წაგებული 35 მლნ და უკან დასაბრუნებელი უპილოტოები... - კვირის პალიტრა

წაგებული 35 მლნ და უკან დასაბრუნებელი უპილოტოები...

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი თარგამაძემ, გასული კვირის ბოლოს, როგორც იქნა, ნათელი მოჰფინა საკითხს, რისთვის უნდა გადაუხადოს საქართველომ ისრაელის ერთ-ერთ ფირმას 35 მლნ დოლარი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში ისრაელის ცნობილმა საიარაღო ფირმა "ელბიტმა" ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა საქართველოს ხელისუფლებას და 2007 წლის ხელშეკრულების დარღვევის გამო 100 მლნ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ საქმეს მოიგებდნენ, რადგან ისრაელის ფირმა თავად არღვევდა ხელშეკრულებას.

2011 წლის ბოლოს "ელბიტის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლონდონის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას "ელბიტის" სასარგებლოდ 35 მლნ დოლარის გადახდა და მატერიალური ფასეულობის ნაწილის დაბრუნება დააკისრა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სიახლეზე დუმილს არჩევდნენ, მასმედიას რომ არ აეტეხა ხმაური და არ დაესვა ლოგიკური კითხვა: რისთვის უნდა მოაკლდეს ქვეყნის ბიუჯეტს 35 მლნ დოლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელების ფულიც არის?

წინა კვირას პარლამენტარმა გივი თარგამაძემ ამ ბურუსით მოცულ სკანდალში მკრთალი სინათლე შეიტანა. მან განაცხადა: "ქართული მხარე "ელბიტს" 35 მლნ დოლარის ღირებულების საქონელს, კერძოდ კი -  უპილოტო თვითმფრინავებს, უკან დაუბრუნებს".

აღმოჩნდა, რომ მთელი ეს სკანდალი სწორედ იმ უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავებს უკავშირდება, რომლებმაც ერთხელ უკვე გაგვხვია დიდ აურზაურში და შეიძლება გარკვეულწილად კიდეც დააჩქარა 2008 წლის აგვისტოს ომი.

ბევრს ემახსოვრება, 2008 წლის გაზაფხულ-ზაფხულში აფხაზეთის თავზე ერთმანეთის მიყოლებით როგორ ჩამოგვიყარეს სამი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი "ჰერმეს-450" (ერთ-ერთმა "ჰერმესმა" "სიცოცხლის ბოლო წუთებში" ვიდეოკამერით გადაღება და მართვის პუნქტისთვის იმის გადაცემა მოასწრო, თუ როგორ უახლოვდება რუსული МиГ-29-დან გაშვებული "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტა).

ეს სწორედ ის "ჰერმესები" იყო, რომლებიც 2007 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ისრაელის "ელბიტმა" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის დასაწყისში მიაწოდა.

"ჰერმესების" ჩამოყრის შემდეგ რუსეთის საინფორმაციო მანქანამ ოფიციალური თბილისი მსოფლიოს თვალში წარმოაჩინა აგრესორად, რომელიც აფხაზეთის თავზე სიტუაციას ზვერავდა და ომისთვის ემზადებოდა.

ყოველივე ამან საქართველოს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა. ეს მით უფრო დასანანია, რადგან ქობულეთიდან გალის რაიონის თავზე მფრენმა "ჰერმესებმა" ბევრი ვერაფერი აღმოაჩინეს, რაც, ალბათ, იმ მაღალჩინოსანი სამხედროების ბრალია, ვინც შესაბამის დაუზუსტებელ დავალებებს აძლევდა ოპერატორებს. არადა, ამ "ჰერმესებს" ოჩამჩირესთან გადამალული ოპერატიულ-ტაქტიკური "ტოჩკა-უ"-ს ტიპის სამი დანადგარი რომ აღმოეჩინათ (ისინი რუსებმა 2007 წლის შემოდგომაზე მალულად  შეიყვანეს და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქედან სამი რაკეტა ფოთს ესროლეს), თბილისი გაეროში წარადგენდა იმის დამადასტურებელ საბუთებს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომისთვის ემზადებოდა და კრემლი სკანდალს თავიდან ვერ აირიდებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ "ჰერმესების" ჩამოყრის შემდეგ აღიარა, რომ საქართველომ ისრაელისგან 40 ერთეული უპილოტო თვითმფრინავი შეიძინა, თუმცა მათი სახელები არ დაუზუსტებია.

