სანქციებიდან ომამდე... - კვირის პალიტრა

სანქციებიდან ომამდე...

23 იანვარს ევროკავშირმა უნდა განიხილოს საკითხი ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესახებ. ახალი წლიდან აშშ-მა ირანის ცენტრალური ბანკის მიმართ აამოქმედა სანქცია, რომლის თანახმადაც ყველა იმ უცხოურ ორგანიზაციას, რომელიც ირანის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთობას გააგრძელებს, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა აეკრძალება. ნავთობის ექსპორტი სწორედ ირანის ცენტრალური ბანკის მონაწილეობით ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანული ნავთობის მყიდველი ყველა კომპანია და ქვეყანა ამერიკული სანქციების მსხვერპლი გახდება.

ეს გასათვალისწინებელია საქართველოსთვისაც, თუმცა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მეტ ირანულ ნავთობპროდუქტს ჩვენი მეზობელი სომხეთი ყიდულობს.

ერევანს, გასაგები მიზეზების გამო, აზერბაიჯანულ ბენზინსა და დიზელის საწვავზე ხელი არ მიუწვდება. თუკი იგი ირანული ნავთობპროდუქტების შეძენას გააგრძელებს, ცხადია, ამერიკული სანქციები მასზეც გავრცელდება. ერთადერთ გამოსავლად სომხეთს საქართველოზე ტრანზიტით გამავალი საწვავის მიღება რჩება.

წინასწარ ვერ გეტყვით, სომხეთი გაუჯიუტდება თუ არა აშშ-ს, აი, თურქეთმა კი უკვე  განაცხადა უარი ირანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის შეჩერებაზე.

ამ ეტაპზე ამერიკული სანქციების მხარდაჭერას გეგმავენ ევროკავშირის რიგი ქვეყნები და იაპონია, თუმცა ევროკავშირშიც არ არის ერთსულოვნება, რის გამოც, შეიძლება 23 იანვარს დაგეგმილი გადაწყვეტილების მიღება გადაიდოს.

ეკონომიკური კრიზისით შეშფოთებულ ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებს ესმით, რომ ამერიკული სანქციების ამოქმედება მსოფლიოს ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასის აწევას გამოიწვევს, ხოლო გაძვირებული ბენზინის გამო გერმანელი, ესპანელი თუ იტალიელი ავტომფლობელები ოპოზიციონერთა  შორის აღმოჩნდებიან.

აშშ ითვალისწინებს ამ საშიშროებას და გეგმავს, რომ მისმა პარტნიორებმა (პირველ რიგში კი - არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა) ნავთობის მოპოვება გაზარდონ, რათა ირანზე ემბარგოს დაწესების გამო მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის პროდუქტები არ შემცირდეს და მათი ფასი არ გაიზარდოს.

მოსალოდნელია, რომ ამერიკულმა ეკონომიკურმა სანქციებმა თავად ირანს ისეთი ფინანსური დარტყმა ვერ მიაყენოს, როგორსაც თეთრ სახლში იმედოვნებენ. ირანულ ნავთობზე ევროკავშირმაც რომ სრული ემბარგო დააწესოს, მისი ძირითადი მყიდველი გახდება ჩინეთი, სადაც ამერიკული სანქციები არ აღელვებთ.

სავარაუდოდ, თეირანი გულხელდაკრეფილი არ დაელოდება ამერიკულ-ევროპული ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას და გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს, რომლებიც ძირითადად, სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის იქნება. ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად შეიძლება იქცეს ირანის შეიარაღებული ძალების მიერ ორმუზის სრუტის ჩაკეტვის მცდელობა, რომელიც სპარსეთის ყურიდან ერთადერთი საზღვაო გასასვლელია ინდოეთის ოკეანეში. ამ სრუტის ჩაკეტვას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს აშშ, რადგან მაშინ ნავთობპროდუქტების სპარსეთის ყურიდან გატანას ვეღარც ვაშინგტონის პარტნიორი ქვეყნები - ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი და რაც მთავარია - არაბთა გაერთიანებული საამიროები შეძლებენ.

გამოდის, რომ ამერიკული ეკონომიკური სანქციები (უნდა ეს თეთრ სახლს თუ არა) ამ რეგიონსა და მთელ მსოფლიოს ახალი, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან აახლოებს.