"ლაზიკას" პრეზენტაცია - კვირის პალიტრა

"ლაზიკას" პრეზენტაცია

თებერვლის მეორე ნახევარი პრეზიდენტისთვის ჯავშანტექნიკის სამყაროში მოგზაურობად იქცა, - ავღანეთში ის  MRAP-ის კლასის Cougar-ის ტიპის ჯავშანმანქანით დადიოდა, ვაზიანში კი ახალშექმნილ ქართულ "ლაზიკაში" იჯდა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, "ლაზიკა" დაახლოებით 14 ტონას იწონის, მისი ჯავშანი 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტან ტყვიებს უძლებს, შეიარაღებულია 23 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხითა და 7,6 მმ-იანი ტყვიამფრქვევით, რომლებიც დისტანციურად იმართება. "ლაზიკაზე" დამონტაჟებულია ცეცხლის მართვის სისტემა, სადღეღამისო და თერმული კამერები. "ლაზიკას" ეკიპაჟი - 3, ხოლო დესანტი 7 კაცისგან შედგება.

ვიდეოფირზე კარგად გამოჩნდა, რომ "ლაზიკას" ბაზას საბჭოთა ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП წარმოადგენს. თუმცა ექვსი საყრდენი გორგოლაჭის ნაცვლად მუხლუხი ხუთ საყრდენ გორგოლაჭზე მოძრაობს.

დიზელის ძრავაც, ისევე როგორც БМП, "ლაზიკასაც" წინა მარჯვენა მხარეს აქვს, ხოლო მარცხნივ განთავსებულია მძღოლ-მექანიკოსისა და მეთაურის ადგილები.

"ლაზიკას" კორპუსი <ვგ-ისგან განსხვავებით გაზრდილია სიმაღლეში, ხოლო გვერდებზე დამატებითი ჯავშანფილები აქვს. სავარაუდოდ, "ლაზიკას" БМП-ებისგან განსხვავებით ცურვა არ შეუძლია. შეიარაღების ჯავშანკორპუსის გარეთ გატანა და დისტანციური მართვა გამართლებულია, თუმცა, თუკი შეიარაღების კომპლექსი (23 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი და 7,6 მმ-იან ტყვიამფრქვევი) არ არის სტაბილიზებული ორ სიბრტყეში, მაშინ მოძრაობის დროს მიზანში ზუსტად სროლა შეუძლებელი გახდება.

ასევე, БМП-ისგან განსხვავებით, "ლაზიკაში" მსხდომ მედესანტეებს არა აქვთ საშუალება საშტატო იარაღის სროლისა, რადგან სადესანტო ნაკვეთურის გვერდებზე არ არის დატანებული ამბრაზურები.

საბჭოთა ქვეითთა საბრძოლო მანქანისგან განსხვავებით "ლაზიკას" სადესანტო ნაკვეთურს უკან ორი კარის ნაცვლად, ერთი აპარელი ეღება, რაც შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული "ლაზიკა" საბჭოთა БМП-ის ბაზაზეა აგებული, იგი ძალიან ჰგავს თურქულ მუხლუხებიან საბრძოლო მანქანა  ACV-C-ს, რაც არც უნდა იყოს გასაკვირი. ქართული არმიის შეიარაღებაშია თურქული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორი Ejder-ი და ჯავშანმანქანა Cobra, რომელთა ტექნოლოგიური ნიუანსები შესაძლოა გამოიყენეს "ლაზიკას" ამწყობმა თბილისის სატანკო ქარხნის სპეციალისტებმა.