საიდუმლო თავდასხმები... სწავლების მიზნით - კვირის პალიტრა

საიდუმლო თავდასხმები... სწავლების მიზნით

თბილისის ზღვაზე და ვაზიანში სავარაუდო მოწინააღმდეგემ ღამეული თავდასხმები განახორციელა...

დილით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განგაში გამოცხადდა. მოწინააღმდეგემ ვაზიანთან პარაშუტებით დესანტი გადმოსხა, რომელსაც ვაზიანის სამხედრო აეროდრომის დაპყრობა სურდა...

განგაშით წამოშლილი სახმელეთო ჯარების დანაყოფები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგის საჰაერო დესანტის ალყაში მოქცევა დაიწყეს, საბრძოლო МИ-24 ტიპის შვეულმფრენები მზად იყვნენ საჰაერო დარტყმებისთვის...

ეს ამ რამდენიმე დღის წინ ვაზიანში განხორციელებული სამხედრო სწავლების მიახლოებითი ლეგენდაა.

მანამდე კი, ორიოდე კვირით ადრე, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ანალოგიური ღამეული თავდასხმა მოხდა მართვის პუნქტზე...

ეს სწავლებები არ აფიშირდება და არც ტელევიზიით გადაიცემა, ჩვენ კი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეგვატყობინეს. ჩანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურობა ცდილობს, გაითამაშოს ის შესაძლო ვარიანტები, როგორც შეიძლება განმეორდეს მოვლენები სავარაუდო მოწინააღმდეგის შესაძლო თავდასხმისას.

თუ ვინ იგულისხმება "სავარაუდო მოწინააღმდეგეში", დიდი მიხვედრა არ სჭირდება. რა თქმა უნდა, რუსეთი, რომლის საოკუპაციო ჯარები თბილისიდან 40-ოდე კმ-ში დგანან.

რუსეთის არმია მუდმივად ატარებს სასწავლო-საბრძოლო სწავლებებს პარაშუტებით ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დესანტირებისთვის, ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, რომ არსებობდეს რეალური მოწინააღმდეგის საიერიშო-სადესანტო ბატალიონის მიერ ვაზიანისა თუ მარნეულის აეროდრომების ან სულაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკავების საფრთხე. ამის შემდეგ კი აეროდრომებზე დასხდებიან მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, საიდანაც დამატებითი ძალები და ტექნიკა გადმოიტვირთება.

ასევე რეალობასთან ახლოსაა მართვის პუნქტზე მოულოდნელი თავდასხმის შესაძლებლობაც, რამაც უნდა დაარღვიოს ქართული არმიის ოპერატიული მართვა.

ასეთი ტიპის სწავლებები თითქმის ყველა ქვეყნის არმიაში იმართება. მთავარია, მასში მონაწილე დანაყოფების მეთაურებმა წინასწარ არ იცოდნენ, თუ როდის გამოცხადდება განგაში და ოცეულები და ასეულები ჩაცმულ-აღჭურვილნი არ ელოდონ ბრძანებას, თორემ მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგება და ყველაფერი მხოლოდ თავის მოტყუება იქნება.