ირანთან ომის თავიდან აცილების ამერიკული გზა... - კვირის პალიტრა

ირანთან ომის თავიდან აცილების ამერიკული გზა...

ამერიკულ მასმედიაში გამოჩნდა სენსაციური მასალები, რომელთა მიხედვით აშშ-ის სადაზვერვო უწყებებს არ სჯერათ, რომ თეირანი ატომურ იარაღზე მუშაობს, რადგან ეს პროცესი, თურმე, 2003 წელს შეწყდა.

ეს მოსაზრება სრულიად ეწინააღმდეგება ისრაელის მტკიცებას, რომ ერთ-ორ წელიწადში თეირანს ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობები ექნება, სამ-ოთხ წელიწადში კი მათ მინიატიურიზაციას მოახდენს ბალისტიკური რაკეტების ქობინებზე დასაყენებლად.

ერთსულოვნება, თურმე, არც ისრაელის ხელისუფლებაშია, რაზეც მეტყველებს ის, რომ თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაქი პრეზიდენტ შიმონ პერესს აკრიტიკებს. მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია პრეზიდენტის გამონათქვამმა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს მითური ირანული ატომური ბომბით თვითდაშინება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი არ იზიარებს თავისი ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ თუ ირანის ატომური ობიექტები ახლავე არ დაიბომბება, მერე გვიან იქნება.

ბარაქმა პერესს ისიც შეახსენა, რომ იგი 1981 წელს ერაყის ატომური რეაქტორის დაბომბვის წინააღმდეგიც იყო, არადა, სწორედ ისრაელის ავიაციის წარმატებულმა ოპერაციამ დატოვა სადამ ჰუსეინი ატომური ბომბის გარეშე.

პრეზიდენტის პოზიციის გაკრიტიკებამდე ისრაელის სამხედროებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი მარტინ დემპსი, არც მეტი, არც ნაკლები, "თეირანის ინტერესების მსახურად" გამოაცხადეს იმის გამო, რომ მან ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების აუცილებლობა ეჭვქვეშ დააყენა. ამან ამერიკული მხარის დიდი გულისწყრომა გამოიწვია.

როგორც ჩანს, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ არა მარტო ისრაელის ხელისუფლების პირველ პირებს, არამედ საიდუმლო მოლაპარაკებებში მონაწილე ისრაელისა და აშშ-ის წარმომადგენლებსაც.

მარტის დასაწყისში დაგეგმილია აშშ-ისა და ისრაელის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრა, სადაც უეჭველად გამოიკვეთება მხარეთა პოზიციები, მანამდე კი ვაშინგტონი ყველანაირად ცდილობს, თავიდან აიცილოს ეს ომი და ეკონომიკური სანქციებით აიძულოს ირანი, ეროვნული ბირთული პროგრამა უფრო გამჭვირვალე გახადოს.

ამაზე მეტყველებს ვაშინგტონის მომგებიანი შეთავაზება დელისთვის, რომ თუკი ინდოეთი ნავთობპროდუქტებს ირანისგან აღარ იყიდის, აშშ მას ნავთობის შესყიდვაში დაეხმარება. საქმე ის არის, რომ 2012 წლის 1-ელი იანვრიდან ირანული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე საერთაშორისო სანქციების დაწესების მიუხედავად, ინდოეთმა ირანული ნავთობის იმპორტი რეკორდულად (დღეში 550 მლნ ბარელი) გაზარდა. სანქციების გამო დელი თეირანს ნავთობის საფასურს მყარი ვალუტით ვერ უხდის, მაგრამ ნავთობის ექსპორტის გაგრძელება ირანს მაინც ხელს აძლევს - ასე მას დასავლეთი ეკონომიკურ მარწუხებში ვერ მოაქცევს.

თუკი აშშ ინდოელებს ირანული ნავთობის შესყიდვაზე უარს ათქმევინებს და საუდის არაბეთში მოპოვებულ ნავთობპროდუქტებს ხელსაყრელ ფასად შესთავაზებს, თეირანი ერთ-ერთ მსხვილ მყიდველს დაკარგავს, რაც ბუნებრივია, მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმოქმედებს.

ირანის წინააღმდეგ ომის დაწყება შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული (უახლოეს პერიოდში მაინც), თუკი ვაშინგტონი შეძლებს ისრაელის ხელისუფლების ომის მომხრე ნაწილის შეჩერებას, რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილ ირანს კი ატომური პროგრამის გაგრძელებისთვის აღარ ეცლება, რადგან 80 მლნ-იანი მოსახლეობა ეყოლება დასაპურებელი - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით...