რა შეიარაღება იყიდა ქართულმა არმიამ - კვირის პალიტრა

რა შეიარაღება იყიდა ქართულმა არმიამ

გაეროში ფუნქციონირებს შეიარაღების რეესტრი, რომელიც ყოველწლიურად აჯამებს ქვეყნების შეიარაღების ექსპორტ-იმპორტის პროცედურებს.

ამ ინფორმაციის გაეროს საიტიდან მოპოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა მონაცემთა ანალიზი გარკვეულ სამხედრო ცოდნას მოითხოვს.

რეესტრის მონაცემები წელიწადში რამდენჯერმე ქვეყნდება, თუმცა ისინი ამომწურავი არ არის, რადგან ქვეყნების ნაწილი გაეროს ან საერთოდ არ აწვდის ამ ინფორმაციას, ან ნაწილობრივ აცნობს, წლის განმავლობაში რა სახის და რამდენი შეიარაღება გაყიდა ან იყიდა.

მიუხედავად ამისა, გაეროს შეიარაღების რეესტრის ანალიზში კარგად ჩანს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოს შესყიდული შეიარაღების რაოდენობა ძალზე შემცირდა. 2008 კალენდარულ წელს ადრე მიღწეული ხელშეკრულებების საფუძველზე უკრაინამ მოგვყიდა ერთი Т-72, 15 БМП-1 და 25 БТР-70, 1080 ხელის ტყვიამფრქვევი РПК-74; თურქეთმა - 29 ჯავშანტრანსპორტიორი; რუმინეთმა - 40 მსუბუქი ტყვიამფრქვევი; ბულგარეთმა კი - 24 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი, 60 პისტოლეტი, 20 ავტომატი, 100 ცალი 12,7მმ-იანი ტყვიამფრქვევი და 7,552 ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნის ყუმბარა.

2009 წელს, გაეროს შეიარაღების რეესტრის თანახმად, საქართველომ უკრაინაში მხოლოდ 5 ცალი  БТР-70 შეიძინა, ბულგარეთში - 12 ცალი 152 მმ-იანი ჰაუბიცა და ამდენივე 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა  RM-70-ი და რუმინეთში - ერთი 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი.

2010 წლის მონაცემებში საქართველოს მიერ საბრძოლო ტექნიკის შესყიდვის არც ერთი ფაქტი არ ჩანს.

2011 წლის ანალოგიური მონაცემები, სავარაუდოდ, 2012 წლის შუა პერიოდში ან წლის ბოლოსთვის გამოქვეყნდება. მათში შეიძლება გამოჩნდეს ინფორმაცია იმ საარტილერიო სისტემების შესახებ, რომლებიც ქართული არმიის შეიარაღებაში პირველად 2011 წელს გამოჩნდა.

თუკი პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ბიუჯეტს და არ ამოაგდო პუნქტი, რომელიც საქართველოსთვის ამერიკული იარაღის მიყიდვას ეხება, ქართული არმიის შეიარაღებაში შეიძლება მართლაც გამოჩნდეს ამერიკული საბრძოლო ტექნიკა.

ოღონდ გასათვალისწინებელია ერთი მთავარი ნიუანსი - როგორ ვაპირებთ აშშ-ში წარმოებული სამხედრო ტექნიკის ყიდვას, თუკი ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულად ითვლება?

საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდება, ხოლო მისი გაზრდა სოციალური სფეროების დაფინანსების შემცირების ხარჯზე (როგორც ეს აგვისტოს ომამდე ხდებოდა) დიდი დარტყმა იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის.

არსებობს კიდევ ერთი გზა - აშშ გამოყოფს მრავალწლიან სესხს, რომლითაც საქართველო  ამერიკულ იარაღს იყიდის, მაგრამ ეს სესხი ჩვენს მომავალს დააწვება კისერზე. მით უმეტეს, რომ არსებობს დიდი შანსი, ამოქმედდეს ე.წ. "ოტკატების" მექანიზმი და ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა იგი  გაბერილი ფასით შეიძინონ. ყველაზე მისაღები ვარიანტი შეიარაღების ჩუქება იქნებოდა, მით უფრო, რომ ეს მსოფლიოში მიღებულია და თავად აშშ-საც არაერთი პარტნიორი ქვეყნისთვის გაუწვდია ამგვარად დახმარების ხელი (გაიხსენეთ ამერიკული მხარის ნაჩუქარი "იროკეზები" და საარმიო სატვირთო ავტომობილები).