პენტაგონი რუსეთს მიუჩოჩდა... - კვირის პალიტრა

პენტაგონი რუსეთს მიუჩოჩდა...

ბულგარეთსა და რუმინეთში ამერიკული სამხედრო ბაზები გააძლიერებენ აშშ-ის პოზიციას შავ ზღვაში

პრეზიდენტი ობამა, წინამორბედ ბუშისგან განსხვავებით, კრემლთან "გადატვირთვის" პროგრამასა და დაახლოების პოლიტიკას იწყებს. თუმცა თეთრ სახლს არ ავიწყდება მთავარი სტრატეგიული გეგმის განხორციელება - ამერიკული სამხედრო ბაზები ევროპაში ნელ-ნელა აღმოსავლეთისკენ მიჩოჩავენ და რუსეთის საზღვრებს უახლოვდებიან.

ცოტა ხანში ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი წევრებისა და ამჟამად NATO-ს წევრი ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე თითო-თითო ამერიკული სამხედრო ბაზა გაიხსნება.

ბულგარეთში ამერიკული სამხედრო ბაზის მშენებლობა 60 მლნ დოლარი დაჯდება და 2011 წლისთვის იქ 2,5 ათასი სამხედრო განთავსდება.

მანამდე კი, სულ რაღაც ორ-სამ თვეში, პენტაგონი რუმინეთში დაასრულებს 40 მლნ დოლარის სამუშაოებს და ახალ ბაზაში 1,6 ათას ამერიკელ სამხედროს ჩააყენებს.

აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის მესამე პოზიციური რაიონის მშენებლობასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა დაპირისპირებამ თითქმის პიკს მიაღწია. თუმცა, საერთო ჯამში, რუმინეთსა და ბულგარეთში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება ბევრად მომგებიანია აშშ-ისა და მთლიანად NATO-სთვის, ვიდრე ყბადაღებული რადიოლოკატორი ჩეხეთში და 10 ანტირაკეტა პოლონეთში.

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს მომგებიანი შეიძლება გახდეს საქართველოსთვისაც, რადგან რუმინეთსა და ბულგარეთში ფეხის მოკიდებით პენტაგონი რეალურად შემოდის შავ ზღვაში.

რაღა დასამალია, რომ მიუხედავად NATO-ს წევრობისა, მეზობელი თურქეთი ყველანაირად ეწინააღმდეგება აშშ-ის გაძლიერებას შავი ზღვის აკვატორიაში. ამ მხრივ თურქეთ-რუსეთის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

თუკი აშშ დამკვიდრდება შავი ზღვისპირა ბულგარეთსა და რუმინეთში, ეს შეიძლება საქართველოსთვის ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიაც გახდეს. რუსეთს შეუძლია შეეწინააღმდეგოს ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნას რუმინეთსა და ბულგარეთში, თუკი კრემლი ამ ქვეყნებიდან მოითხოვს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულების შესრულებას.

მაგრამ 2007 წლის ბოლოს თავად მოსკოვმა გამოაცხადა მორატორიუმი ამ ხელშეკრულების შესრულებაზე.

დღეს კრემლმა კიდევაც რომ მოხსნას ეს მორატორიუმი, ევროპის ქვეყნები რუსეთს ულტიმატუმის სახით შემდეგ მოთხოვნას წაუყენებენ - გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, რაც პირდაპირ არღვევს ზემოხსენებული ხელშეკრულების ადაპტირებულ ვარიანტს.

მოსკოვი აცხადებს, რომ მან უკვე გაიყვანა ჯარები საქართველოდან (გულისხმობს გორიდან და ფოთიდან მათ გაყვანას), ხოლო აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან, რომელთანაც რუსეთმა დადო 49 და 99-წლიანი (შესაბამისად) ხელშეკრულებები იქ რუსული სამხედრო დანაყოფების ყოფნისა...

აშშ და NATO-ს წევრი ქვეყნები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არც ცნობენ სეპარატისტული რეჟიმების დამოუკიდებლობას.

აქედან გამომდინარე, რუსეთი ვერ შეძლებს ხელი შეუშალოს აშშ-ს რუმინეთსა და ბულგარეთში სამხედრო ბაზების მშენებლობაში და ეს ყველაფერი ისევ ჩვენი ქვეყნის ერთგვარ ხარჯზე გაკეთდება...

ერთადერთი იმედი ის არის, რომ ბულგარეთსა და რუმინეთში ფეხმოკიდებული პენტაგონი საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის უსაფრთხოებაზე დაიწყებს ზრუნვას და ფოთსა თუ ბათუმში დიდ რუსულ სადესანტო ხომალდებს მაინც არ შეუშვებს...