"ელბიტმა" თბილისს 35 მლნ მოუგო - კვირის პალიტრა

"ელბიტმა" თბილისს 35 მლნ მოუგო

საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ ამხელს, რატომ უხდის ისრაელის "ელბიტს" 35 მლნ დოლარს და უკან უბრუნებს სამხედრო მოწყობილობის ნაწილს...

ისრაელის ცნობილმა იარაღის მწარმოებელმა კომპანია  Elbit systems-მა ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებას უჩივლა 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტების გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო. კომპანიამ მაშინ სარჩელი დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში შეიტანა და საქართველოს მთავრობისგან 100 მლნ დოლარის გადახდა მოითხოვა.

2011 წლის ბოლო დღეებში ამ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ "ელბიტმა" და საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად  საქართველო "ელბიტს" უხდის 35 მლნ დოლარს და უკან უბრუნებს ზოგიერთ სამხედრო დანიშნულების მოწყობილობას.

ამ მწირი ინფორმაციით მხოლოდ ის ირკვევა, რომ "ელბიტს" საქართველოს ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აღარ აქვს და საქართველოს ბიუჯეტს ეს 35 მლნ დოლარი დაუჯდა, მაგრამ კვლავ უცნობია,  ვინ უნდა დაისაჯოს იმისათვის, რომ ქვეყნის ბიუჯეტს, რომელიც ძირითადად ჩვენი გადასახადებით ივსება, 35 მლნ დოლარი დააკლდა.

გასული წლის გაზაფხულზე, როცა "ელბიტმა" საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში  სარჩელი შეიტანა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რიხიანად აცხადებდა, რომ ისრაელის კომპანიის მოთხოვნები არაკანონიერი იყო და ამ დავაში ქართული მხარე გაიმარჯვებდა.

როგორც ჩანს, საქმე პირიქით ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში "ელბიტი" ოფიციალურ თბილისს 35 მლნ დოლარს ვერ მოუგებდა.

საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმილს ამჯობინებს და არ აკონკრეტებს 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტების რომელი კონკრეტული პირობების დარღვევის გამო მოუწია ქვეყნის ბიუჯეტს 35 მლნ დოლარით შეთხელებამ.