რუსული საოკუპაციო ბაზების შეიარაღება მთელ საქართველოს ემუქრება... - კვირის პალიტრა

რუსული საოკუპაციო ბაზების შეიარაღება მთელ საქართველოს ემუქრება...

რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მინიშნება, რომ ცხინვალსა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზებიდან შეუძლიათ საქართველოს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენონ, ჩვენდა სამწუხაროდ, სულაც არ არის საფუძველს მოკლებული.

შეიძლება რუსეთის პრეზიდენტმა ასეთი მკვეთრი განცხადება იმიტომაც გააკეთა, რომ ვაშინგტონის შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ ბრძანა, პრეზიდენტ ობამასთან შეთანხმებას მივაღწიეთ და აშშ სერიოზულად დაეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაშიო.

ამერიკული იარაღი რუსეთის სამხედრო აგრესიისგან დაცვის პანაცეა არ არის, ცხადია, ვერ დაგვიცავს, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა დანიშნულების თავდაცვის იარაღს, რომც სურდეს, აშშ ვერ მოგვაწვდის.

ცხინვალის რეგიონში მდებარე მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის შეიარაღებაშია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები "სმერჩი" და შესაძლოა, ოპერატიულ-ტაქტიკური "ტოჩკა-უ"-ებიც, რომელთა რაკეტებს თბილისამდე მოსაღწევად ორიოდე წუთი დასჭირდებათ და მათთვის ჰაერში გზის გადაჭრა წარმოუდგენელია მაშინაც კი, თუ მოხდა საოცრება და თბილისთან ამერიკელებმა საზენიტო-სარაკეტო "პეტრიოტები" განათავსეს, რაც ასევე ფანტასტიკური ნააზრევი გახლავთ.

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებზე მყოფი პირადი შემადგენლობის რაოდენობა და არსენალში არსებული ჯავშანტექნიკა და არტილერია არ არის საკმარისი, რომ მათ თბილისზე შეტევა წამოიწყონ და წარმატებას მიაღწიონ (თუ, რა თქმა უნდა, ზოგიერთმა სამხედრო მეთაურმა და პოლიტიკოსმა, კუდამოძუებულმა, "თავის ცხენს" არ გამოასწრო, როგორც ეს აგვისტოს ომის დროს ხდებოდა). მეორე მხრივ, ამ ბაზებზე არსებული სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებით შეიძლება სერიოზული დარტყმების განხორციელება საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებზე - დედაქალაქზე, ვაზიანის, მარნეულის, სენაკისა და ფოთის სამხედრო ბაზებზე.

ამასთან, ორივე საოკუპაციო ბაზა ერთგვარი პლაცდარმია გადამწყვეტი იერიშის დაწყებამდე რუსული სამხედრო ძალების თავმოსაყრელად. როკის გვირაბიდან და ფსოუდან რუსეთს შეუძლია, ორ-სამ კვირაში ცხინვალთან და გალის რაიონში თავი მოუყაროს დიდ საბრძოლო დაჯგუფებას, რომელსაც რუსეთიდან შემოფრენილი დამრტყმელი ავიაცია დაეხმარება.

ასე რომ, ამერიკული თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვა (ან რა თანხებით უნდა ვიყიდოთ მსოფლიოში ყველაზე ძვირი ამერიკული იარაღი და თან - საჭირო რაოდენობის) უსაფრთხოების გარანტია არ არის, მით უმეტეს, რომ ოფიციალური თბილისისგან განსხვავებით, ამერიკული მხარე ამ თემაზე საჯარო საუბარს კვლავ გაურბის.

ჯერ ამერიკული შეიარაღება არსად ჩანს და ისევ ისე არ დაგვემართოს, "ნატოში შევდივართ-შევდივართო", რომ ვიყვირეთ და 2008 წელს რუსეთს ომი "გამოვტყუეთ"...