ირანული და ამერიკული ხომალდების სახიფათო დაპირისპირება - კვირის პალიტრა

ირანული და ამერიკული ხომალდების სახიფათო დაპირისპირება

ორმუზის სრუტეს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან სპარსეთის ყურიდან უზარმაზარი ტანკერები სწორედ მისი გავლით შეიძლება მოხვდნენ ჯერ ომანის ყურეში, შემდეგ არაბეთის ზღვაში, იქიდან კი - ინდოეთის ოკეანეში.

ორმუზის სრუტის გავლით სპარსეთის ყურიდან დანარჩენ მსოფლიოს წელიწადში მიეწოდება იმ ნავთობპროდუქტების 40%, რაც მსოფლიოში ზღვით გადაიზიდება.

ახალი წლის წინ თეირანი მთელ მსოფლიოს სწორედ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სრუტის ჩაკეტვით დაემუქრა, თუკი დასავლეთი მას ნავთობის გაყიდვაზე სანქციებს დაუწესებს.

ორმუზის სრუტის სიგრძე 195 კმ-ია, სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილის სიგანე კი მხოლოდ 54 კმ, რაც მის გადაკეტვას აადვილებს. ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები, რამდენიმე დღეა, ამ სრუტეში (რომლის ჩრდილოეთ სანაპირო ირანს ეკუთვნის, სამხრეთი კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანს) საზღვაო სწავლებებს ახორციელებენ და მის ჩასაკეტად ემზადებიან.

28 დეკემბერს სრუტეს ამერიკული ატომური ავიამზიდი და მისი თანმხლები ხომალდების (ხუთი საესკადრო ნაღმოსანი და უზრუნველყოფის სამი გემი) ჯგუფი მიუახლოვდა, რათა მათ ირანელების მიერ სრუტის ჩაკეტვა არ დაუშვან.

იმედია, საქმე ირანული და ამერიკული ხომალდების საბრძოლო დაპირისპირებამდე არ მივა, რადგან მცირე საზღვაო ინციდენტიც კი შეიძლება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს და მასში ისრაელის ავიაციაც ჩაერთოს.

ორმუზის სრუტეში ადრე უკვე მოხდა სამი შეტაკება ამერიკელებსა და ირანელებს შორის.

1988 წლის 18 აპრილს, ირან-ერაყის ომის დროს, პენტაგონმა ორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეში ირანის წინააღმდეგ ერთდღიანი ოპერაცია ჩაატარა. ოთხი დღით ადრე ირანულ საზღვაო ნაღმზე ამერიკული სამხედრო ხომალდი აფეთქდა და ამის საპასუხოდ ოპერაცია "ბოგომოლის" ფარგლებში ამერიკელებმა ერთი ირანული ფრეგატი და რამდენიმე კატარღა ჩაძირეს.

1988 წლის 3 ივლისს სრუტეში მოდრეიფე ამერიკული ხომალდიდან გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ ირანული სამგზავრო "აერობუსი" ჩამოაგდო, რასაც 290 მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. ამერიკელი მეზღვაურები თავს იმით იმართლებდნენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავი მათ ხომალდზე საიერიშოდ წამოსული ირანული ბომბდამშენი ეგონათ.

2008 წლის 6 იანვარს 5 ირანული საპატრულო კატარღა 200 მ-ით მიუახლოვდა სრუტეში მცურავ სამ ამერიკულ ხომალდს და საბრძოლო შეტაკების საშიშროება გაჩნდა.

ამ შემთხვევიდან ოთხი წლის შემდეგ ირანული და ამერიკული ხომალდები ორმუზის სრუტეში ისევ ერთმანეთის პირისპირ დგანან და მცირე საზღვაო ინციდენტმაც კი, შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი  სისხლის ღვრა გამოიწვიოს, რომელიც მთელ მსოფლიოს მოუტანს ზიანს.

ირანში ომის დაწყების შემთხვევაში კატასტროფულად გაიზრდება ნავთობის ფასი, ეს კი ისევ ჩვენი მეზობელი რუსეთის ეკონომიკურ წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან გაძვირებული ნავთობპროდუქტების გაყიდვით მიღებული უზარმაზარი მოგებით კრემლი საგრძნობლად გაძლიერდება.

რომ არ ყოფილიყო ავღანეთის და განსაკუთრებით - ერაყის ომი, ერთი ბარელი ნავთობის ფასი ბევრად ნაკლები იქნებოდა, რაც რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა...

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა იმპერიის დამხობის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობის ფასის დაცემა იყო -  ძირითადად ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაფუძნებულმა საბჭოთა ეკონომიკამ სწორედ ამას ვერ გაუძლო...