რატომ ვერ დაბომბავს ამერიკა საქართველოდან ირანს - კვირის პალიტრა

რატომ ვერ დაბომბავს ამერიკა საქართველოდან ირანს

სომხეთში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების გამო, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რომ აშშ-მა საქართველოსა და აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით ირანს საჰაერო დარტყმა მიაყენოს.

საზოგადოებაში გავრცელდა ხმა, რომ ამერიკა საქართველოდან ირანს დაარტყამს, თეირანმა კი, შესაძლოა, საპასუხოდ თბილისი დაბომბოს.

ეს ჩუმი პანიკა ერთი მხრივ საფუძველს მოკლებული არ არის, რადგან ირანის ირგვლივ სიტუაცია    ყოველკვირეულად იძაბება. ზოგი იმასაც ამბობს, რომ 30 იანვარს, ვაშინგტონში, საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ამერიკული ავიაციის ირანზე თავდასხმაზე უნდა შეთანხმდნენ.

მიუხედავად ასეთი ხმებისა, თუკი რუკას დავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ დიდი მონდომების შემთხვევაშიც კი საქართველოს საჰაერო სივრციდან ირანს ვერავინ დაარტყამს იმ უბრალო მიზეზით, რომ საქართველოსა და ირანს საერთო საზღვარი არა აქვთ. ჩვენ შორის სომხეთი და აზერბაიჯანია და რომელიმე ამ ქვეყნის საჰაერო სივრცის გავლაა აუცილებელი, საქართველოდან ირანის საზღვარს რომ მიაღწიო.

ისიც უნდა ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიიდან ირანის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებული სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე ამერიკული თუ ისრაელის წერტილოვანი საჰაერო იერიშები  ოპერატიულ-ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია. ერთია, თუკი სპარსეთის ყურეში მოდრეიფე ამერიკული ავიამზიდიდან აფრენილი "სუპერჰორნეტების" ჯგუფი თითქმის ორსაათიანი ფრენის შემდეგ ირანის ჩრდილოეთს მიაღწევს (ამ ხნის განმავლობაში ისინი ირანულმა რადიოლოკატორებმა მრავალჯერ შეიძლება აღმოაჩინონ და მათკენ საზენიტო რაკეტები მიმართონ) და მეორე - აზერბაიჯანიდან 3-5 წუთში გადაფრინდებიან დამრტყმელი თვითმფრინავები.

თუმცა, თითქმის გამორიცხულია, რომ ირანის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში აშშ-მა სამხრეთ კავკასიაზე გამავალი საჰაერო მარშრუტი აირჩიოს. საქმე ის არის, რომ სომხეთში 102-ე გიუმრის  სამხედრო ბაზაზე განთავსებულია С-300В  ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ორი დივიზიონი, რომელთაც ემატება თავად სომხეთის არმიის С-300ПМ ტიპის რვა გასაშვები დანადგარი.

ერევნის აეროდრომზე განთავსებულია 18 ერთეული Миг-29 ტიპის გამანადგურებელი (მათგან ორი მუდმივ მზადყოფნაშია), რომლებიც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, გაბალაში, კვლავ ფუნქციონირებს სარაკეტო სტარტების ადრეული აღმოჩენის ფაზირებულანტენიანი მძლავრი რუსული რადიოლოკატორი "დარიალი", რომელიც მოსკოვს მუდმივად აწვდის ინფორმაციას, თუ რა ხდება აზერბაიჯანისა და ირანის საჰაერო სივრცეში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შემოტანილია შედარებით თანამედროვე რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებები და საშუალო და ახლო სიშორის რადიუსზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (მათ შორის "ბუკები", თუმცა С-300-ის როკის გვირაბიდან შემოყვანას სულ რამდენიმე საათი სჭირდება).

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულია  С-300ПМ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის დივიზიონი, რომლის გუდაუთიდან გალის რაიონში გადასროლა სამ-ოთხ საათში შეიძლება.

რა გამოდის?

