრამ 2011 წელს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამი ამერიკული სარაკეტო კრეისერის შემოსვლა სრულიად სხვა დონის მოვლენა გახლდათ. "ტიკენდეროგას" კლასის ამ კრეისერებზე დამონტაჟებულია "იჯისის" ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო საინფორმაციო-მართვის სისტემები, რომლებიც ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მთავარი კომპონენტებია.

ერთი წუთითაც რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი კრეისერები ქართულ სანაპიროსთან იდრეიფებენ, მაშინ მათი ანტისარაკეტო სისტემები საქართველოს საჰაერო სივრცეს 200 კმ სიღრმეში გააკონტროლებენ და დაიცავენ.

რუსული საოკუპაციო ბაზების გაძლიერება

მე-4 (ცხინვალის რეგიონი) და მე-7 (აფხაზეთი) რუსული საოკუპაციო ბაზების გაძლიერების პროცესი მთელი 2011 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. იგებოდა ახალი ყაზარმები და ფარეხები, მწყობრში დგებოდა პოლიგონები და საკონტროლო-გამშვები პუნქტები, მაგრამ რაც ჩვენთვის სახიფათოა - მიმდინარეობდა ამ ბაზების გადაიარაღება ახალი საბრძოლო ტექნიკით.

საოკუპაციო ბაზებში გამოჩნდა რუსეთის არმიის შედარებით თანამედროვე შეიარაღება - Т-90А ტიპის ტანკები, БТР-82А ჯავშანტრანსპორტიორები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - "სმერჩები", ზალპური რეაქტიული ცეცხლისმფრქვევლები - "ბურატინოები", საზენიტო-სარაკეტო სისტემები - С-300-ები და ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები - Точка-У-ები.

ეს ის ძირითადი შეიარაღებაა, რომლითაც რუსეთს NATO-ს დაშინებაც შეუძლია, რომ არაფერი ვთქვათ პატარა საქართველოზე.

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის გადაიარაღება და გაძლიერება იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვში არ გამორიცხავენ საბრძოლო მოქმედებებს სამხრეთის მიმართულებით, მათ შორის -  სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ირანს.

სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ირანის ფაქტორმა შეიძლება გააჩინოს ახალი შეიარაღებული კონფლიქტის კერა, რომელზე ზეგავლენის მოხდენასაც რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან შეეცდება.

2011 წელი როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც სამხედრო მოვლენების სიუხვით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ქვეყანა წლის განმავლობაში სამხედრო პროვოკაციაში არ ჩაუთრევიათ.

2012 წელი ამ მხრივ შეიძლება უფრო სახიფათო გამოდგეს, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ მოვლენას (მათ შორის - რუსეთში საპრეზიდენტო და საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს) დაუკავშირდება.