"გრად-კრაზი" ქართულად - მითი და სინამდვილე - კვირის პალიტრა

"გრად-კრაზი" ქართულად - მითი და სინამდვილე

ვაზიანში დემონსტრირებული საარტილერიო დანადგარი უკრაინულ "კრაზზე" დამონტაჟებული საბჭოთა "გრადია", რომელსაც თბილისში შედუღებული ჯავშანკაბინა აქვს...

ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკის" დემონსტრირებიდან ერთი კვირის შემდეგ ვაზიანის პოლიგონზე ახალი ქართული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გამოჩნდა, რამაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიღწევებზე აალაპარაკა, ნაწილმა კი ეს ხელისუფლების მორიგ პიარად ჩათვალა.

მკითხველს, ცხადია, აინტერესებს, სინამდვილეში რას წარმოადგენს ვაზიანში ნაჩვენები საარტილერიო დანადგარი.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ეს დანადგარი უკრაინული წარმოების КрАЗ-6322 ტიპის სატვირთო ავტომობილების ბაზაზეა შექმნილი. ეს სატვირთო "კრაზები" საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ იყიდა უკრაინაში და მათ აგვისტოს ომშიც მიიღეს მონაწილეობა (ომში რამდენიმე მათგანი დაიწვა, რამდენიმე კი მოწინააღმდეგემ ალაფის სახით წაიღო).

"კრაზის" შასის მოძებნა არ გაძნელდებოდა, ისევე, როგორც მასზე დამონტაჟებული უმართავი რაკეტების გასაშვები 40-ლულიანი პაკეტისა, რომელიც საბჭოთა წარმოების БМ-21 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან არის მოხსნილი (ასეთი "გრადები" ქართული არმიის შეიარაღებაშია 1992 წლის ზაფხულიდან).

პრეზენტირებული საარტილერიო დანადგარის ნოუ-ჰაუს შეჯავშული კაბინა წარმოადგენს, რომელშიც საბრძოლო გათვლის ხუთივე წევრი დაცულია ტყვიებისა და აფეთქებული ჭურვებისა თუ ბომბების ნამსხვრევებისგან (თუმცა მნიშვნელოვანია, რა მანძილზე მოხდება აფეთქება).

დაცული საბრძოლო გათვლა, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან საბჭოთა "გრადის" -  "ურალის" კაბინა სრულიად დაუცველი იყო. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეჯავშნულმა კაბინამ მნიშვნელოვნად გაზარდა დანადგარის მასა და შესაბამისად, შეამცირა მისი მობილურობა. საბრძოლო მდგომარეობაში "გრადი" 13,7 ტონას იწონის, ახალი ქართული საარტილერიო დანადგარის მასა კი ბევრად მეტი იქნება.

სხვათა შორის, თავდაცვის სამინისტროს საიტზე ამ დანადგარის თითქმის ყველა ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემია განთავსებული, გარდა მასისა, რაც, ჩვენი აზრით, შემთხვევითი არ უნდა იყოს.

გაკვირვებას იწვევს რამდენიმე გამოქვეყნებული მონაცემი. მაგალითად, ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ დანადგარს 40-დან 80-მდე მიმმართველი აქვს და რაკეტის ტიპიდან გამომდინარე, სროლის მაქსიმალური სიშორე 40კმ-ს აღწევს. სინამდვილეში დანადგარზე მხოლოდ 40-მიმმართველიანი პაკეტია დამონტაჟებული. რუსეთმა ბოლო წლებში მართლაც შექმნა 40კმ-მდე მფრენი 122 მმ-იანი "გრადის" რაკეტები, მაგრამ ამჟამად მათი ყიდვა ქართული არმიისთვის წარმოუდგენელია, ძველი ტიპის რაკეტები კი მხოლოდ 21კმ-მდე მიფრინავენ.

ასევე საკამათოა თავდაცვის სამინისტროს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გამოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს."