შეიძლება 2007 წლის "ელბიტთან" კონტრაქტი მართლაც ითვალისწინებდა 40 უპილოტო საფრენი აპარატის შეძენას, მაგრამ ყველა "ჰერმეს-450" არ იყო. "ელბიტმა" მაშინ ხელით გასაშვები, მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატები - "სკაილარკებიც" მოგვაწოდა (მათი ნახვა მსურველებს 2009 წლის 5 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეეძლოთ, სადაც გაპიარებული აქციის - "ანგარიში ხალხს" ფარგლებში თავდაცვის სამინისტრომ თავისი შეიარაღების დიდი ნაწილი გამოიტანა).

სავარაუდოდ, პრეზიდენტის ნახსენებ 40 უპილოტოში იგულისხმებოდა როგორც "ჰერმეს-450"-ები, ისე "სკაილარკებიც", ოღონდ ეს უკანასკნელნი - უფრო მეტი. ამბობენ, რომ მესამე ქვეითმა ბრიგადამ, რომელიც აგვისტოს ომის დროს ერედვიდან სარაბუკს უტევდა, "სკაილარკის" გამოყენება სცადა, თუმცა უცნობია, რა  შედეგი მოჰყვა ამას. ისე, ბოროტი ხმები არც იმას მალავენ, რომ ერთ-ერთი "სკაილარკით" "გამჭრიახმა" სამხედროებმა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე ბაგირის გადატანა მოინდომეს, რასაც უპილოტოს დამტვრევა მოჰყვა.

დავუბრუნდეთ გივი თარგამაძის განცხადებას. მან კი თქვა, რომ "ელბიტს" 35 მლნ დოლარის საქონელს, კერძოდ, უპილოტოებს დაუბრუნებენ, მაგრამ ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, საქართველოს გადასახდელი აქვს 35 მლნ დოლარი და მატერიალური საქონლის ნაწილიო, სავარაუდოდ, სწორედ ეს უპილოტოები.

ბოლოს და ბოლოს, "ელბიტის" რამდენი უპილოტო დარჩა საქართველოს?

სამი "ჰერმეს-450" აფხაზეთის თავზე ჩამოგვიყარეს (მანამდე ერთი "ჰერმესი" ოპერატორების შეცდომის გამო შავ ზღვაში ჩავარდა) და სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი "ჰერმესი" და "სკაილარკები" უნდა იყოს დარჩენილ (ბევრი "სკაილარკი" არასწორი ექსპლუატაციის გამო მწყობრიდან არის გამოსული).

თუკი მათ "ელბიტს" დავუბრუნებთ, საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად უპილოტოების - ამ ძალზე საჭირო სადაზვერვო საშუალებების - გარეშე დარჩება.

გივი თარგამაძე აცხადებს: "საქართველოს არათუ ტრაგიკულად, არამედ სასიხარულოდაც აქვს საქმე, რადგან ებრაული წარმოების უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნა - ქართულმა მხარემ უპილოტო თვითმფრინავების წარმოება თავად დაიწყო."

საქმე სასიხარულოდ იქნებოდა, ეს რომ სიმართლე იყოს, მაგრამ ტყუილია, რაც ჩვენზე კარგად თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტშიც იციან.

გაკვირვებასა და აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ 2007 და მით უმეტეს, 2008 წელს საქართველოს სამხედრო ბიუჯეტმა ასტრონომიულ ციფრს - 1,5 მლრდ ლარს მიაღწია და ნუთუ აქედან "ელბიტის" გასასტუმრებლად საჭირო თანხა არ მოიძებნა? ამ საერთაშორისო სკანდალის გამო ხომ ქართულმა არმიამ დაკარგა იმ ტანკების, მოიერიშეების, შვეულმფრენებისა და არტილერიის მოდერნიზაციის შესაძლებლობა, რომლებზეც სწორედ "ელბიტი" აყენებდა თანამედროვე რადიოელექტრონულ აპარატურას? დაისჯებიან კი კონკრეტული მაღალჩინოსნები (ყოფილი და მოქმედი), ვის გამოც საქართველოს ბიუჯეტი 35 მლნ დოლარს და უპილოტოების ნაწილს კარგავს?

P.S.მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ "ელბიტთან" საქმე გაიფუჭა, მაგრამ ისრაელის წარმოებული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები საქართველოს და შეიძლება, თბილისის თავზეც, ისევ იფრენენ, ოღონდ ამჯერად ფრთებზე რუსული წითელი ვარსკვლავებით - მოსკოვმა თელ-ავივისგან 400 მლნ დოლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ათეული უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატი შეიძინა...