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალი გიუმრის 102-ე, აფხაზეთის მე-7 საოკუპაციო და ცხინვალის მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზების განკარგულებაში არსებულ რადიოლოკაციურ სადგურებს, რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებებს, საზენიტო-სარაკეტო სისტემებსა და გამანადგურებელ თვითმფრინავებს შეუძლიათ მთლიანად გააკონტროლონ და ჩაკეტონ სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცე, განსაკუთრებით შავი ზღვიდან საქართველო-აზერბაიჯანის მიმართულებით.

ეს კარგად მოეხსენებათ პენტაგონში და დარწმუნებული არიან, რომ როგორც კი ზღვიდან ან თურქეთიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში ამერიკული დამრტყმელი თვითმფრინავები გამოჩნდებიან, რუსეთის გენერალური შტაბი მათ შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას მიაწვდის ირანელ კოლეგებს, შედეგად კი  მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგება.

ესეც რომ არ იყოს, ამერიკის პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ გარისკავს და რუსული საზენიტო რაკეტების სიახლოვეს თავის პილოტებს არ გაგზავნის.

როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია - ზემოთქმულის წყალობით საქართველო არ შევა ისტორიაში, როგორც ქვეყანა, რომლის საჰაერო სივრცის გავლით ირანს საჰაერო დარტყმა მიაყენეს.

მიუხედავად ამისა, თუკი თბილისი ანტიირანულ კოალიციას შეუერთდება, თეირანმა შეიძლება საქართველო მაინც ჩათვალოს თავის მოწინააღმდეგედ. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა, ირანმა რაიმე სახის დარტყმა მიაყენოს კოალიციის ქვეყნებს და მათ შორის - ჩვენს ქვეყანას?

ირანის საზღვრის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილიდან საქართველოს საზღვრის უკიდურეს სამხრეთამდე  პირდაპირი ხაზით 160 კმ-ია, ხოლო თბილისის ცენტრამდე - 215 კმ. ეს მანძილი გამორიცხავს ირანის მხრიდან არტილერიისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენების შესაძლებლობას.

ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაშია 13 ერთეული Су-25 ტიპის მოიერიშე (ისინი თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში აიწყო და მათგან შვიდი 1991 წელს ერაყიდან ირანში გადაფრინდა) და 30 ერთეული საფრონტო ბომბდამშენი  Су-24МК რომლებსაც შეუძლიათ ირანიდან საქართველომდე მოღწევა, მაგრამ ეს, თუნდაც გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ფაქტორის გამო, ძნელად წარმოსადგენია. მართალია, კრემლი ირანზე დასავლეთის შესაძლო თავდასხმას ეწინააღმდეგება, მაგრამ არც იმას დაუშვებს, რომ ირანის საბრძოლო თვითმფრინავები სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეში შემოფრინდნენ, რადგან ამ რეგიონს თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

ბევრად უფრო სახიფათოა ბალისტიკური რაკეტების ფაქტორი, რადგან ფრენის ტრაექტორიის გამო (ბალისტიკური რაკეტის ტრაექტორიის უმაღლესი წერტილი 50-70კმ-ზე მაღლა გადის) მათი აღმოჩენა ძალიან ძნელია, ხოლო ჩამოგდება - თითქმის შეუძლებელი. ირანის განკარგულებაშია "შაჰაბის" ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები. მათი მოქმედების რადიუსი 300-350 კმ-დან იწყება ("შაჰაბ-1") და 1500 კმ-მდე აღწევს ("შაჰაბ-3"), ამიტომ  ირანიდან თბილისამდე მიღწევა ნებისმიერ მათგანს შეუძლია, მაგრამ თითქმის არ არსებობს შანსი, რომ ირანმა საქართველოზე დახარჯოს თავისი ბალისტიკური რაკეტების შეზღუდული მარაგი, რადგან თეირანს საპასუხო დარტყმებისთვის უკვე დიდი ხანია, შერჩეული აქვს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სამიზნეები ისრაელის ტერიტორიაზე და ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული.

მოსალოდნელია თუ არა, რომ უახლოეს პერიოდში ისრაელმა და აშშ-მაც ირანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელონ ირანის ატომური და სარაკეტო ობიექტების გასანადგურებლად?

