პუტინი ობამას აფრთხილებს: "არ მისცე სააკაშვილს იარაღი!" - კვირის პალიტრა

პუტინი ობამას აფრთხილებს: "არ მისცე სააკაშვილს იარაღი!"

რუსეთის ფაქტობრივმა მმართველმა - ვლადიმირ პუტინმა გენერალიტეტს მოუწოდა, არ შეუშინდეს აშშ-ის მიერ ქართული არმიის გადაიარაღების შესაძლო პროცესის დაწყებას

პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შემადგენლობასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქართველოს. მან ისაუბრა ობამა-სააკაშვილის ოფიციალურ შეხვედრაზე და თავისი გენერალიტეტი დაამშვიდა, - რუსეთის დაზვერვა ყველა საშუალებას იყენებს, რათა გამოამჟღავნოს, თუ რა სახის სამხედრო დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს ვაშინგტონმა თბილისს.

ამასთან, პუტინმა დაუფარავად ურჩია აშშ-ის პრეზიდენტს, არ გააძლიეროს ქართული არმია, რათა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ რაიმე სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაზე არ იფიქროს.

პუტინის ეს გამოსვლა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 რუსული სამხედრო ბაზის მეთაურის შეკითხვას მოჰყვა. როგორც ჩანს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მყოფ რუს სამხედროებს არცთუ სასხვათაშორისოდ აინტერესებთ, რითი დაეხმარება აშშ ქართულ არმიას და ხომ არ დაემუქრებათ მათ  რაიმე საფრთხე.

მართალია, პუტინმა სამხედრო მეთაურების დამშვიდება სცადა, მაგრამ როგორც იტყვიან, შიშს დიდი თვალები აქვს, ამიტომ რუსეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ ყველა მეთოდით შეეწინააღმდეგება ამერიკელების მიერ ქართული არმიის გაძლიერების პროცესის დაწყებას.

ვაშინგტონმა მართლაც რომ  მიაწოდოს თბილისს თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღება (საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო), ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ რუს სამხედროებს არაფერს უქადის, მაგრამ   თუ ისინი საქართვლოს წინააღმდეგ შეტევას წამოიწყებენ, ამერიკული თავდაცვითი იარაღი თავის სიტყვას იტყვის (რა თქმა უნდა, მათი გონივრულად და პროფესიონალურად გამოყენების შემთხვევაში).

ამ ეტაპზე სხვა პრობლემა იჩენს თავს - აშშ-იდან შეიარაღების მოწოდება-არმოწოდების საკითხის გადაწყვეტამდე ეს თემა კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ მორიგ საინფორმაციო დარტყმად არ გამოიყენოს, რაც შესაძლოა, სამხედრო აგრესიის განახლების მიზეზი გახდეს.