თეირანის დაყოლიება - ბანკებით თუ ბომბებით?! - კვირის პალიტრა

თეირანის დაყოლიება - ბანკებით თუ ბომბებით?!

ვაშინგტონს კიდევ აქვს იმედი, რომ ეკონომიკური სანქციებით თეირანს ატომური ბომბის შექმნაზე ხელს ააღებინებს, თელ-ავივს კი ირანული ატომური პროგრამის შეჩერება მხოლოდ დაბომბვით წარმოუდგენია...

აშშ-ისა და ისრაელის ხელისუფალნი ვერ შეთანხმდნენ, როდის მიაყენონ ირანის ატომურ ობიექტებს წერტილოვანი საჰაერო დარტყმები.

თელ-ავივში მიაჩნიათ, რომ ირანის ხელისუფლებას დაწყებული აქვს ატომური ობიექტების ნაწილის გადატანა მიწისქვეშა საცავში, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არაბირთვული ამერიკული ბომბი, 14-ტონიანი МОР (იგივე  GBU-57)-იც ვერ ააფეთქებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეირანი მიწისქვეშა ბუნკერებში გადატანილი ცენტრიფუგებით ურანი-235-ის 90%-მდე, ანუ ატომური ასაფეთქებელი მოწყობილობისათვის საჭირო დონემდე გამდიდრებას გააგრძელებს. ამიტომ ისრაელის ხელისუფლება, განსაკუთრებით - სამხედროები, ირანის ატომური ობიექტების დაუყოვნებლივ დაბომბვის მომხრენი არიან, ვაშინგტონში კი ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ეკონომიკური სანქციებით აიძულებენ თეირანს, შეწყვიტოს ატომური იარაღის შექმნის პროგრამა.

თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ახალი წლიდან დაწყებული ეკონომიკური სანქციები უკვე აზარალებს ირანის ეკონომიკას და თეირანს აიძულებს, ქვეყნის გადარჩენისთვის უარი თქვას ატომური იარაღის შექმნაზე, რის შემდეგაც ირანის ატომური ობიექტების დაბომბვა საჭირო არ იქნება.

დასავლური მედიის მტკიცებით, ახალი წლიდან ირანში პურის ფასი სამჯერ გაიზარდა. ერთი კგ ბრინჯი 5 დოლარამდე ღირს, ხოლო ხორცი - 30 დოლარამდე. თეთრ სახლში დარწმუნებული არიან, რომ  ეკონომიკური პრობლემები ირანელების დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც ხელს შეუშლის მმართველი პარტიის გამარჯვებას მარტში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე.

ირანთან ომის დაწყება დღეს ყველაზე ნაკლებად სწორედ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას უნდა სურდეს, რადგან წლების განმავლობაში ავღანეთის ანტიპარტიზანული ომის ჭაობში ჩაფლულ პენტაგონს არც ძალა და მით უმეტეს, არც სახსრები ეყოფა ირანში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის წამოსაწყებად.

არადა, თუკი ისრაელმა გაბედა და ირანის ატომურ ობიექტებს წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მიაყენა, აშშ იძულებული იქნება, ამ ომში ჩაებას თუნდაც იმიტომ, რომ ირანი უეჭველად განახორციელებს საპასუხო სარაკეტო დარტყმებს როგორც ისრაელზე, ისე რეგიონში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.

ამავე დროს, თეირანმა შეიძლება ორმუზის სრუტის ჩაკეტვაც სცადოს, რაც არც ისე ძნელია, როგორც ერთი  შეხედვით ჩანს - ორმუზის სრუტის სიგანე ყველაზე ვიწრო ადგილას 57კმ-მდეა და საზღვაო ნაღმების ჩაწყობა სპარსეთის ყურიდან ტანკერების გამოსვლას შეაფერხებს, რაც თავის მხრივ, ნავთობის მსოფლიო ბაზარს "ააფეთქებს".

მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლში ეკონომიკური სანქციებით თეირანის "მორჯულების" იმედს არ კარგავენ, პენტაგონი სპარსეთის ყურეში მაინც ზრდის სამხედრო პოტენციალს. სამხედრო ანალიტიკოსების გამოთვლით, სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვაში მოდრეიფე აშშ-ის მე-5 ოპერატიული ფლოტის წყალზედა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების შეიარაღებაში დღეისათვის 320-მდე ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკია". მათი რიცხვი აპრილისთვის 430-მდე გაიზრდება, როდესაც ირანის სანაპიროსთან მესამე ამერიკული ატომური ავიამზიდი "ენტერპრაიზი" მიცურდება თავის საავიამზიდო ჯგუფთან ერთად.

თუკი ფინანსურმა სანქციებმა შედეგი გამოიღო და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილმა ირანელებმა საპროტესტო აქციებით აიძულეს ოფიციალური თეირანი, დასავლეთთან მოლაპარაკება გამართოს, ირანი და მთელი მსოფლიო ახალ ომს გადაურჩება, თუ არადა, აპრილ-მაისში სიტუაცია შეიძლება  უკიდურესად დაიძაბოს.