ირანის ზემოხსენებულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმის მთავარი ინიციატორი ისრაელია, რომელმაც ამ გზით ორჯერ (ერთხელ ერაყის ატომური ელექტროსადგურის, ხოლო მეორედ სირიის ატომური ობიექტის დაბომბვით) მიაღწია სასურველ შედეგს და რის გამოც ატომური იარაღი ვერ შექმნეს ვერც სადამ ჰუსეინის ერაყმა და ვერც სირიამ.

ირანს აქვს შანსი, დაიწყოს 90%-მდე გამდიდრებული ურან-235-ის შეგროვება (ჯერჯერობით ირანელმა სპეციალისტებმა 20%-იანი გამდიდრების დონეს მიაღწიეს, თუმცა ეს მხოლოდ დროის ფაქტორია, რადგან სპეციალური ცენტროფუგები ირანის ატომურ ობიექტებზე დღედაღამ მუშაობენ), მაგრამ ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება საკმარისი არ იქნება - საჭიროა მისი ზომების შემცირება, რათა ის ბალისტიკური რაკეტის 1,3-1,5 მ დიამეტრის ქობინში განთავსდეს.

თუკი ირანს ხელი არავინ შეუშალა, უახლოეს 3-5 წელში (ან შეიძლება უფრო ადრეც), თეირანს შეიარაღებაში უკვე ექნება 10-20 კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინი, რომელსაც "შაჰაბ-3" ან უფრო გაუმჯობესებული ტიპის ბალისტიკური რაკეტა რამდენიმე წუთში უპრობლემოდ გადაიტანს ირანიდან ათასი კმ-ით დაშორებულ ისრაელამდე.

ბირთვული იარაღი ისრაელს უკვე 40 წელია, აქვს, თუმცა ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს. თელ-ავივი არავის დამუქრებია ბირთვული დაბომბვით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველი წრეები კი არ მალავენ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ისრაელს გაანადგურებენ.

ამიტომაც გასაგებია ისრაელის მცდელობა, პრევენციული საჰაერო დარტყმებითა და დივერსიებით (ირანელი ფიზიკოსებისა და მერაკეტეების ტერორისტული აქტებით მოკვლა) ხელი შეუშალოს ირანის ხელში ბირთვული იარაღის აღმოჩენას.

რომ არა აშშ-ის შემაკავებელი პოზიცია, ისრაელი ირანს აქამდე დაარტყამდა.

სავარაუდოდ, ისრაელის საბრძოლო ავიაცია ეცდება, მოულოდნელი საჰაერო დარტყმა მიაყენოს ირანის ატომურ და სარაკეტო ობიექტებს, ასევე საჰაერო თავდაცვის მართვის პუნქტებს, საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებს და ა.შ.

ასევე სავარაუდოდ, ისრაელი ირანის საჰაერო სივრცეში  ერაყის მხრიდან შეიჭრება, რადგან სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს.

აშშ ისრაელს მხარს აუცილებლად დაუჭერს, რისთვისაც გამოიყენებს სპარსეთის ყურეში მოდრეიფე მე-5 ოპერატიული ფლოტის შესაძლებლობებს. ძალზე საგულისხმოა, რომ სპარსეთის ყურისკენ მიემართება მესამე ამერიკული ატომური ავიამზიდი "ენტერპრაიზი", რომელიც უნდა შეუერთდეს იქ მყოფ ორ ავიამზიდს და ეს ირანზე საჰაერო თავდასხმის მზადების დამამთავრებელი ეტაპი იქნება.

როგორც ვხედავთ, ისრაელსა და აშშ-ს სხვადასხვა მიმართულება აქვთ ირანის ატომურ და სარაკეტო ობიექტებზე საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად ისე, რომ არ გამოიყენონ სამხრეთ კავკასიის მიმართულება და საქართველოს საჰაერო სივრცე.

ჩვენ  კი ირანულ ბალისტიკურ რაკეტებზე მეტად, ალბათ, იმ რადიოაქტიურ ღრუბლებს უნდა ვუფრთხილდეთ, რომლებიც ირანული ატომური ობიექტების აფეთქების შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას...