გაყიდული და ჩამოსაყრელად განწირული "ჰერმესები"?! - კვირის პალიტრა

გაყიდული და ჩამოსაყრელად განწირული "ჰერმესები"?!

პორტალმა Wikileaks-მა ინტერნეტში მორიგი საიდუმლო  ფაილების განთავსება დაიწყო. ამჯერად ეს ინფორმაცია ჰაკერებმა კერძო ამერიკული სადაზვერვო კომპანია Stratfor-ის კომპიუტერული ბანკის გატეხის შედეგად მოიპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Stratfor-ის ერთ-ერთი თანამშრომელი 2009 წლის 26 თებერვლით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში წერს, რომ როგორც მათმა საინფორმაციო წყარომ (ყოფილმა მექსიკელმა პოლიციელმა, რომელიც ლათინური ამერიკის შესახებ სამხედრო-ანალიტიკურ სტატიებს წერდა) განაცხადა: "ქართველები გაშმაგებული ეძებენ ისრაელის უპილოტოების შემცვლელებს და ამ მიზნით 2008 წლის ივნისში მიმართეს მექსიკურ ფირმა IDRA-ს, რომელიც უპილოტო თვითმფრინავებს უშვებს."

ამავე ინფორმატორის განცხადებით (არადა Stratfor-ში ეს ინფორმატორი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა), მან თავისი კოლეგისაგან შეიტყო, რომ 2008 წლის გაზაფხულზე რუსეთი და ისრაელი  საიდუმლოდ შეთანხმდნენ და ერთმანეთს კოდები გაუცვალეს - რუსეთმა ისრაელს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - Top-M1-ების კოდები გადასცა (29 ერთეული ასეთი საზენიტო დანადგარი მოსკოვმა თეირანს 2006 წლის ბოლოს მიჰყიდა), ისრაელმა კი რუსეთს იმ უპილოტო სადაზვერვო Hermes-450 ტიპის თვითმფრინავების საიდუმლო კოდები გაუმჟღავნა, რომლებიც თავის დროზე საქართველოს მიჰყიდა.

მექსიკელი ინფორმატორის ცნობით, ამ კოდების გახსნის შემდეგ რუსებს გაუადვილდათ ქართული უპილოტოების ჩამოყრა და ქართველები გამალებული ცდილობდნენ, ნებისმიერ ფასად შეეძინათ ახალი უპილოტოები, რადგან ომის დაწყებას ელოდნენ.

ინფორმაცია მართლაც ძალიან საინტერესოა და შეიძლება ახსნას, რატომ ჩამოგვიყარეს რუსებმა ერთმანეთის მიყოლებით სამი უპილოტო "ჰერმესი" აფხაზეთის თავზე 2008 წლის გაზაფხულ-ზაფხულში.

თუმცა, მეორე მხრივ, ცოტა გაუგებარია, რა კოდების გადაცემაზეა ლაპარაკი. საქმე ის არის, რომ Hermes 450-ის ავტოპილოტი ფრენის მთელი მარშრუტის განმავლობაში ავტონომიური რეჟიმით მუშაობს და GPS სისტემით დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან იმართება. ოპერატორი ჯოისტიკით დისტანციურად მხოლოდ აფრენა-დაფრენის პროცესს არეგულირებს.

შეიძლება გახსნილ კოდებში იგულისხმებოდეს რადიოსიხშირეები, რომლებზეც GPS სიგნალი გადაიცემა. ამ კითხვების პასუხი თავდაცვის სამინისტროს იმ დანაყოფის ოფიცრებს ეცოდინებათ, რომლებიც დღემდე ექსპლოატაციას უწევენ ისრაელისგან ნაყიდ უპილოტო "ჰერმესს".

თუკი შორეული მექსიკიდან მოსული ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ გასაგებია, რატომ არ გადაუხადა უპილოტოების ფული სრულად ისრაელის ფირმა "ელბიტს" საქართველოს ხელისუფლებამ და რატომ დასდო მათ ბრალი კონტრაქტის გარკვეული პირობების დარღვევაში.

ჯერ კიდევ 2009 წლის 1-ლი სექტემბრის "კვირის პალიტრის" სტატიაში - "თქვენ თეირანს არ მისცეთ C-300-ები, ჩვენ თბილისს Spyder-ებს არ მივყიდით" - ვწერდით, რომ სოჭში შეხვედრისას რუსეთისა და ისრაელის პრეზიდენტები დმიტრი მედვედევი და შიმონ პერესი შეთანხმდნენ, ირანისა და საქართველოსთვის საზენიტო სისტემები აღარ მიეწოდებინათ.

ეს ასეც მოხდა, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ 2008 წლის გაზაფხულზე, შესაძლოა, მართლაც შედგა საიდუმლო გარიგება მოსკოვსა და თელ-ავივს შორის, რამაც ქართული "ჰერმესების" ერთმანეთის მიყოლებით ჩამოყრა გამოიწვია.

ეს უკვე ისტორიაა, ჩვენთვის მწარედ მოსაგონარი, მაგრამ ირანს ჯერ ყველაფერი წინ აქვს. შეიძლება თეირანს სულ ტყუილად აქვს იმედი რუსული "ტორებისა", რომლებიც ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს იცავს, რადგან მათი მიზნის აღმომჩენი რადიოლოკაციური სადგურებისა და საზენიტო რაკეტების მართვის რადიოსიხშირეები და სხვა საიდუმლო მონაცემები მოსკოვმა ისრაელის საბრძოლო ავიაციის პილოტებს დიდი ხანია, გაუმჟღავნა(?!).