ვიდეოკადრებში კარგად ჩანდა, რომ საარტილერიო დანადგარზე ისევ მოძველებული "გრადის" დასამიზნებელი ოპტიკური მოწყობილობაა დამონტაჟებული, რაც შეუძლებელს ხდის რაკეტების დამიზნებით გასროლას საბრძოლო გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად, თუმცა კაბინაში თანამედროვე აპარატურის დამონტაჟების შემდეგ ეს, ალბათ, შესაძლებელი იქნება; მაგალითად, ისრაელში ნაყიდი LAR-160-ებისა და "გრად-ლარების" ზალპი მის გათვლას "მერსედესის" კაბინიდან გადმოუსვლელად მართლაც შეუძლია.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები არ გამოირჩევა სროლის დიდი სიზუსტით (თუკი რაკეტები დამიზნების ძვირად ღირებული სისტემებით არ არის აღჭურვილი) და ისინი, ძირითადად, დიდ სივრცეზე  გაშლილი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად გამოიყენება. შესაბამისად, დიდია რაკეტების ხარჯიც, რის გამოც ლოგიკურია, დაიწყოს ამ რაკეტების წარმოება.

ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველი სპეციალისტები მალე ამ რაკეტებისთვის თხევად საწვავსაც შექმნიან და რაკეტების სერიულ წარმოებას წინ აღარაფერი დაუდგება. სავარაუდოდ, პრეზიდენტმა მექანიკური შეცდომა დაუშვა; მას, როგორც ჩანს, თხევადის ნაცვლად მყარი საწვავი უნდა ეხსენებინა - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაკეტებში ხომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ მყარ საწვავს იყენებენ, რადგან ის უფრო პრაქტიკული, უსაფრთხო და ეფექტიანია. თუ პრეზიდენტს შეცდომა არ დაუშვია და მას მართლაც არწმუნებენ, რომ სარაკეტო თხევად საწვავს ქმნიან, მაშინ საქმე მთლად კარგად ვერ უნდა იყოს.

ერთ გარემოებას გვინდა გავუსვათ ხაზი: ჯავშანმანქანა "დიდგორების" ვარიანტები, ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკა" და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - თავდაცვითი დანიშნულების იარაღი არ არის და ისინი უფრო შეტევისთვისაა განკუთვნილი.

არადა, საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს -  სწორედ თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღების მიწოდებას სთხოვს, რაც ლოგიკურია, რადგან რუსული სამხედრო აგრესიის განახლება გამორიცხული არ არის.

ამიტომ ხომ არ აჯობებდა, ხელისუფლებასაც და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსაც უფრო მეტი ყურადღება თავდაცვითი იარაღის შექმნასა და მის სერიულ გამოშვებაზე - თუნდაც ხელის და დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებისა და მობილური საზენიტო დანადგარების - დამზადებაზე გაემახვილებინა?

P.S.  უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ქართული უპილოტო თვითმფრინავისა და ტანკის პრეზენტაციასაც უნდა ველოდოთ...

პრეზიდენტი ადასტურებს?

3 მარტს ვაზიანის პოლიგონზე, როდესაც ეროვნული შეიარაღების სახეობების შექმნასა და წარმოებაზე ლაპარაკობდა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საინტერესო რამ თქვა: - "აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაც არ მოგატყუებს, ვიღაცამ სხვას არ გაუზიაროს ინფორმაცია, ვიღაცამ გადამწყვეტ მომენტში უარი არ გითხრას".

"ვიღაცამ სხვას არ გაუზიაროს ინფორმაცია" - პრეზიდენტის ნათქვამმა ამ ფრაზამ მკითხველს ძალაუნებურად შეიძლება გაახსენოს ბოლოდროინდელი სკანდალი, როდესაც "ვიკილიკსის" გაშიფრულ საიდუმლო ტექსტებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ისრაელმა რუსეთს იმ უპილოტო "ჰერმესების" კოდები მიაწოდა, რომლებიც მალევე აფხაზეთის თავზე ჩამოგვიყარეს...