ამერიკა ორ ომს ვეღარ აწარმოებს... - კვირის პალიტრა

ამერიკა ორ ომს ვეღარ აწარმოებს...

როგორ იმოქმედებს საქართველოზე მსოფლიოში ამერიკული სამხედრო გავლენის შემცირება?

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ აშშ-ს თავდაცვის ხარჯების დაზოგვა სურს, ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

პენტაგონში წარდგენილ პროგრამაში - "აშშ-ის გლობალური ლიდერობის განმტკიცება: 21-ე საუკუნის თავდაცვის პრიორიტეტები" - პრეზიდენტმა ობამამ აშშ-ის სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებად ირანი და ჩინეთი დაასახელა, თუმცა სიტყვა არ დასცდენია, შეძლებს თუ არა პენტაგონი ერთდროულად ორი ომის წარმოებას ერთმანეთისგან დაშორებულ საბრძოლო არენებზე.

საქმე ის არის, რომ დღემდე აშშ ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომლის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებდა ერთდროულად ორ ფართომასშტაბიან ომსა და რამდენიმე მცირე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის შესაძლებლობას.

საბრძოლო მოქმედებები ერაყსა და ავღანეთში, ფაქტობრივად, ამ დოქტრინას შეესაბამებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, აშშ-ის ეკონომიკამ ვერც ამას გაუძლო, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში მოწინააღმდეგის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ამერიკულს.

რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი ობამა თავდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი შემცირებით საბოლოოდ მოუსპობს აშშ-ს ორ ომში ერთდროულად მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც ნეგატიურად აისახება აშშ-ის პარტნიორთა უსაფრთხოებაზე.

ძნელი სათქმელია, გულისხმობდნენ თუ არა ამ პარტნიორებში საქართველოს, მაგრამ ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ დაუფარავად განაცხადა: "აშშ-ის გლობალური დომინირების მკვეთრი შემცირება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს - პატარა კავკასიური სახელმწიფოს - უსაფრთხოებაზე, რადგან მეზობელმა რუსეთმა შეიძლება ამ რეგიონზე გავლენის აღდგენა მოინდომოს."

ბჟეზინსკის აზრით, გარდა იმისა, რომ რუსეთის მომავალ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სძულს თავისი ქართველი კოლეგა, ევროპაზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, მოსკოვი შეეცდება, გავლენა მოიპოვოს ევროპისკენ მიმავალ სამხრეთის ენერგეტიკულ დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გადის. შესაბამისად, დომინოს ეფექტით გაიზრდება რუსეთის გავლენა აზერაბიჯანზეც.

ზბიგნევ ბჟეზინსკი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საბჭოთა იმპერიის დაშლაში, კარგად ერკვევა მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაში და მისი აზრი გასათვალისწინებელია.

თუმცა ბჟეზინსკის გარეშეც ცნობილია, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ პუტინი საქართველოსა და მის დღევანდელ პრეზიდენტს "უყურადღებოდ" არ დატოვებს.

გადაიზრდება თუ არა ეს "ყურადღება" რუსეთ-საქართველოს მეორე ომში, ბევრ ნიუანსზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის პოზიციაზეც.

თუკი თეთრმა სახლმა პრინციპული პოზიცია დაიკავა, შეიძლება მართლაც შეაჩეროს კრემლი და მან სამხედრო მოქმედებების დაწყება ვერ გაბედოს, მაგრამ ეს საეჭვო ჩანს - 2008 წლის აგვისტოში რესპუბლიკელმა და სააკაშვილის "გამზრდელმა" ბუშმა ვერ (ან არ) შეძლო რუსეთის არმიის შეჩერება, დემოკრატი ობამა (რომელიც სააკაშვილისაგან თავს ისედაც შორს იჭერს) კი ჩვენთვის მით უფრო არ შეწუხდება.

ერაყსა და ავღანეთში წლობით გაჭიანურებულმა სამხედრო კამპანიებმა (მიუხედავად იმისა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის ჩამოგდებით სერიოზულად ისარგებლეს აშშ-ის ხელისუფლების გარკვეულ წრეებთან გადაჯაჭვულმა ნავთობის კორპორაციებმა) მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა როგორც პენტაგონის, ისე მთლიანად აშშ-ის ბიუჯეტს, ამ ომების გამო გაზრდილი ნავთობის ფასით კი  ისარგებლა რუსეთმა, რომელმაც რამდენიმე მილიარდი გადაიხადა ახალი საბრძოლო ტექნიკის შეძენაში, ანუ ამერიკულმა ომებმა ირიბად, მაგრამ მაინც ხელი შეუწყო რუსული არმიის გაძლიერებას.

არსებობს საშიშროება, რომ გაპრეზიდენტებულმა პუტინმა გადაიარაღებული არმიით სცადოს კიდევ ერთი მომგებიანი პატარა ომის ჩაწერა თავის აქტივში, თუნდაც რუსეთში შექმნილი ოპოზიციური განწყობილების გადასაფარად, ამისთვის კი საქართველოს გზა კრემლს უკვე გაკვალული აქვს...