სირია აშშ-ისა და რუსეთის სერიოზული დაპირისპირების მიზეზად იქცა - კვირის პალიტრა

სირია აშშ-ისა და რუსეთის სერიოზული დაპირისპირების მიზეზად იქცა

სირიაში მიმდინარე ტრაგიკულმა მოვლენებმა შეიძლება დასავლეთ-ირანის დაპირისპირებაში დამაჩქარებელი ფაქტორის როლი შეასრულოს. უცხოური საინფორმაციო საშუალებების გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიის სამოქალაქო ომში უკვე გამოჩნდნენ უცხო ქვეყნის სპეცრაზმელები - თითქოს  ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად თეირანმა 15 ათასი სპეცრაზმელი გაგზავნა, თავის მხრივ კი, დიდი ბრიტანეთისა და კატარის სპეციალური ძალების ინსტრუქტორები, თურმე, სირიელ აჯანყებულებს ეხმარებიან.

პრეზიდენტ ასადის რეჟიმს პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გაეროს უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრიც - ჩინეთი და რუსეთი - უცხადებს. მოსკოვმა და პეკინმა უკვე ორჯერ დაადეს ვეტო და ჩააგდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც სირიაში სამოქალაქო ომის შეწყვეტასა და ბაშარ ასადის გადადგომას მოითხოვდა.

გარდა ამისა, სირიის პრეზიდენტთან მისმა რუსმა კოლეგამ ორი მაღალჩინოსანი - საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო დაზვერვის შეფი აფრინა საიდუმლო გზავნილით. არაბულ მასმედიაში ამტკიცებენ, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა ფრადკოვმა პრეზიდენტ ასადს "მიართვა" რუსული კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოსურათები, რომლებზეც ჩანს სირიელ აჯანყებულთა  ბაზები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა კი გადასცა კრემლის დანაბარები - სირიის ხელისუფლებამ დაიწყოს გადამწყვეტი საბრძოლო ოპერაცია ოპოზიციის გასანადგურებლად, მოსკოვი კი მათ მხარს დაუჭერს Eსაერთაშორისო არენაზე და პირველ რიგში - გაეროში.

კრემლში არ სურთ, ლიბიის მსგავსად, სირიაზეც გავლენა დაკარგონ. გარდა იმისა, რომ რუსეთს ამ ქვეყანასთან რამდენიმემილიარდიანი სამხედრო ხელშეკრულებები აქვს დადებული და მათი გაუქმება არ უნდა (როგორც ეს მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობისას მოხდა), მოსკოვს სურს, შეინარჩუნოს ხმელთაშუა ზღვაში, სირიის პორტ ტარტუსში განლაგებული ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა და  განაახლოს მძლავრი რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრის მუშაობა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც მეზობელ ქვეყნებს (და პირველ რიგში - ისრაელს) ზვერავს.

პრეზიდენტ ასადის რეჟიმის სწრაფი დამხობა და მეზობელ სირიაში არეულობა ისრაელსაც უნდა აძლევდეს ხელს. საქმე ის არის, რომ ირანის ატომური ობიექტებისკენ  მიმართული უმოკლესი საჰაერო გზა ისრაელიდან ირანამდე სწორედ სირიასა და ერაყზე გადის. ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემა მოშლილია და თუკი სირიაშიც დაამხობენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებას, ოპოზიციას კარგა ხანს არ ეცლება საჰაერო თავდაცვისთვის, რაც ისრაელის დამრტყმელ თვითმფრინავებსა და საჰაერო ტანკერებს საშუალებას მისცემს, დაუბრკოლებლად გაფრინდნენ ირანისკენ.

სირიის პრობლემა და გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ხისტი პოზიცია ძაბავს თეთრი სახლისა და კრემლის ურთიერთობას, რაც პრეზიდენტ ობამას მკაცრ გამოსვლებსაც დაეტყო. სავარაუდოდ, დასავლეთი ყველანაირად ეცდება ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად რუსეთი მუამარ კადაფივით ხელში არ შეატოვებს მათ სირიის პრეზიდენტს...