მორიგი ტრაგედია ავღანეთში - კვირის პალიტრა

მორიგი ტრაგედია ავღანეთში

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროთა რიცხვმა 15-ს მიაღწია

ავღანეთის თემა საზოგადოებისთვის აქტუალური ისევ მორიგი ტრაგედიის შედეგად გახდა - წინა კვირას ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტროს მწირი ინფორმაციით, მათი მანქანა საბრძოლო ამოცანის შესრულებისას აფეთქდა.

დაჭრილებზე არაფერია ნათქვამი, არადა, მანქანის აფეთქებისას მასში მსხდომნი უეჭველად მიიღებდნენ სხვადასხვა სახის დაზიანებას, ესე იგი, დაჭრილებიც იქნებიან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ავღანეთში ჩვენი მებრძოლების ჯგუფი იღუპება - 2010 წლის 30 სექტემბერს ნაღმის აფეთქებას ქვეითი პატრულის ოთხი ქართველი სამხედრო შეეწირა.

ბოლო შემთხვევამ საზოგადოების ნაწილის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ის ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, "შუკვანის" ბაზაზე საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობას დაუკავშირდა (შეგახსენებთ, რომ ამ ბაზას ოფიცერ მუხრან შუკვანის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ ეწოდა). მუხრან შუკვანი პირველი ქართველი დაღუპული სამხედროა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს პირველი პირი საზღვარგარეთ მყოფ ქართულ სამხედრო კონტინგენტს ეწვია და მითქმა-მოთქმაც ვიზიტის თარიღმა გამოიწვია.

ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილმა მასმედიას განუცხდა, რომ სამი ქართველი სამხედრო შეიძლება არა 21, არამედ 20 თებერვალს დაიღუპა იმ საბრძოლო ოპერაციის დროს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილისთვის საჩვენებლად მოაწყვეს (თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ეს ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო).

ეს ძალზე სერიოზული განცხადებაა და მის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად დამატებითი ინფორმაციის მოძიებაა საჭირო, რაც, კაცმა რომ თქვას, არც ისე ძნელია.

მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში გასული წლის ნოემბერში გაიგზავნა და მას როტაცია ამა წლის აპრილში უწევს. სამშობლოში დაბრუნებულ სამხედროებს ყველაზე უკეთ ეცოდინებათ, იმყოფებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ბაზა "შუკვანზე" იმ რაიონში სამი ქართველი სამხედროს დაღუპვის დროს...

სამწუხაროდ, ქართული სამხედრო კონტინგენტის დანაკარგი იზრდება.

ჰილმენდის პროვინცია ყველაზე ცხელი წერტილია არა მარტო ავღანეთში, არამედ მთელ პლანეტაზე. ამაზე მეტყველებს ციფრებიც - 2001 წლიდან საერთაშორისო კოალიციამ ავღანეთში 3 ათასამდე სამხედრო დაკარგა, აქედან დაახლოებით 830 - ჰილმენდის პროვინციაში.

ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთის სხვა, შედარებით მშვიდ პროვინციაში რომ მსახურობდეს, ამდენი დაღუპული და დაჭრილი, ალბათ, არ გვეყოლებოდა.

მეორე ფაქტორი, რაც დანაკარგის მატებას განაპირობებს, თავად სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის  მუდმივი ზრდაა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში მისია ერთი გაძლიერებული ასეულით - 173 კაცით დაიწყო, ორიოდე წელში კი იქ გაგზავნილთა რიცხვმა 925-ს მიაღწია.

უახლოეს ხანში ავღანეთში კიდევ ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნაა დაგეგმილი, რის შემდეგ ქართველ სამხედროთა რაოდენობა 1700-ს მიაღწევს, ეს კი, სავარაუდოდ, დაჭრილთა და დაღუპულთა რიცხვსაც  გაზრდის.

"კვირის პალიტრა" თანაგრძნობას უცხადებს ავღანეთში დაღუპული ქართველი კაპრალების - ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძისა და პაატა კაჭარავას ოჯახებს.