მეთერთმეტე, მეთორმეტე... მივეჩვიეთ? - კვირის პალიტრა

მეთერთმეტე, მეთორმეტე... მივეჩვიეთ?

2011 წლის ბოლოს - მე-11, 2012 წლის დასაწყისში კი მე-12 ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში, მაგრამ ამ ტრაგედიას ხელისუფლებაც და საზოგადოებაც მიეჩვია და მას სტატისტიკად თუღა აღიქვამს...

ახალი წლის დღეები ქართული არმიისთვის არცთუ სასიხარულო უნდა ყოფილიყო, რადგან ავღანეთში ერთ კვირაში ორი ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა.

ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტისთვის ასეთივე ტრაგიკული იყო 2010 წლის სექტემბერი, როცა იმავე 31-ე ბატალიონმა ერთ თვეში ხუთი მებრძოლი დაკარგა.

ავღანეთში ჩვენი ბიჭების დაღუპვაზე ხელისუფლების რეაქცია უკვე ერთ "ცივ ჩარჩოში" მოექცა - "დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს". ჩინოვნიკთათვის ქართველი სამხედროების დაღუპვა ერთგვარ სტატისტიკად იქცა და არავინ აანალიზებს იმას, არის თუ არა საჭირო ასეთი მსხვერპლის გაღება იმ ქვეყნისგან, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია?!

იმის ნაცვლად, რომ თავდაცვის სამინისტროში, გაერთიანებულ შტაბში ან სულაც მთავრობაში ამაზე ვინმე დაფიქრდეს, პირიქით, კონტინგენტის რაოდენობას ზრდიან, რაც ბუნებრივია, გაზრდის მსხვერპლის რაოდენობასაც.

ხელისუფლება ვერ მალავს ავღანეთში დაღუპულთა ვინაობას, მაგრამ წარმატებით ჩქმალავს დაჭრილთა რიცხვს, რაც სამწუხაროდ, ასევე იმატებს.

ავღანეთიდან მოსული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გასული წლის დეკემბერში მძიმედ დაიჭრა 31-ე ბატალიონის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი. ადგილობრივ უხუცესებთან მოლაპარაკებაზე მიმავალი ქართველი ოფიცერი ეზოში შესვლისას ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდურის მძიმე დაზიანება მიიღო. გამნაღმველებს აფეთქებამდე შეუმოწმებიათ ჭიშკარი და ნაღმძებნის გამაფრთხილებელი სიგნალი ჭიშკრის რკინის ჩარჩოსთვის "დაუბრალებიათ", არადა ნაღმი, თურმე, მის ქვეშ იდო...

ასეთი შემთხვევა, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხობენ: - რატომ გიკვირთ, ავღანეთში ხომ ომიაო...

ჩვენც ვიცით, რომ ავღანეთში ომია, უფრო სწორად, პარტიზანული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს (განსაკუთრებით ჰილმენდის პროვინციაში, სადაც ყველაზე დაძაბული სიტუაციაა და ქართული სამხედრო კონტინგენტის ძირითადი ნაწილი, რატომღაც, პლანეტის ამ ყველაზე ცხელ წერტილში იმყოფება), მაგრამ რაღა მაინცდამაინც ავღანეთს უნდა შევაკლათ საქართველოს პოტენციური დამცველები?!

ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, სამწუხაროდ, ამ ტრაგედიის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილიც გულგრილი გახდა - ავღანეთში ისინი თავიანთი სურვილით წავიდნენო, ამბობენ.

საბჭოთა პერიოდის ავღანეთის ოპერაციისგან განსხვავებით, ახლა იქ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფთ კი არა, კონტრაქტით მომსახურეებს გზავნიან, თუმცა ნურავინ იფიქრებს, რომ მათ ნაკლები პრობლემები აქვთ.

საბჭოთა არმიის ჯარისკაცი ავღანეთში წაუსვლელობის გამო დეზერტირად ცხადდებოდა და მას ასამართლებდნენ, დღევანდელ ქართულ არმიაში კონტრაქტით მომსახურეს კი შეიარაღებული ძალებიდან გააგდებენ და კონტრაქტის დარღვევისათვის სასამართლო იმხელა ფულად ჯარიმას დააკისრებს, მის გადასახდელად სახლ-კარის გაყიდვას ბევრს ისევ ავღანეთში, თალიბების დანაღმულ ტერიტორიაზე სიარული ურჩევნია.

ავღანეთში მივლინებისთვის გამოწერილი "საკაპრალო" (დაახლოებით 700 დოლარი) და სამშობლოში შენარჩუნებული 700-800-ლარიანი ხელფასი ნამდვილად არ არის ისეთი თანხა, რომლისთვისაც ავღანეთში თავის გაწირვა ღირს, მით უმეტეს, რომ შენ გვერდით მყოფი ამერიკელი თუ ბრიტანელი კაპრალის ანაზღაურება  გაცილებით მაღალია...

თუკი ვინმე იტყვის, ფული რა შუაშია, ქართველი ბიჭები ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად მიდიან და იქიდან იცავენ საქართველოსო, არ იქნება მართალი, რადგან ავღანური მივლინებების ძირითადი სტიმული სწორედ ეს მცირე ფინანსური დაინტერესებაა.

ორ წელიწადში, 2014 წელს, წესით, ავღანეთში საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაცია უნდა დასრულდეს და უცხო ქვეყნების სამხედრო დანაყოფებმაც ეს მრავალტანჯული ქვეყანა უნდა დატოვონ. იქნებ მაშინ მაინც გამოვიყვანოთ ქართველი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთიდან და ყოველდღე იმის არ გვეშინოდეს, რომ კიდევ ვინმეს დაგვიჭრიან ან უფრო უარესი - მოგვიკლავენ.

არაერთხელ დაგვიწერია -  ISAF-ის ოპერაციაში სამხედრო ინსტრუქტორებისა და სამხედრო ექიმების დონეზე მონაწილეობა სრულიად საკმარისი იქნებოდა, რათა NATO-სთვის დაგვენახებინა, რომ პატარა საქართველო თავისი მცირერიცხოვანი არმიით დასავლეთის გვერდით დგას; თანაც ამდენი დაღუპული და უფრო მეტი დაჭრილი არ გვეყოლებოდა.

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროთა რაოდენობით, სამწუხაროდ, უკვე გადავუსწარით ნორვეგიას (10 დაღუპული), ესტონეთს (9), უნგრეთს (7), შვედეთს (5), ახალ ზელანდიას (5), პორტუგალიას (2), თურქეთს (2) და თვით NATO-საც კი, რომლის წარმომადგენლობას ავღანეთში მხოლოდ 7 კაცი დაეღუპა.

ამერიკული წყაროების ცნობით, 2011 წლის მარტისთვის ქართულ სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში 38 დაჭრილი ჰყავდა. ეს რიცხვი, დღემდე, ცხადია, გაიზრდებოდა.

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სამხედროების, კაპრალების - ბესიკ ნინიაშვილისა და შალვა ფაილოძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს.