სამი თვით მეტხანს ყაზარმაში, რატომ? - კვირის პალიტრა

სამი თვით მეტხანს ყაზარმაში, რატომ?

ხელისუფლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის 12-დან 15 თვემდე გაზრდას საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების აუცილებლობით ხსნის...

გასული წლის ბოლოს, 2011 წლის 12 დეკემბრის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში "ჯარში - ორი წლით?" გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ ახალი წლის შემდეგ ხელისუფლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას გააორმაგებდა.

ჩვენი პროგნოზი ნაწილობრივ გამართლდა - გასულ კვირას, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა (თავდაცვისა და უშიშროების, ასევე იურიდიულ საკითხთა) სავალდებულო სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადის 15 თვემდე გაზრდის აუცილებლობაზე დაიწყეს მსჯელობა და ისიც ცხადია, რომ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა უპრობლემოდ მიიღებს.

ჯარისკაცების ერთი წლის ნაცვლად 15 თვით ყაზარმებში გაჩერების დასასაბუთებლად კანონის ცვლილების ინიციატორებს ორი არგუმენტი აქვთ - ჯერ ერთი, ეს თითქოს აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და მეორე - ჯარისკაცის მოსამზადებლად 12 თვე საკმარისი არ არისო.

დავიწყოთ იმით, რომ არ არსებობს რაიმე საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობას განსაზღვრავს. ეს ისეთივე აბსურდია, როგორიც ხელისუფლების სამსახურში მყოფი ტელეჟურნალისტების მომზადებულ სიუჟეტებში გაცხადებული, რომ გაიხსნა  NAთO-ს სტანდარტის ახალი ყაზარმა, რომლის ტუალეტები, თურმე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს...

სინამდვილეში არავითარი  NATO-ს სტანდარტი არ არსებობს, რადგან ყველა თვლის, რომ ნორმალურ ქვეყანაში ყაზარმები ისედაც კეთილმოწყობილი უნდა იყოს...

მოკლედ, პირველი არგუმენტი ყურით მოთრეულია.

შეესაბამება თუ არა სიმართლეს მეორე არგუმენტი, რომ 12 თვე ჯარისკაცის მოსამზადებლად არასაკმარისია?

გააჩნია, რისთვის ვამზადებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულს...

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ ექვსი წლის წინ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ერთი წლიდან წელიწად-ნახევრამდე გაზარდა. მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ამას ასე ხსნიდა: - ქართული არმია ახალ შეიარაღებას ყიდულობს და მათ ასათვისებლად ჯარისკაცებს უფრო მეტი დრო დასჭირდებათო.

ეს არგუმენტიც რომ არ შეესაბამებოდა სიმართლეს, უახლოესმა წარსულმა დაამტკიცა, როცა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა ისევ ერთ წლამდე შეამცირეს და უფრო მეტიც - კარგა ხანს თავდაცვის სამინისტროს ერთი ჯარისკაციც არ გაუწვევია!

საქმე ის არის, რომ შედარებით რთულად ასათვისებელ შეიარაღებას, მათ შორის - ჯავშანტექნიკასა და საარტილერიო სისტემებს (აღარაფერს ვამბობთ ავიაციაზე) კონტრაქტით აყვანილი სამხედრო პირები ემსახურებიან. ეს გამართლებულიცაა, რადგან მათ მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, განსხვავებით 5-ლარიანი ანაზღაურების მქონე სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცებისაგან, რომელნიც დემობილიზაციამდე დღეებს კი არა, საათებსა და წუთებს ითვლიან.

ამიტომ იმის მტკიცება, რომ ჯარისკაცის მოსამზადებლად უფრო მეტი დროა საჭირო, რათა მან რთული საბრძოლო ტექნიკა აითვისოს, სიმართლე არ გახლავთ - ჯარისკაცს ტანკის სამართავ ბერკეტებამდე არავინ მიუშვებს და სწორადაც მოიქცევიან.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო სავალდებულო სამხედრო სამსახურში ძალიან მცირე რაოდენობით წვევამდელს იწვევდა. მათ ლოჯისტიკურ დანაყოფებში ანაწილებდნენ და ეს ჯარისკაცები ძირითადად სამხედრო ბაზებისა და საწყობების გარე პერიმეტრს იცავდნენ "კალაშნიკოვით".

"ნარიადში" "ჩერეზ დენ" მოსიარულე ჯარისკაცის საბრძოლო მომზადება შეუძლებელია, ხოლო "კალაშნიკოვის" დაშლა-აწყობასა და უსაფრთხო მოხმარების სწავლებას ერთი წელი კი არა, ერთი თვეც არ სჭირდება.

თუმცა 2011 წლიდან სიტუაცია შეიცვალა. თავდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვნად გაზარდა წვევამდელთა რაოდენობა... საგაზაფხულო გაწვევაზე მისი კვოტა 3275 იყო, საშემოდგომოზე - 4891, არადა 2010 წლის საშემოდგომო გაწვევაზე თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 1204 წვევამდელი მოითხოვა.

გამოდის, რომ მარტო გასულ წელს თავდაცვის სამინისტრომ ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში 8166 ახალგაზრდა წაიყვანა. ძნელი დასაჯერებელია, რომ გასულ წლებთან შედარებით თითქმის ოთხჯერ გაზრდილი კონტინგენტი მარტო ლოჯისტიკური დანაყოფების დასაცავად იყოს საჭირო.

გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულთა გადანაწილება ლოჯისტიკურის გარდა ქვეით ბრიგადებში, ანუ საბრძოლო დანაყოფებშიც დაიწყო.

აქამდე გვიმტკიცებდნენ, საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიონალურია, რადგან თითქმის მთლიანად კონტრაქტით მომსახურე სამხედროებით არის დაკომპლექტებული (თუმცა კონტრაქტი არმიის დაკომპლექტების ერთ-ერთი სახეა და იგი პროფესიონალიზმს სულაც არ ნიშნავს), რომლებიც თავიანთი სურვილით მიდიან სამშობლოს დასაცავადო.

ესე იგი, შეიარაღებულ ძალებთან რამდენიმეწლიანი კონტრაქტის გაფორმების მსურველთა რაოდენობამ იკლო და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულთა რიცხვის გაზრდა ამიტომ გახდა საჭირო?

კაცმა რომ თქვას, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელი საკადრო პოლიტიკის გამო ეს მოსალოდნელიც იყო - მოედანზე ასობით თანამოსამსახურის წინ ზოგიერთი მეთაურის მიერ უკანონოდ დასჯილ და შეურაცხყოფილ სამხედროებს, ცხადია, კონტრაქტის გაგრძელების სურვილი არ გაუჩნდებოდათ...

ამას დავუმატოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - კონტრაქტით მომსახურეთა არცთუ მცირე ნაწილს ავღანეთში წასვლა არ სურს და ყველანაირად ცდილობს, ამ საშიშ მივლინებას თავი აარიდოს.

ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მორიგი როტაციისთვის, ასევე, დამატებით ერთი ახალი ქვეითი ბატალიონის გასაგზავნად კი მეტი კონტრაქტით მომსახურეა საჭირო.

სავარაუდოდ, სავალდებულო სამსახურში გაწვეულთა რიცხვისა და მათი სამსახურის ვადის 3 თვით გაზრდით ხელისუფლება ეცდება, ერთი მხრივ, შეასრულოს აშშ-ისა და NATO-სთვის მიცემული პირობა - 1700 სამხედროთი საქართველო გახდეს პირველი კონტრიბუტორი ავღანეთში და მეორე მხრივ, ქვეით ბრიგადებში დისლოკაციის ადგილებზე პირადი შემადგენლობაც შეავსოს.

არაოფიციალურად შევიტყვეთ, რომ რამდენიმე ქვეით ბრიგადაში 42-კაციანი ოცეულების დაკომპლექტება წვევამდელებით დაიწყო, რომლებიც ოცეულის ძირითად ბირთვს შექმნიან.

თუკი ეს სიმართლეა, ქართული არმია ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება - შერეული პრინციპით (გაწვეულები და კონტრაქტით მომსახურეები) დაკომპლექტებულ ოცეულში შეიძლება გაჩნდეს შიდა დაპირისპირების მიზეზი - ერთი და იმავე საბრძოლო ამოცანის შესრულებისა და ერთნაირი საფრთხის წინაშე ყოფნისას სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცი 5 ლარს მიიღებს, კონტრაქტით მომსახურე კი - 120-ჯერ მეტს...