როგორი იქნება ამერიკული სამხედრო დახმარება? - კვირის პალიტრა

როგორი იქნება ამერიკული სამხედრო დახმარება?

ქართული მხარე აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის ჯერ არნახულ დონეს წინასწარმეტყველებს, ამერიკელები კი თავშეკავებას ამჯობინებენ...

აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობა თვისებრივად სხვა დონის გახდება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: "ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სამხედრო თანამშრომლობა გადავიდეს ახალ, სხვა ეტაპზე და რეალურად დავკავდეთ მართლა საკუთარი თავის დაცვით".

ეს პრეზიდენტის მხრიდან ერთგვარი აღიარებაა იმისა, რომ აქამდე აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობა ძირითადად სწორედ ავღანეთში გასაგზავნი ქართული სამხედრო კონტინგენტის მომზადებით შემოიფარგლებოდა, არადა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას მეტი სჭირდებოდა. პრეზიდენტის აზრით, საქართველოს ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში ასეთი აქტიური მონაწილეობა რომ არ მიეღო, აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის ახალი, უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი ვერ დაიწყებოდა.

ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებებს უნდა ვენდოთ, რადგან ამერიკული მხარე და თავად პრეზიდენტი ბარაქ ობამა თავს იკავებენ და არაფერს ამბობენ, ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაორმაგება მართლა გაზრდის თუ არა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციისთვის მომზადებული ქართული სამხედრო კონტინგენტი, რა თქმა უნდა, სამშობლოში საბრძოლო გამოცდილებით ბრუნდება, მაგრამ ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის საკმარისი არ არის თუნდაც იმიტომ, რომ ავღანეთისგან განსხვავებით, სადაც ქართველი სამხედროები თალიბებთან ანტიპარტიზანულ საბრძოლო გამოცდილებას იღებენ, საქართველოს რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები ემუქრებიან და რუსულ მოიერიშეებთან, შვეულმფრენებსა თუ ტანკებთან ბრძოლას ქართველი სამხედროები ავღანეთში ვერ ისწავლიან.

მოსალოდნელია, რომ ამერიკული დახმარების შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ავიაციასა და ჯავშანსატანკო დანაყოფებთან ბრძოლის ტექნიკა  გააუმჯობესონ, თუმცა, ამისთვის მხოლოდ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღების მოწოდება არ კმარა.

ტანკსაწინააღმდეგო "ფაგოტები" აგვისტოს ომის დროსაც არ გვაკლდა, მაგრამ ისე გავატანეთ მოწინააღმდეგეს, ვერც კი გამოვიყენეთ.

მთავარია, თავდაცვის პროფესიონალურ დონეზე ორგანიზება და საბრძოლო დანაყოფების სწორად მართვა, თორემ ჰიპოთეტური ამერიკული "სტინგერებიც" და "ჯაველინებიც" ისევ მომხდურის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს.

ამერიკული მხარის ყველაზე დიდი დახმარება იქნებოდა საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლისა და მართვის ეფექტური სისტემის შექმნა, რომელიც დროულად აღმოაჩენდა და მიზანში ამოიღებდა ყველა დაუპატიჟებელ მფრინავ სტუმარს.

თუკი რუსეთის გენერალიტეტი დარწმუნდება, რომ ქართული არმია კარგად აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, ისინი დაფიქრდებიან, ღირს თუ არა სახმელეთო ოპერაციის წამოწყება, რადგან საჰაერო მხარდაჭერის გარეშე რუსული ჯავშანტექნიკისა და ქვეითების საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად მცირდება.

ამ თემაზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით თავის შეკავება ჯობს, რადგან არაერთი ნიუანსი  ბუნდოვანია.

გვინდა გვჯეროდეს, რომ ქართული მხარის იმედს საფუძველი აქვს და ეს ყველაფერი მორიგ წინასაარჩევნო პიარად არ დარჩება, რისი მაგალითებიც, ჩვენდა სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად გვქონია, თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომის წინ.