Кавказ-2012 - დერეფნის გაჭრა სომხეთისკენ - კვირის პალიტრა

Кавказ-2012 - დერეფნის გაჭრა სომხეთისკენ

სამეთაურო-საშტაბო სწავლებები, სახელწოდებით ღფდრფპ, სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა პერიოდშიც იმართებოდა და ძირითადად, NATO-ს წევრი თურქეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა მაშინ არ გამორიცხავდნენ ირანს, როგორც სავარაუდო მოწინააღმდეგეს.

ახალი სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში Кавказ-2012 რომლის გამართვა სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, ისევ ფიგურირებს ირანი, ოღონდ უკვე არა როგორც მოწინააღმდეგე. რუსეთის გენშტაბში არ მალავენ - თუკი აშშ-მა და ისრაელმა ირანს დარტყმა მიაყენეს, რუსეთი ყველაფერს იღონებს  ირანის საზღვართან თავისი სამხედრო ბაზის გასაძლიერებლად.

ირანის საზღვრიდან 140 კმ-ში, სომხეთის ტერიტორიაზე, მართლაც არის დისლოცირებული რუსეთის 102-ე, გიუმრის სამხედრო ბაზა, ხოლო ერებუნში (ერევნის სიახლოვეს) რუსული სამხედრო-საჰაერო ბაზა ირანიდან მხოლოდ 50კმ-ით არის დაშორებული.

Кавказ-2012-ის ფარგლებში, სავარაუდოდ, მუშავდება მოქმედების გეგმა, როგორ გადაისროლონ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიიდან სომხეთში დამატებითი ძალები, საბრძოლო ტექნიკა და საჭურველი.

ამის განსახორციელებლად რუსეთს მხოლოდ ორი გზა აქვს - სახმელეთო და საჰაერო და ორივე საქართველოზე გადის. თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის მომარაგება  ძნელად წარმოსადგენია. დღეს სომხეთი ირანიდან მართლაც იღებს ნავთობპროდუქტებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ირანის ტერიტორიის გავლით სომხეთში შედიოდა შეიარაღებაც, როგორც სომხეთის არმიის, ისე - რუსული ბაზისთვის. თუმცა დღეს, როცა ირანის წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული და მის საზღვრებს სადაზვერვო თანამგზავრები აკონტროლებს, მოსკოვი ვერ გაბედავს კასპიის ზღვისა და ირანის გავლით სომხეთში საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების შეყვანას.

საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ თავის დროზე დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით და პირიქით, საქართველოს ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის გავლით.

2008 წლის აგვისტოს ომმა ამ ხელშეკრულებაში კორექტივები შეიტანა. უკვე მეორე წელია, საქართველომ ოფიციალურად აკრძალა რუსეთის ფედერაციის კუთვნილი სამხედრო ტვირთების ტრანზიტი, რაც თეორიულად გამორიცხავს სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებას საქართველოზე გამავალი სახმელეთო და საჰაერო დერეფნების საშუალებით. ოფიციალური თბილისი, ალბათ, მოსკოვს  არ დათანხმდება ამ დერეფნების გახსნაზე, ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის არმია ძალის გამოყენებით შეეცდება მათ გაჭრას. ამ საშიშროებაზე დაწვრილებით ვწერდით 2011 წლის 19 დეკემბერს სტატიაში "რუსული სამხედრო დერეფნის გაჭრა საქართველოზე... სომხეთისკენ?!" და ნათქვამს აღარ გავიმეორებთ.

Кавказ-2012 ფართომასშტაბიანი სწავლება იქნება, რომელშიც რუსეთის ყველა ძალოვანი სტრუქტურის გარდა ჩაერთვებიან ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების შეიარაღებული დანაყოფები და გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა.

მოსკოვი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს, ხელი შეუშალოს აშშ-ისრაელის ირანზე თავდასხმას, მაგრამ სომხეთში, ირანის საზღვართან, დამატებითი ძალების მობილიზებით ეცდება, ანგარიშგასაწევ ძალად წარმოაჩინოს თავი.