რუსული "ალიგატორის" პირველი კატასტროფა - კვირის პალიტრა

რუსული "ალიგატორის" პირველი კატასტროფა

12 მარტს რუსეთში, ტვერის ოლქში, კატასტროფა განიცადა ყველაზე თანამედროვე რუსულმა საბრძოლო შვეულმფრენმა Ка-52 Аллигатор-მა.

ეს ფაქტი შეიძლებოდა ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო არ ყოფილიყო, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მარტის პირველი რიცხვებიდან სწორედ ასეთი "ალიგატორებისთვის" დაიწყეს იმ პილოტების მომზადება, რომლებსაც მთაგორიან რელიეფზე და შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლველადაც ამზადებენ.

საქმე ის არის, რომ კრასნოდარის მხარეში მდებარე კორენოვსკის საჰაერო ბაზა მალე მიიღებს "ალიგატორების" პირველ პარტიას და ეკიპაჟები მათი საბრძოლო შესაძლებლობების ასათვისებლად ტორჟოკში, რუსეთის არმიის მფრინავთა სწავლებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრში გაგზავნეს.

კორენოვსკის საჰაერო ბაზა საქართველოს საზღვრიდან 215 კმ-ით არის დაშორებული, თუმცა ეს არ არის მთავარი. რუსეთი 2012 წლისთვის რამდენიმე ათეული "ალიგატორის" შესყიდვას აპირებს, რომელთა უმეტესობა სამხრეთის სამხედრო ოლქში, კერძოდ კი საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან განთავსდება, საიდანაც ისინი დროდადრო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც გადმოფრინდებიან.

მაშინ, როცა რუსეთს უკვე ჰყავს შედარებით ახალი Ми-28Н "ღამის მონადირე" და მოდერნიზებული Ми-35М ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენები, Ка-52 "ალიგატორით" საქართველოსთვის დამუქრება ბევრს არაფერს შეცვლის. თუმცა "ალიგატორს", მათგან განსხვავებით, საშვეულმფრენო ჯგუფის მოქმედების კოორდინაცია და მათთვის სამიზნეების მონიშვნა შეუძლია. რუსი გენერლები არ მალავენ, თუ როგორ აპირებენ მთაგორიან რაიონში ღამით "ალიგატორის" ეფექტურად გამოყენებას - რუსი მედესანტეებით სავსე სატრანსპორტო-მოიერიშე შვეულმფრენების - МИ-8АМТШ-ების ჯგუფს სწორედ ყველაზე თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურით აღჭურვილი "ალიგატორი" გაუძღვება და მას დასახული სადაზვერვო-სადივერსიო ამოცანის შესასრულებელ ადგილამდე მიიყვანს.

მთაგორიანი რელიეფის პირობებში დაბალ სიმაღლეზე, ხეობების გაყოლებით მფრენი შვეულმფრენების დროული აღმოჩენა რადიოლოკატორებით თითქმის შეუძლებელია, მათი დანახვა და იდენტიფიცირებაც ღამით ძალიან რთულია, ამიტომ ჩვენთვის სულერთი არ უნდა იყოს, როდის ჩადგება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უახლოესი რუსული "ალიგატორი" და აითვისებენ თუ არა სწრაფად და სრულყოფილად მის საბრძოლო შესაძლებლობებს რუსი პილოტები.

ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება, თუ რამ გამოიწვია უახლესი რუსული საბრძოლო შვეულმფრენის კატასტროფა, თუმცა წინასწარი მონაცემებით, შეიძლება მისი მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო. 200 მ სიმაღლეზე 150 კმ/სთ სიჩქარით მფრენი "ალიგატორის" ეკიპაჟმა ძლიერი თოვისა და სიბნელის გამო, სავარაუდოდ, ორიენტაცია დაკარგა და მიწას დაენარცხა.

ისე კი, საინტერესოა - თუკი ასე ნაქებ "ალიგატორს" ღამით რუსეთის გაშლილ ველებზე უჭირს ფრენა, როგორ აპირებენ მისი მფრინავები ღამღამობით ქართულ მთებში "გამონავარდებას"?