ისრაელი, ირანი, ბომბი... საქართველო რა შუაშია?! - კვირის პალიტრა

ისრაელი, ირანი, ბომბი... საქართველო რა შუაშია?!

დელიში ისრაელის სამხედრო ატაშეს მანქანის აფეთქებაში და თბილისში ისრაელის ელჩის მძღოლის პირადი ავტომობილის დანაღმვაში ოფიციალურმა თელ-ავივმა ირანის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესადაა დაძაბული და დღე-დღეზე შეიძლება ომიც დაიწყოს, მაგრამ თბილისში, ავტომანქანაში ნაღმის ჩადებაში უმალ ირანელი მზვერავების დადანაშაულება მართლაც მეტისმეტია.

ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისას თუ ტერაქტის შემდეგ კრიმინალისტებსა და ანალიტიკოსებს კვირაობით თავაუღებელი მუშაობა უწევთ, რომ როგორმე მის შემსრულებელს და, თუ ბედმა გაუღიმათ, შემკვეთსაც მიაგნონ. თბილისში ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ჯერ კარგად არ იყო შესწავლილი და არც ებრაელი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული საქართველოში, ირანი ისე დაადანაშაულეს.

თავის მხრივ, ირანის ხელისუფლება იმ ტერორისტულ აქტებში, რომელთაც ხუთი ირანელი ფიზიკოსი შეეწირა, ისრაელის "მოსადს" სდებს ბრალს. თეირანში უცნობი მოტოციკლისტები  მაგნიტურ ნაღმებს ამაგრებდნენ ბირთვულ ფიზიკაში მომუშავე ირანელი მეცნიერების ავტომობილების სახურავზე.

ამ ტერორისტული აქტების მომზადებისას, "მოსადის" დახმარებაში, თეირანმა ბრალი თავის მეზობელ აზერბაიჯანსაც დასდო, რისი ძირითადი მიზეზი შეიძლება აზერბაიჯან-ისრაელის ბოლოდროინდელი მჭიდრო სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა იყოს.

როგორც ხედავთ, ისრაელ-ირანის სახიფათო დაპირისპირებაში, რომლის მძიმე შედეგმა შეიძლება მთელ მსოფლიოზე იმოქმედოს, სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის - აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩათრევაც უნდათ.

რომელი ქვეყნის ან ქვეყნების სპეცსამსახურებს სურთ ეს, წესით, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ.

ცუდია, თუ ისრაელ-ირანის დაპირისპირებაში საქართველოს სახელი ხშირად გაიჟღერებს, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არ იქნება.

საერთოდ, თავისი სადაზვერვო საქმიანობისთვის მესამე ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება ახალი არ არის. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მის დედაქალაქში (და არა მარტო) საგრძნობლად გააქტიურდნენ მეზობელი (და არა მარტო) ქვეყნების სპეცსამსახურები.

სამხრეთ კავკასიაში თბილისი ერთგვარი სადაზვერვო ცენტრია, სადაც აქტიურად მუშაობენ როგორც საქართველოსადმი მტრულად განწყობილი, ისე მეგობარი ქვეყნების მზვერავები. მათ ძირითად დასაყრდენს საელჩოები, ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტი და ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ.

თუმცა ერთია დაზვერვა და მეორე - ტერორისტული აქტების მომზადება და განხორციელება. საქართველოს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი სწორედ მაშინ გამოვლინდება, თუკი ისინი არა მარტო რუსულ ჯაშუშურ ქსელს, არამედ სხვა ქვეყნების აქტიურად მოქმედ მზვერავებსაც გამოააშკარავებენ.