ისრაელი-აშშ-ის სამხედრო მანევრები თეირანის გასაფრთხილებლად - კვირის პალიტრა

ისრაელი-აშშ-ის სამხედრო მანევრები თეირანის გასაფრთხილებლად

ისრაელი და აშშ რეგიონში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მანევრების ჩატარებას გეგმავენ. მართალია, არც ამერიკელები და არც ისრაელის სამხედროები ოფიციალურად ამ მანევრებს ირანს არ უკავშირებენ, მაგრამ ფაქტია - ორმუზის სრუტეში თეირანის ჩატარებულმა სამხედრო-საზღვაო სწავლებებმა პენტაგონი ძალზე შეაშფოთა.

ამერიკელი გენერლების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ირანის მუქარა, რომ უკან, სპარსეთის ყურეში, აღარ შეუშვებენ ამერიკულ ატომურ ავიამზიდ "ჯონ სტენისს", რომელიც ამჟამად არაბეთის ზღვაში დრეიფობს.

ორმუზის სრუტეში სწავლების დროს ირანულმა ფრეგატმა "ჰადერის" ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. "ხომალდი-სანაპიროს" კლასის ამ რაკეტებს 200 კმ-მდე შეუძლიათ ფრენა, რაც საკმარისი არ არის, რომ მათ სპარსეთის ყურიდან ისრაელის ტერიტორიამდე მიაღწიონ. ისინი ისრაელის ნებისმიერ ქალაქს ადვილად მისწვდებიან ხმელთაშუა ზღვიდან, თუმცა იქ ირანის საბრძოლო ხომალდების შესვლას შეეწინააღმდეგებიან ისრაელი და აშშ-ის ფლოტი.

ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო მანევრების მთავარი ამოცანა, სავარაუდოდ, რაკეტების (მათ შორის -  ბალისტიკურის) აღმოჩენა და მათი განადგურება იქნება.

ასეთივე ერთობლივი მანევრები ჩატარდა 2009 წელს. ამჯერად, როგორც ჩანს, მთავარი ყურადღება ისრაელისა და აშშ-ის მეზენიტეების შეთანხმებული მოქმედების დახვეწას მიექცევა.

ისრაელს ყველაზე უკეთ შეუძლია თავისი ტერიტორიის სამშრიანი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემით დაცვა. ამჟამად საბოლოო გამოცდას გადის "ჰეც-3" ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსი, რომელსაც საშუალო და ახლო მანძილის მოქმედების რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტების დაზიანება ატმოსფეროს ზემოთ შეეძლება. თუკი ისინი მიზანს ააცდენენ, საქმეში "ჰეც-2" ჩაერთვება, რომელიც შედარებით დაბალ სიმაღლეებზე მოქმედებს. გარდა ამისა, ისრაელს აშშ-ის დიდი იმედი აქვს, რადგან პენტაგონს ისრაელში განთავსებული აქვს "პეტრიოტ-3"-ები, ხოლო ისრაელის სანაპიროსთან "იჯისის" სისტემით აღჭურვილი ამერიკული ხომალდები დრეიფობენ.

ჩნდება ეჭვი, რომ ისრაელის თავზე მრავალშრიანი თითქმის სრულყოფილი ანტისარაკეტო ფარის შექმნის შემდეგ ამ ქვეყნის ხელისუფლება უფრო ადვილად გადადგამს ნაბიჯს ირანის ატომურ და სარაკეტო ობიექტებზე წერტილოვანი დარტყმების განსახორციელებლად ისე, რომ საპასუხო სარაკეტო დარტყმებისა ნაკლებად შეეშინდება.

1991 წლის "უდაბნოს ქარიშხლის" საერთაშორისო ოპერაციის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ამ ომში ოფიციალურად არ მონაწილეობდა, სადამ ჰუსეინის ბრძანებით, ისრაელის ქალაქებს ერაყიდან რამდენიმე "სკადის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ესროლეს. მართალია, ამერიკულმა რადარებმა ისინი დროზე აღმოაჩინა, მაგრამ "პეტროიტის" საზენიტო რაკეტებმა ახლო აფეთქების მიუხედავად, "სკადებს" ფრენის მიმართულება ვერ შეუცვალა და ისინი მაინც ისრაელის ქალაქებს დაეცა.

მსგავსი პრეცედენტის გამეორება ისრაელში აღარ სურთ და ამიტომ ამერიკელებთან ერთად სწრაფად სრულყოფენ მრავალშრიან ანტისარაკეტო ფარს.