აშშ ისრაელს ირანზე თავდასხმის გადადებას ურჩევს - კვირის პალიტრა

აშშ ისრაელს ირანზე თავდასხმის გადადებას ურჩევს

ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები და საჰაერო ტანკერები ირანის დაბომბვის 2013 წლამდე გადადებისთვის...

მარტის დასაწყისში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ისრაელის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, რომლებიც პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეხვდნენ.

თითქოს, ამ შეხვედრებზე უნდა გადაწყვეტილიყო, აშშ მხარში ამოუდგება თუ არა ისრაელს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში.

როგორც ჩანს, ისრაელმა ასეთი ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ მიიღო, უფრო მეტიც - თეთრი სახლი ისრაელის ხელისუფლებას ურჩევს, ძალისმიერი მეთოდების გამოყენება 2013 წლამდე გადადოს, რადგან მანამდე შეიძლება ირანზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა შედეგი გამოიღოს და საქმე ომამდე არც მივიდეს.

ამასთან, აშშ ისრაელს ირანზე თავდასხმის გადადების სანაცვლოდ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებისა და საჰაერო ტანკერების გადაცემას ჰპირდება, რომელთა გარეშეც ისრაელის საჰაერო დარტყმები არაეფექტური იქნება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა არ მალავს, რომ პენტაგონის გარეშე ისრაელი სასურველ მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან მხოლოდ ახალ ამერიკულ "სუპერბომბს" - 13,5-ტონიან ბუნკერსაწინააღმდეგო მართვად ბომბს ძალუძს 65 მ-ის სიღრმეზე ჩაღწევა და იქ ბუნკერის განადგურება.

ამ მასის ბომბის წამღები საბრძოლო თვითმფრინავი კი ისრაელს შეიარაღებაში არ აქვს; ის ასევე განიცდის  საჰაერო ტანკერების სიმცირეს, არადა, მათ გარეშე ისრაელის დამრტყმელ თვითმფრინავებს ისრაელიდან ირანის ბირთვულ ობიექტებამდე მისაღწევად საწვავი არ ეყოფათ.

ასეა თუ ისე, ისრაელი რეალურად დამოკიდებულია აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, რომლის გარეშე ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე ისრაელის საჰაერო თავდასხმა არაეფექტური იქნება და გამოიწვევს ირანის საპასუხო მოქმედებას ისრაელის ქალაქებისკენ ბალისტიკური რაკეტების გაშვების ჩათვლითაც კი.

ისრაელის ხელისუფლება, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თვლის, რომ ვაშინგტონის პოზიცია - თეირანს ეკონომიკური სანქციებით ათქმევინოს უარი ბირთვულ ამბიციებზე, დროის კარგვაა და ეს ირანს საშუალებას მისცემს, ბირთვული იარაღის შექმნა მოასწროს.

იქმნება შეკრული წრე - ისრაელს სურს, რაც შეიძლება მალე გაანადგუროს ირანის ბირთვული ობიექტები, მაგრამ აშშ-ის სერიოზული სამხედრო დახმარების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს. თავის მხრივ, ოფიციალური ვაშინგტონი ცდილობს, რაც შეიძლება მეტხანს გადადოს ირანზე თავდასხმა, რადგან ავღანეთის საომარ კამპანიაში ჩაფლულს ახალ ომში ჩარევა არ სურს, არადა, თუკი ირანის ტერიტორიაზე საჰაერო ოპერაცია სახმელეთოში გადაიზარდა, ისრაელსაც და აშშ-საც მეტი პრობლემა ელოდებათ, ვიდრე ერაყსა თუ ავღანეთში ჰქონდათ, რადგან ირანის შეიარაღებული ძალების სახმელეთო კომპონენტი ყველაზე ბრძოლისუნარიანია.