პენტაგონის რჩევა, რომელიც მიიჩქმალა? - კვირის პალიტრა

პენტაგონის რჩევა, რომელიც მიიჩქმალა?

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის გამოსვლა  ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტების წინაშე თავდაცვის სამინისტრომ ჯეროვნად არ გააშუქა, რატომ?

თებერვლის ბოლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე დოქტორი სელესტ უოლანდერი ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებსა და ოფიცრებს შეხვდა, მაგრამ მისი გამოსვლის ტექსტი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არ დევს, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით დაბალი რანგის სტუმრების გამოსვლები ფართოდ შუქდება.

სამაგიეროდ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ მასმედიას მიაწოდა დოქტორ უოლანდერის გამოსვლის სრული ტექსტი, რომლის დეტალურად გაცნობის შემდეგ გასაგებია, რატომ არ გამოაქვეყნა ეს მასალა თავდაცვის სამინისტრომ.

პენტაგონის წარმომადგენელმა მომავალ ქართველ ოფიცრებს განუცხადა: "...ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაბიჯი, რომელიც შეგიძლიათ გადადგათ, არის იმის ცალსახად ჩვენება, რომ ზუსტად გესმით და შეგიძლიათ ჯარისთვის შესაფერისი როლის შესრულება დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სახის იარაღის ან სამხედრო აღჭურვილობის შეძენა, საბრძოლო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანდა თავსებადობა ნებისმიერ კოალიციურ ძალასთან. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტი გამოცდის ჩასაბარებლად ქართულმა ჯარმა უნდა აჩვენოს, რომ კარგად ესმის, რა როლი აკისრია სრულფასოვანი დემოკრატიის მქონე ევროპულ საქართველოში".

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე მკაფიოდ ჩამოთვლის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც დემოკრატიული ქვეყნის ჯარმა უნდა დააკმაყოფილოს: "ჯარი უნდა იყოს არა მხოლოდ კარგად გაწვრთნილი და დისციპლინირებული ამ ამოცანების გადასაწყვეტად, არამედ დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და არ დაუჭიროს მხარი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს".

სავარაუდოდ, სწორედ ეს მინიშნებები იყო მიზეზი, რომ მისი გამოსვლა ფართოდ არ გააშუქეს არც ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ტელეკომპანიებმა და არც თავად სამხედრო უწყებამ.

მით უმეტეს, რომ დოქტორმა უოლანდერმა ხაზგასმით აღნიშნა: "სამხედრო უწყება არა მარტო აპოლიტიკური უნდა იყოს, არამედ ყველა თვალნათლივ უნდა ხედავდეს, რომ ის აპოლიტიკურია. სხვა შემთხვევაში ხალხისა და სხვათა თვალში სამხედრო უწყება დაკარგავს ლეგიტიმურობას".