ტოტალური მოსმენები დაკანონდა - კვირის პალიტრა

ტოტალური მოსმენები დაკანონდა

საახალწლო საჩუქარი პარლამენტისგან - ძალოვან სტრუქტურებს ფარული მოსმენის პროცესი კიდევ უფრო  გაუმარტივდათ...

დღევანდელი საქართველო მართლაც ლიდერობს მსოფლიოში, როგორც ყველაზე "მომსმენ-მოსმენილი" ქვეყანა, რომლის ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები უსმენენ ყველას, ვინც "ამის ღირსად" მიაჩნიათ.

კანონმდებლობის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება აქვთ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს, ასევე დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურებს.

ეს ზემოხსენებულ ხუთ სამინისტროსა და ორ სპეციალურ სამსახურს საშუალებას აძლევს, ფარულად  მოუსმინონ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, დააწესონ ვიდეოთვალთვალი ან "გატეხონ" მათი კომპიუტერული ბაზები.

კანონის თანახმად, ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო, თუმცა გათვალისწინებულია ფორსმაჟორული სიტუაცია, როდესაც სპეცსამსახური ჯერ იწყებს ობიექტის ფარულ მოსმენას და თვალთვალს და შემდეგ მიმართავს სასამართლოს ამ მოქმედებების დასაკანონებლად.

ყველასთვის ცხადია, რომ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ვერც ერთი მოსამართლე უარს ვერ გაუბედავს მერაბიშვილისა თუ ადეიშვილის უწყებას და დაუბრკოლებლად მისცემს კონკრეტულ შემთხვევაში  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დაწყების უფლებას.

ერთი შეხედვით, არ არსებობდა ტოტალური მოსმენისა და თვალთვალის ხელშემშლელი რაიმე ფაქტორი, თუმცა 2011 წლის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობამ სპეცსამსახურებს კიდევ ერთი საჩუქარი უძღვნა - პარლამენტის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონპროექტში ერთი ძალზე მნიშვნელოვანი დამატება შევიდა, კერძოდ, ზემოხსენებულ სტრუქტურებს უფლება მიეცათ, ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით განახორციელონ კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცემთა ბანკების კოპირება.

გასაგებ ენაზე რომ განვმარტოთ, ამიერიდან სპეცსამსახურებს აღარ დასჭირდებათ, თხოვნით მიმართონ ამა თუ იმ მობილური თუ ფიქსირებული ქსელების ოპერატორებს, რათა ისინი კავშირგაბმულობის მონაცემთა საკუთარ ბანკებში შესამოწმებლად დაუშვან. სპეცსამსახურებს თავიანთ კომპიუტერულ ქსელში ექნებათ ყველა მონაცემი, თუ სად რეკავს, ვის ურეკავს და რა ადგილას იმყოფება ობიექტი. რა თქმა უნდა, მისი სატელეფონო საუბარიც ჩაიწერება.

სიმართლე რომ ითქვას, სპეცსამსახურებს არც აქამდე უჭირდათ რომელიმე მობილურ ოპერატორთან ურთიერთობა - მათ თავის მონაცემთა ბანკში ისედაც ყველა უშვებდა, თანაც ხშირად - სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

არადა, შევარდნაძის ხელისუფლების დროს მობილური ოპერატორები მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ მათ საქმიანობაში სპეცსამსახურების არაკანონიერ ჩარევას. ერთ-ერთ ოპერატორს, მას შემდეგ, რაც მან უარი უთხრა უშიშროების სამსახურს მონაცემთა გადაცემაზე, გამაფრთხილებელი აფეთქება მოუწყვეს ოფისში და ის ცნობილი ფირმაც დათმობაზე წავიდა.

საქართველოში დღეს ფუნქციონირებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეცაპარატურა, რომლის საშუალებით არა მარტო მობილური ტელეფონებით საუბრების ჩაწერაა შესაძლებელი, არამედ ლოდინის რეჟიმში მყოფ მობილურ ტელეფონზე მიკროფონის დისტანციურად ჩართვა და იმის მოსმენა, რაც ტელეფონის სიახლოვეს ხდება.

P.S. დემოკრატიულ ქვეყნებში პროფესიული საქმიანობის დროს ჟურნალისტების სატელეფონო მოსმენა და თვალთვალი არაკანონიერადაა მიჩნეული, თუმცა საქართველოში სხვაგვარი მდგომარეობაა - ჩვენთან  მათ ხშირად სწორედ ის სამინისტროები უსმენენ, რომელთა შესახებ წერს ესა თუ ის ჟურნალისტი...