"პუმა" თბილისის თავზე - კვირის პალიტრა

"პუმა" თბილისის თავზე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვინც მიფრინავს ან მოფრინავს, თუ არ დაეზარება და ილუმინატორიდან აეროპორტის ჩრდილოეთ მხარეს - ალექსეევკის სამხედრო-საჰაერო ბაზის სადგომს დააკვირდება, აღმოაჩენს განსხვავებული ფორმის შვეულმფრენს, რომელიც არც საბჭოთა წარმოების Ми-24-ებსა და Ми-8-ებს ჰგავს და არც ამერიკულ "იროკეზებს".

ეს ფრანგული წარმოების Puma-ს ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენია. ის კამუფლირებული ფერებით ჯერ  არ არის შეღებილი, რადგან თავდაცვის სამინისტრომ ახლახან შეიძინა.

2010 წლის 14 ივნისის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში - "რატომ ყიდულობენ ფრანგულ "სუპერპუმებს" - ვწერდით, რომ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ქართული საშვეულმფრენო პარკის გადახალისებისა და ორი ფრანგული "სუპერპუმის" შესყიდვის შესახებ განაცხადა.

წელიწად-ნახევრის შემდეგ თბილისის აეროპორტში პირველი ფრანგული შვეულმფრენი ჩამოიტანეს და ალექსეევკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ააწყვეს, თუმცა იგი არა "სუპერპუმა", არამედ ჩვეულებრივი "პუმა" აღმოჩნდა.

ცნობილი ფრანგული საავიაციო კონცერნი "აეროსპასიალი" SA330 Pუმა-ს ტიპის საშუალო სატრანსპორტო შვეულმფრენებს 1968-1987 წლებში აწარმოებდა და 697 "პუმა" გამოუშვა.

ეს შვეულმფრენები საფრანგეთის გარდა, არის დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის შეიარაღებაშიც, "პუმას" სამოქალაქო ვარიანტები კი მთელ მსოფლიოში დაფრინავს.

თბილისში ჩამოტანილ "პუმას" ახალი ნამდვილად არ ეთქმის, რაზეც მის სალონში დამონტაჟებული შედარებით კომფორტული, მაგრამ მოძველებული სკამებიც მეტყველებს. სავარაუდოდ, ფრანგულ შვეულმფრენს თავდაცვის სამინისტრო VIP-პერსონების (შეიძლება პრეზიდენტისაც კი) გადასაყვანად გამოიყენებს, რისთვისაც სალონს განაახლებს.

დაგეგმილია მეორე შვეულმფრენის ჩამოყვანაც და იმედია, ის მაინც აღმოჩნდება "სუპერპუმა". სხვაგვარად "პუმების" შეძენა ქართული საშვეულმფრენო პარკის განახლებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

საქმე ის არის, რომ ფრანგული SA 300 Pუმა ბევრით ვერაფრით სჯობს საბჭოთა Ми-8Т-ებს, ხოლო მოდერნიზებულ Ми-8МТ-ებს ნამდვილად ჩამოუვარდება თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით.

უფრო უპრიანი იქნება შვეულმფრენების პარკის განახლება Ми-8МТ-ის ახალი მოდელებით (თუნდაც იმიტომ, რომ ქართველ პილოტებსა და ტექნიკურ პერსონალს ის კარგად აქვთ ათვისებული), მაგრამ დღეს უშუალოდ ულან-უდეს საავიაციო ქარხანაში ახალი რუსული შვეულმფრენების შეძენა, რასაკვირველია, წარმოუდგენელია.

Ми-8МТ-ებმა მაღალმთიან ქვეყნებში ექსპლოატაციისას კარგი შეფასება მიიღეს (რის გამოც თავად აშშ ავღანეთის არმიისათვის რუსეთში ყიდულობს ამ ტიპის შვეულმფრენებს), რისი თქმაც მოძველებულ ფრანგულ "პუმაზე" გაგვიჭირდება, არადა მთები არც საქართველოს აკლია...